
მოხდება თუ არა მარნეული-ბოლნისის მსგავსად სამეგრელოს და იმერეთის წითელ ზონად გამოცხადება. საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ამ დღეების განმავლობაში ამ ორ რეგიონში ახალი კლასტერები გაჩნდა, რომლის შედეგადაც არ არის გამორიცხული, რომ რეგიონებში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს. არსებობს თუ არა ამ რეგიონებში ეპიდაფეთქების საფრთხე.
სამეგრელოს-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ე.წ. წითელ ზონად რეგიონი გამოცხადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსით დაინფიცირებული სპორტსმენის კლასტერიდან 3 ადამიანს მაინც დაუდასტურდება ვირუსი.
როგორც მოწერელიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, რეგიონის ჩაკეტვის საკითხი დღის წესრიგში დგას და მოვლენების განვითარების პარალელურად მიიღება გადაწყვეტილება.
"თუკი ჩვენ გვექნება ინფიცირების და მაღალი რისკი გავრცელების, რა თქმა უნდა, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. თუმცა, ეს საკითხი, რა თქმა უნდა, განსახილველია ჯანდაცვის სამინისტროსთან, ცენტრალურ შტაბთან და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
ჩვენ საკმაოდ მაღალი საფრთხის შემთხვევა გვქონდა. ეს არის ე.წ. სპორტსმენის კლასტერი, რომელიც იმყოფებოდა არა მხოლოდ სამეგრელოს რეგიონში, არამედ სხვაგანაც. მას 23 პირთან ჰქონდა შეხება. თუკი მაღალი საფრთხე გვექნება გავრცელების, ეს საკითხი დადგება. სხვა მხრივ ამ მომენტისათვის, მდგომარეობა სტაბილურია. სამართლადარღვევებმაც იკლო, გუშინ სულ რაღაც 9 შემთხვევა გვქონდა," - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
გარდა ამისა, ალექსანდრე მოწერელიამ მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
სპორტსმენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და რომლის კონტაქტების რაოდენობაც საგრძნობლად დიდია, ვიდეომიმართვას ავრცელებს და ბოდიშს იხდის.
გიორგი ღვინჯილია ბოდიშს უხდის ყველა იმ პირს, რომელსაც მასთან კონტაქტის გამო ახლა კარანტინში ყოფნა უწევს. კორონავირუსით დაინფიცირებული სპორტსმენი აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მას კონტაქტი სულ 16 ადამიანთან ჰქონდა.
აქედან ახლო კონტაქტი ჰქონდა მხოლოდ ოთხ მათგანთან. მისივე თქმით, არც ჩხოროწყუს რაიონში ყოფილა და არც მოგზაურობის ისტორია აქვს. სპორტსმენის თქმითვე, მას არ აღენიშნებოდა არანაირი სიმპტომი.
"მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გამო კარანტინშია. ვიცი დამნაშავე ვარ და ამას არ აქვს გამართლება. კონტაქტი მქონდა 16 ადამიანთან, აქედან მჭიდრო მხოლოდ ოთხთან, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ," - აღნიშნავს ვიდეომიმართვაში გიორგი ღვინჯილია.
სამეგრელოს მსგავსად რთული სიტუაციაა იმერეთის რეგიონშიც. საჩხერის სამედიცინო დაწესებულება საგანგებო მდგომარეობაზეა გადასული. პერიმეტრზე შესულ ნებისმიერ პირს სამედიცინო შემოწმება უტარდება. საჩხერის საავადმყოფოს ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა. ამიტომაც საავდმყოფოდან 30-მდე ექიმი კარანტინში გადაიყვანეს. ექიმს ვირუსი პაციენტისგან გადაედო.
