რატომ არ აკეთებენ კომენტარს სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე სახალხო დამცველი და ოპოზიცია
ია აბულაშვილი
05.04.2020

2006 წლის ე.წ. „ციხის ბუნტის"“ დროს მოკულული 7 და დაშავებული 22 პატიმრის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევები დაადგინა. გადაწყვეტილება გამოქვეყნდა 2020 წლის 2 აპრილს საქმეზე კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ. საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს #5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრების - ზურაბ კუხალაშვილისა და არსენ ბუხრაშვილის გარდაცვალებას.

აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა როგორც არსებით, ისე პროცედურულ ნაწილში. სიცოცხლის უფლების არსებით ნაწილში სტრასბურგის სასმართლომ მიიჩნია, რომ 2006 წლის 27 მარტს „ბუნტის“ ჩახშობის სპეცოპერაცია დაიგეგმა და შესრულდა ისე, რომ უკონტროლო იყო, გამოყენებული ძალა კი - განურჩეველი და გადაჭარბებული.

„2006 წლის 27 მარტის ღამის საათებში იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ბაჩანა ახალაია კოლეგებთან ერთად პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში შევიდა, საიდანაც რამდენიმე პატიმარი თბილისის #7 დაწესებულებაში უნდა გადაეყვანათ. გაყვანისა და გადაყვანის პროცესში მათ მიმართ არასათანადო მოპყრობას სამკურნალო დაწესებულების პატიმრების პროტესტი მოჰყვა, რაც შემდეგ #5 ციხეს გადაედო და ამბოხში გადაიზარდა,“ - ნაქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სტარსბურგის სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელთა მიერ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული, სპეცსამსახურების რაზმები მოქმედებდნენ უკონტროლოდ და არაოგანიზებულად. ამავდროულად, კომპეტენტურმა თანამდებობის პირებმა არც კი იცოდნენ, ზუსტად ვინ იყო აღნიშნულ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი პირი.

სპეცსამსახურებმა არც კი განიხილეს ცეცხლსასროლი იარაღის ნაცვლად უფრო მსუბუქი საშუალებების - ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის ან სხვა სპეცსაშუალებების გამოყენება. სპეცრაზმელები პატიმრებს ცეცხლსასროლი ირაღიდან ესროდნენ გვერდით მდებარე შენობების სახურავიდანაც, საიდანაც ტყვიები საკნებში ფანჯრიდან აღწევდა.

სპეცრაზმელებს არც კი უცდიათ პატიმრებთან მოლაპარაკება მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების მზაობა აშკარა იყო. სპეცრაზმელებმა პატიმრების ცემა და მათთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა გააგრძელეს საკნებშიც მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები წინაღმდეგობას არ უწევდნენ.

ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ პასუხისმგებელმა პირებმა ციხის ბუნტის ჩახშობის შემდეგ შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს პატიმრებს.

რაც შეეხება სიცოცხლის უფლების პროცედურულ ნაწილს (ეფექტიანი გამოძიების ვალდებულება), სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, საქმეზე გამოძიება დაიწყო 2006 წლის 21 ივნისს, სამი თვის დაგვინებით. პირველადი საგამოძიებო მოქმედებები წარმართა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, ანუ იმავე უწყებამ, რომელმაც გასცა ციხის ბუნტის ჩახშობის ბრძანება და ხელმძღვანელობდა შესაბამის რაზმებს.

გამოძიებამ არ გამოიკვლია ოპერაციის დაგეგმვისა და ლეტალური ძალის გამოყენების საკითხები. ამის საპირისპიროდ, სახელმწიფო ორგანოებმა თავიდანვე გამორიცხეს სპეცრაზმელთა მხრიდან ძალის გადამეტება და განმარტავდნენ, რომ პატიმრების მიმართ ძალის გამოყენება გამართლებული იყო. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი და არ უსარგებლიათ აუცილებელი საპროცესო უფლებებით.

