ია აბულაშვილი
06.04.2020

ჩვენს წინაპრებს კლდეში ტაძრების კვეთის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ჰქონდათ, ამის დასტურია ვარძია, გარეჯი, უფლისციხე და სხვა. მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია სარკინეთის შიო მღვიმის ეკლესიას, რომელშიც შესვლა 5-მეტრიანი კლედში ნაკვეთი დერეფნით არის შესაძლებელი. მე-14 საუკუნის შემდეგ საქართველოში კედელში ეკლესია აღარ აშენებულა.

საქართველოში ქრისტეს საქადაგებლად შემოსული 13 ასურელი მამა, რომლებიც ზედაზნის მთაზე დაბინავდნენ, მამა იოანეს რჩევით სხვადასხვა კუთხეში წავიდნენ საქადაგებლად. მამა შიოს უდაბნოში წასვლის ნებართვა უთხოვია. მცხეთის მახლობლად სარკინეთის კლდეში იპოვა მღვიმე და დაიწყო მოღვაწეობა. ეს ადგილი იყო მიუვალი და უწყლო, მხეცებით სავსე. ბევრი გასაჭირი გადახდა თავს მამა შიოს, რომელსაც საზრდელს ფრინველები უზიდავდნენ.

ერთხელ მთელი ღამე გულმხურვალედ ილოცა, განთიადისას კი მთელ ხევს საკვირველი ნათელი მოეფინა. წმინდა შიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა იოანე ნათლისმცემელთან ერთად, ბერს საზრდოდ თოვლის მსგავსი რამ მისცა და დახმარება აღუთქვა.

პირველი ეკლესია, იოანე ნათლისმცემლის სახელზე ჯერ კიდევ წმინდა შიოს სიცოცხლეში აშენდა 560-570 წლებში, რომელიც კლდეშია გამოკვეთილი. 1010 -1033 წლებში კათოლიკოს მელქისედეკ პირველმა ეკლესიაში გააკეთებინა კანკელი, რომელიც შედგება ოთხი მოჩუქურთმებული ფილისგან, მასზე რელიეფური გამოსახულებებით: ძველი აღთქმა, ჯვარცმა, სიმონ მესვეტე და მართა, წმინდა შიოს და ევგარის შეხვედრა (საკინეთის მთებში სანადიროდ წასული მცხეთელი დიდებული, ფარსმან მეფის სპასპეტი ევგარი, რომელმაც გაიცნო მამა შიო და მასთან დარჩა სამოღვაწეოდ). ეს რელიეფი, რომელიც შუა საუკუნეების ქართული სკულპტურის უძველესი ნიმუშია, დღეს ხელოვნების მუზემში ინახება.

მე-11 საუკუნის ბოლოს წმინდა შიოს მღვიმის თავზე, ნათლისმცემლის ეკლესიის დასავლეთითი აშენდა გრძელი ეგვტერი, მღვიმე, რომლის ცენტრშიც არის წმინდა შიოს საფლავი. იგი 11 მეტრის სიღრმისაა და ზემოთკენ ჯაჭვივით ვიწროვდება.

მამა შიომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ მღვიმეში გაატარა, გარდაცვალების შედეგ, მისი ანდერძის თანხმად იქვე დაასაფლავეს. მისი საფლავი წმინდა ადგილად არის შერაცხული.

ყოველ ყველიერის ხუთშაბათს, ღირსი შიო ერს სასწალებრივად მოევლინებოდა. ძვალნი მისნი თავისით ამოიწეოდნენ და ეკლესიაში დაბრძანდებოდნენ.

ერთხელ სპარსელების შემოსევის დროს, შაჰ-აბასს უბრძანებია, რომ ქართველი ტყვე ქალის გულის მოსაგებად, ღირსი შიოს ძვლები ირანში წაეღოთ. ამის შემდეგ დიდი უბედურება დაატყდა სპარსეთს, ჭირი, შიმშილი, გვალვა, სიბერწე ქალისა თუ პირუტყვის.

სამი წლის რისხვის შემდეგ წმინდა შიო ერთ მოლას გამოეცხადა და უთხრა, რომ მისი წმინდა ნაწილები უკან დაებრუნებინათ. შეშინებლმა შაჰ-აბასმა ოქროს საცხედრეში ჩააბრძანა წმინდანის ნაწილები და საქართველოში დააბრუნა.

1735 წელს ტაძარში ღირსი შიოს სამი ნაწილი ამოსულა, თავი და ორი მკლავი, მანამდე ამდენი ნაწილი ერთად არასდროს ამოსულა. სწორედ იმ წელს ნადირ-შაჰმა დაარბია მონასტერი და წმინდა შიოს განსასვენებელი.

ამის შემდეგ ეს სასწაული აღარ მომხდარა, თუმცა, 1917 წელს კიდევ ამობრძანებულა ღირსი მამა შიოს თავი, როგორც ამბობენ, მან ქართველობა დიდი განსაცდელისთვის გააფრთხილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×