მესამე დღეა კიდევ 70-მდე ექიმს გარეთ გამოსვლის უფლებას არ აძლევენ. ისინი დაწესებულებას მხოლოდ მაშინ დატოვებენ, როდესაც მათი ანალიზების პასუხი ცნობილი იქნება. ექიმის მეუღლე საჩხერის მერია, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა. თუმცა, ის თვითიზოლაციაშია. მის მსგავსად იზოლაციაში მერის მძღოლი და ასისტენტი იმყოფებიან.
საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია თავად მერმა ბენიამინე ფალავანდიშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში მუშაობს და სავარაუდოდ, პაციენტისგან დაინფიცირდა. მისივე თქმით, მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და რამდენიმე დღეში განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება.
მერის მეუღლეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი ჰქონდა, რის გამოც ანალიზები აუღეს. ფალავანდიშვილის ინფორმაციით, ოჯახის წევრები ახლა იზოლაციაში არიან, მეუღლე კი საჩხერის სამედიცინო ცენტრში ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ჯანდაცვის ექსპერტი და ყოფილი დეპუტატი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია და თუ კი საჭირო გახდება, ჩაიკეტება, როგორც სამეგრელო, ასევე იმერეთიც. თუმცა, დღეს-დღეობით ჯერ ამის აუცილებლობას ვერ ხედავს. მისი თქმით, სიტუაციას სპეციალისტები აკვირდებიან და როგორც კი გავრცელების არეალი კიდევ ფურო გაიზრდება, რა თქმა უნდა, რომ რეგიონების სრული ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება. თუმცა, ქვეყანაში ზომები იმდენად გამკაცრებულია, რომ ეს ბერკეტიც კარგად მუშაობს.
„ახლა კომენდატის საათი და კარანტინი გვაქვს მთელს ქვეყანაში გამოცხადებული, ამიტომაც ჯერჯერობით როგორც სამეგრელოში, ასევე იმერეთში სიტუაცია კონტროლირებადია. თუმცა, აუცილებლობის შემთხევვაში მისი სრულიად ჩაკეტვაც გამორიცხული არ არის.
“უბრალოდ რაც ახლა ხდება, ისედაც ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება შეზღუდულია და ვინც გადაადგილდება, მათი კონტროლიც ხდება. რისკის ზონას ახლა მთელი ქვეყანა წარმოადგენს. ეს შიდა გადაცემა იქნება, ამიტომაც ველოდებით მატებას.
“მთავარია, რომ შემთხვევების მატება ნელი ტემპით იყოს, ჯერჯერობით ასეც ხდება. იმ ფარგლებში ჯდება, რა სცენარიც გვაქვს. თუ კი დავინახავთ, რომ ამ ორ რეგიონში გავრცელების კუთხით სიტუაცია გამწვავდება, კონკრეტული ზომები მიღებული იქნება.
“ერთი შემთხვევა იმისთვის, რომ კიდევ შემდგომი გამკაცრება გავაკეთოთ, ჩემი აზრით ამის საჭიროება ჯერ არ არის. ვნახოთ, ცალკეული რეგიონიდან იქნება თუ კლასტერების მხრიდან გავრცელება სწრაფად დაიწყო, ზომების გამკაცრებას წინ არაფერი უდგას. თუკი ასევე დავინახავთ, რომ ოკუპირებული რეგიონებიდან, თუნდაც აფხაზეთიდან ჩვენი თანამოქალაქეების მასობრივი გადმოსვლა დაიწყო, რა თქმა უნდა, აქ უკვე მეტი კონტროლი დაგვჭირდება“, - ამბობს ზოიძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, არც ის არის გამორიცხული, რომ თუკი რეგიონებში სიტუაცია აფეთქდა და ყველგან ვირუსის გავრცელების მატება მოხდა, ზომები მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო გამკაცრდეს. მისი აზრით, ჯერჯერობით იმერეთშიც და სამეგრელოშიც სიტუაცია კონტროლირებადია და თუ კი სპეციალისტები ჩათვლიან, რომ მათი სრული ჩაკეტვაა საჭირო, ასეც მოხდება.