
საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით „ფაქტობრივად“ კარანტინი და კომენდატის საათი დაწესდა. პრემიერმა გიორგი გახარიამ ამის შეასხებ მოსახლეობას სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ამცნო. პრემიერ-მინისტრმა კარანტინის პირობებში სავალდებულო შეზღუდვები განმარტა და მოსახლეობას აუხსნა კარანტინის ამოქმედების შემდეგ რა შეზღუდვები დაწესდა.
„ვაცხადებთ ფაქტობრივად, ხაზგასმით აღვნიშნავ - ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან დაიწყება,“ - ამბობს პრემიერი.
ამის შემდეგ ის განმარტავს რას ნიშნავს კარანტინი:
31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის იკრძალება.
დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა. თუმცა აქაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის დაცვით. მანქანაში მხოლოდ 3 ადამიანი უნდა იჯდეს – მძღოლი და ორი ადამიანი უკანა სავარძელზე.
მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით. ასევე , იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2–მეტრიანი სოციალური დისტანცია.
ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული.
კარანტინის პირობებში აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
ხოლო თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათ მიმართ ვალდებულება აქვთ, რომ დაეხმარონ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები, აგრეთვე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.
პრემიერმა კარანტინის პარალელურად ქვეყანაში კომენდატის საათი დააწესა.
„21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი“, - ამბობს გახარია.
კომენდანტის საათის დროს გადაადგილება სპეციალური საშვების მეშვეობით იქნება დასაშვები გამონაკლისისი წესით. ეს შეიძლება იყოს როგორც მედიის წარმომადგენლებისთვის, ასევე იმ პირებისთვის, რომელთა გადაადგილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის აუცილებელია. საშვებით იმოძრავებენ ისინიც, რომლებიც სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქებს ამარაგებენ. თუმცა კომენდატის საათის დროს, აფთიაქის გარდა, ღია არცერთი სხვა დაწესებულება თუ მაღაზია არ უნდა იყოს.
პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შს და თავდაცვის სამინისტროები.
პრემიერი ამბობს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ასევე მთავრობის ცხელი ხაზი შეიქმნება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხის თაობაზე კოორდინაციას გაუწევს. პრემიერის თქმით, ცხელ ხაზზე ასევე, მომსახურებას გაუწევენ იმ საწარმოებსა და სპეციალურ დაწესებულებებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.
„ შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება უფასო და სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას. ეს იქნებ ის ხაზი, სადაც ჩვენ გვექნება პირდაპირი კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან“, - ამბობს პრემიერი.
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან“ საუბრობს, რა განსხვავებაა საყოველთაო კარანტინსა და ახლანდელ კარანტინს შორის, რომელიც პრემიერმა გახარიამ გამოაცხადა. მისი თქმით, საყოველთაო კარანტინი, გასაგები ენით რომ ავხსნათ, შინა პატიმრობას ნიშნავს. ანუ როდესაც ხელისუფლება ეპიდემიის პირობებში მოსახლეობას სახლიდან საერთოდ გამოსვლის უფლებას არ აძლევს. საქართველოში ტოტალური კარანტინი შეუძლებელია, რადგანაც მოსახლეობას ელემენტარულად საკვები სჭირდება და ამისთვის მაღაზიაში უნდა გავიდეს.
„ასევე, ქვეყანა რომ ეკონომიკურად არ ჩამოიშალოს, ამისთვის გარკვეულმა დაწესებულებებმა უნდა იფუნქციონიროს. მკაცრი ზომების დაწესება ჩვენმა ქცევამ განაპირობა, ანუ მოსახლეობას ვგულისხმობ. სეირნობები და მასობრივი თავშეყრა არ შეწყდა და ამიტომაც იძულებული გახდა ხელისუფლება, რომ ზომები გაემკაცრებინა. ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და კულტურა არ აღმოაჩნდა, რომ ამ ზომამდე არ მივსულიყავით. როდესაც სამოქალაქო კულტურა არაადეკვატურია, მაშინ პასუხისმგებლობას მთავრობა იღებს.“
მისივე თქმით, ქვეყნისთვის საკმაოდ რთული პერიოდი დაიწყება. შენელებულ აქტივობას გამკაცრებული ზომების პირობებში კიდევ უფრო ბევრი უმუშევარი დაემატება. საშემოსავლოს არგადახდა კი ბიუჯეტს დააწვება. პრაქტიკულად მთავრობა მხოლოდ საჯარო სექტორში დასაქმებული პირების საშემოსავლოდან გენერირებულ თანხაზე იქნება დამოკიდებული.
„სამწუხაროდ ამ კარანტინის პირობებში ხელისუფლებას ხელფასების გადახედვაც მოუწევს იმ პირებისთვის, ვინც საჯარო სექტორში დასაქმებულები არიან. ასევე ბიუროკრატიის დაპატარავების კუთხითაც გარკვეული ცვლილებები უნდა შეიტანოს. ფაქტია, რომ ამ ყველაფერმა ბიზნეს სექტორის აქტივობაზე გავლენა იქონია. საქართველო სამწუხაროდ ამ ვითარებიდან მძიმე სოციალური მდგომარეობით გამოვა. საშუალო ფენა სამწუხაროდ აღარ იარსებებს.
რაც შეეხება კომენდატის საათს და იმას ეს ვის არ შეეხება. ეს მთავრობაზე იქნება დამოკიდებული, სადაც გამონაკლისებს და გამონაკლისის წესებს დაუშვებს. ჯერჯერობით რადგანაც დოკუმენტი არ გვაქვს, შეგვიძლაი თეორიულად ვიმსჯელოთ. რადგან გამოხატვის თავისუფლება ამ კარანტინის პირობებში შეზღუდული არ არის, შესაძალებელია მედიის წარმომადგენლებისთვის გამონაკლისები დაწესდეს”,-აცხადებს ალაფიშვილი “რეზონანსთან“.