ევროპული სასამართლოს დასკვნით, ჩატარებული გამოძიება არ იყო ეფექტური, გამოძიების ფარგლებში არ დამდგარა კონკრეტული შედეგი. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ პირველ და მეორე მომჩივნებს - ზურაბ კუხალაშვილის ნათესავებს (დედა და და) უნდა გადაუხადოს 40 ათასი ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, მესამე მომჩივანს (არსენ ბუხრაშვილის ნათესავებს) კი - 32 ათასი ევრო.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ე.წ. "ციხის ბუნტის" საქმეში, 2013 წელს შეიწყალა.

„მთელი კვირა“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ სასაუბროდ, რომელმაც სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობის“ რეჟიმს მორიგი ვერდიქტი გამოუტანა, სახალხო დამცველის ოფისს დაუკავშირდა. თუმცა, როგორც პრესსამსახურის წარმომადგენელმა ანა თამაზაშვილმა განაცხადა, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი აპარატი დოკუმენტს დეტალურად ჯერ არ გასცნობიან და შესაბამისად, კომენტარს ვერ გააკეთებენ.

„რეზონანსი“ პოლიტიკოსთა პოზიციის გასაგებად ადრე პოზიციურ, ახლა კი „ნაცმოძრაობის“ მოკავშირე „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერ დავით ბერძენიშვილს დაუკავშირდა, თუმცა, მსაც არ ჰქონდა რაიმე კომეტნარი და თანაპარტიელ თამარ კორძაიასთან გადაგვამისამართა. 

თავის მხრივ, კორძაიამ „რეზონანსთან“ ამ თემაზე საუბრისაგან უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ არ გასცნობია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და კომენტარს ვერ გამოთქვამდა.

„რეზონანსი“ შეეცადა, ამ საკითხზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერ შოთა დიღმელაშვილის პოზიცია გაეგო, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს და მესიჯებს არ უპასუხა.

იურისტი ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოში ადამიანის უფლებათა და კონსტიტუციურ საკითხთა პალატის წექმნას ემხრობა.

„კარგია და მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს დიდი ხნის დაგვიანებით მოხდა. ამ საქმემაც გვიჩვენა, რომ სტარსბურგის სასამართლოს მის განსახილველად წლები დასჭირდა. ამიტომ, ჩემი აზრით, კარგი იქნება, რომ ასეთი საქმეების განხილვა მოხდეს საქართველოში, თუნდაც უზენაეს სასამართლოში შეიქმნას ადამიანის უფლებათა და კონსტიტუციურ საკითხთა პალატა, რომელიც ადამიანის უფლებათა საკითხებს განიხილავს,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ იურისტმა ავთანდილ კახნიაშვილმა.

იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ ე.წ. „ციხის ბუნტზე“ გამოძიება უნდა გაგრძელდეს, რადგან ბრალეული პირები და ამ დანაშაულის ორგანიზატორები არ დასჯილან და ისევ თავისუფალი არიან.

„14 წელი დასჭირდათ ოჯახებს, რომ ჭეშმარიტება დაედგინათ. ეს ანაზღაურება მათთვის მიზერულია იმასთან შედარებით, რა ჯოჯოხეთიც გამოიარეს. რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან აღწერს ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) მრავლობით დარღვევას როგორც არსებით, ისე პროცედურულ ნაწილში. ასევე იმას, რომ გამოძიება არ იყო ეფექტიანი.

„მიუხედავად იმისა, რომ „ციხის ბუნტიდან“ 14 წელი გავიდა, არ მომხდარა ამ ფაქტის სათანადო გამოძიება. არადა, „ოცნების“ ხელისუფლებას ამის საშუალება ჰქონდა და მხოლოდ პიჯაკებზე კი არ უნდა ედავებოდეს სააკაშვილს, ასეთი საქმეები უნდა იყოს ბოლომდე გამოძიებული.

„აქ მარტო ბაჩო ახალაიას დანაშაულზე არ არის საუბარი. ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დადგინდეს და დაისაჯოს, რათა მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდეს. ამიტომ გამოძიება უნდა გაგრძელდეს. ეს საქმე ალბათ სახალხო დამცველის მომდევნო ანგრიშში უნდა აისახოს,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ ლია მუხაშვრიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×