თამარ შუკვანი
06.04.2020

კორონავირუსის პანდემიის გამო, სპეციალისტები მრევლს მოუწოდებენ, ეკლესიაში მისვლისაგან თავი შეიკავონ. ეს მოწოდება საეკლესიო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გააქტიურდა, რადგან არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ ხალხის შეკრების შედეგად, შესაძლოა კოვიდ-19-ის აფეთქება მივიღოთ. რამდენად მოსალოდნელია, ხარების დღესასწაული ეკლესიებში მრევლის გარეშე აღინიშნოს, ამ დროისთვის უცნობია.

„რეზონანსი" დაუკავშირდა საპატრიარქოს, თუმცა, კითხვაზე, რა ფორმით ჩაატარებს ეკლესია ღვთისმსახურებას, პასუხი ვერ მივიღეთ. როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გვითხრა, გვიპასუხებდა „მოგვიანებით."

საფრთხის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა გაგრძელდება, ზიარების წესი არ შეიცვლება, თუმცა, რეკომენდაციები დაცული იქნება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. ამასთან, როგორც ჯაღმაიძემ 5 აპრილს აღნიშნა, ბზობის დღესასწაულზე წირვას პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს.

საპატრიარქო პანდემიის გადავლას სააღდგომოდ ელოდება. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ იმედი გამოთქვა, რომ ამ დღესასწაულისთვის სიტუაცია განიმუხტება. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები აპრილის ბოლოს პიკს ელოდებიან. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, ინფიცირებულთა პიკს ქვეყანა მაისის დასაწყისში, აღდგომიდან ორ კვირაში მიაღწევს.

მედიკოსების ნაწილის თქმით, აპრილი საკმაოდ მძიმე იქნება. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, თუ რელიგიური დღესასწაულები ტრადიციული ფორმით ჩატარდება, შეიძლება, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება მივიღოთ.

„ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი არ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის," - ასე მიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მოსახლეობას.

იმნაძემ სოციალური დისტანციის დაცვისა და სახლში დარჩენის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ, მთავრობის ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ექიმ-ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ „რეზონანსთან" საუბრისას თქვა, რომ ეკლესიებში ხალხის თავშეყრა საკმაოდ სერიოზულ პრობლემას გამოიწვევს:

„კიდევ ერთი პრობლემა - ძალიან მეშინია ეკლესიებში სააღდგოოდ ხალხის შეკრების. როდესაც ასეთი საშიშროებაა, ხალხის ერთად შეკრებამ შეიძლება მართლაც „აფეთქება" გამოიწვიოს," - აღნიშნა ხმალაძემ.

რაც შეეხება, სააღდგომო ლიტურგიას, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრს სურს კონფლიქტური ან დაპირისპირების მომენტები შემოიტანოს. მისი მტკიცებით, ეს ასე არ იქნება.

პრემიერმა, ასევე, აღნიშნა, რომ სააღდგომო ლიტურგიას თვალს ტელევიზორით მიადევნებს და მოქალაქეებსაც მოუწოდა, რომ ასე მოიქცნენ. გახარიას თქმით, ჩვენი რწმენის აღსრულება შეგვიძლია ისე, რომ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლებისა და მშობლების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ.

ცნობისათვის, პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართა, რომლის თანახმადაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×