
ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი, ჯრუჭის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც მდებარეობს საჩხერეში, ჯრუჭულის ხეობაში, მე-10 საუკუნით თარიღდება. ტაძარის კედელზე დღესაც შემორჩენილია წმინდა გიორგის ბარელიეფი, რომელზედაც გამოსახულია ორი წმინდა გიორგი, პირით ერთმანრეთისკენ. ერთი ებრძვის გველეშაპს, მეორე ბიზანტიის იმპერატორ დიოკლეტიანეს. ამ უნიკალურ ბარელიეფს მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.
ჯრუჭის მონასტერის კვლევაში დიდი წვლილი მიუძღვის ექვთიმე თაყაიშვილს, რომელმაც 1919 წელს მოინახულა მონასტერი და აღწერა იქ დაცული უნიკალური ხატები, საეკლესიო ნივთები, ხელნაწერები და სიგელ-გურჯები, ასევე ცნობილი ჯრუჭის სახარება თხთავი, რომელიც ქართული კალიგრაფიის უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს და პალავრაში გადაწერილი "წმინდა იოანე ოქროპირის ცხოვრება".
ტაძარში ინახებოდა წმინდა გიორგის ნაწილები, რომლებიც დღეს თბილისის სამების ტაძარშია დასვენებული. ტაძრის მშვენება იყო ვერცხლით შეჭედილი და ძვირფასი ქვებით შემკული, ფირუზის ჯვრიანი წმინდა გიორგის დიდი ხატი, რომელზედაც ეწერა "წმინდა გიორგის სისხლის ნაწილი". ასევე წმინდა დიმიტრის მინანქრის ხატი ძელიჭეშმარიტის ნაწილებით.
ჯრუჭის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც 1775 წელს შეიქმნა, მოჭედილია ვერცხლით. ხატზე გამოსახულია ღვთისმშობელი "გზისმაჩვენებელი", რომელსაც ხელში უზის ყრმა მაცხოვარი. ხელის მტევანი მიმართული აქვს მაცხოვრისკენ, თავი კი დახრილი აქვს ყრმისკენ. აცვია სტოლი და მაფორიუმი. მაცხოვრის შარავანდედში ჩასმულია ჯვარი. ჯრუჭის ღვთისმშობლის ხატის ჭედურობაზე გამოსახულია "აყვავებული ვაზი". ხატის ზურგზე კი დაკრული ფერცხლის ფირფიტები. ეს ხატი დღეს ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზემში ინახება.