რეზონანსი
06.04.2020

ნიკ ბრაუნს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ. ყოველდღე სამედიცინო პერსონალი მის გამამხნევებლად ფანჯარაზე სხვადასხვა ფრაზას ტოვებდა. როცა ნიკი გამოჯანმრთელდა, პალატის ფანჯარაზე მანაც დატოვა თავისი ფრაზა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Mirror ავრცელებს.

მკურნალობის პერიოდის განმავლობაში სამედიცინო პერსონალი პალატის კარების ერთ ფანჯარას იყენებდა. ისინი ნიკს ფანჯრის შუშაზე სხვადასხვა ფრაზას უწერდნენ.

ერთ-ერთი მათგანი ასე ჟღერდა -„ჩვენ შენ სახლში წაგიყვანთ".

38 წლის ნიკს სასუნთქი აპარატი დასჭირდა. იყო შემთხვევა, როცა სამედიცინო პერსონალმა ნიკის მეუღლესთან მისი გარდაცვალების ვარიანტიც განიხილა.

ნიკი ყოველდღე კითხულობდა სამედიცინო პერსონალის მიერ დაწერილ ფრაზებს. მან ნელ-ნელა ძალების მოკრება მოახერხა და ახალი კორონავირუსიც დაამარცხა.

სახლში წასვლამდე ნიკმა პალატის ფანჯარაზე შემდეგი წარწერა დატოვა:

„ეს ფანჯარა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გავლენის მქონე იყო. მე ვუყურებდი, როგორ ზრუნავდით ჩემსა და სხვა პაციენტებზე იმისთვის, რომ კარგად ვყოფილიყავით. შეუძლებელია მადლიერების გამოხატვა იმ ყველაფრისადმი, რაც ჩემთვის გააკეთეთ. მე ვერასდროს შევძლებ ზუსტად იმდენი სიყვარული და მხარდაჭერა გამოვხატო თქვენ მიმართ, როგორც ეს თავად გააკეთეთ. თქვენ ნამდვილი ვარსკვლავები ხართ.

ვხედავდი ზოგჯერ როგორი ცუდი დღეები გქონდათ. ზოგჯერ ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ ყოველ საღამოს მთავარი ერთადერთი რამ იყო - თქვენ ხალხზე ზრუნავდით.

მე დღეს აქაურობას სრულიად სხვა ადამიანად ვტოვებ. მომავლის იმედით აღსავსე ვარ. არა მარტო იმიტომ, რომ ღვთის წყალობით ამ დაავადებისგან გამოვჯანმრთელდი, არამედ იმიტომ არსებობენ თქვენნაირი შესანიშნავი ადამიანები, რომლებიც სხვებზე ზრუნავენ. უფალმა გაკურთხოთ თითოეული მათგანი".

წარწერის ამსახველი ფოტო და ვიდეო საავადმყოფომ თავის ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×