ელზა პაპოშვილი
07.04.2020

 მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კომენდატის საათია გამოცახდებული და გარეთ გამოსვლა საქართველოს მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ეკრძალებათ. ქვეყანაში ძარცვისა და ქურდობის რამდენიმე ფაქტი მაინც დაფიქსირდა. ზოგადად, კრიმინალის სტატისტიკა კარანტინის პირობებში მნიშვნელოვნად შემცირებულია, თუმცა საინტერესოა, ასეთ პირობებში როგორ ახერხებენ დამნაშავეები ქურდობას. 

ყველაზე საგულისხმო ფაქტი კი 7 აპრილს ღამის 4 საათზე ქუთაისში მომხდარი ქურდობაა. სავარაუდოდ, ორმა დამიანმა ქუთაისში სწრაფი გადარიცხვის აპარატი მოიპარეს, ურიკაზე დადეს და კომენდატის საათის პირობებში ქალაქში ისე გადაადგილდებოდნენ, რომ მათი შემჩნევა პოლიციამ ვერ შეძლო.

ასათიანის გამზირზე  ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ მდგარი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქრობა დილით სამსახურში მისულმა იქვე დასაქმებულმა ადამიანებმა შენიშნეს. ადგილზე არსებული კამერის ჩანაწერის გაშიფვრის შემდეგ ნახეს, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. „მთავარმა არხმა“ მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ურიკით მძარცველები, რომელზეც მოპარული აპარატი უდევთ. არ არის გამორიცხული, რომ მძარცველები არასრუწლოვნები იყვნენ.   

2 აპრილს  დილით კი  ოზურგეთის საკათედრო ტაძარი მრევლს და სასულიერო პირებს გაქურდული დახვდათ. ტაძრიდან შესაწირი ყუთებიდან თანხა  მოიპარეს. როგორც მრევლი „რეზონანსთან“ ყვება, პირველად ქურდობის ფაქტი ეკლესიის გასაღებად მისულმა მესანთლემ აღმოაჩინა, რომელმაც ტაძარის კარის  გაღების შემდეგ ნახა, რომ შესაწირის ყუთები აღარ იყო. 

ეკლესის მრევლი ირაკლი ნინუა „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მძაცველებმა მხოლოდ შესაწირი წაიღეს და ხატების ან სხვა საეკლესიო ნივთების არც დაზიანება და არც დარბევა არ მომხდარა. მისი თქმით, მათი მთავარი სამიზნე ფული იყო. 

„დილით ნახეს, რომ შესაწირი თანხა და ყუთებიდან წაღებული  იყო. სხვა ყველაფერი ადგილზეა. არც ხატებია წაღებული და არც სხვა რაიმე საეკლესიო ინვენტარი. ეკლესია დარბეულიც არ არის და სხვა ხელი არაფრისთვის უხლიათ. მსგავსი ფაქტი, რომ ეკლესია გაექურდათ, არასდროს მომხდარა. ეს პირველი შემთხვევაა. სავარაუდოდ, ძარცვა მას შემდეგ მოხდა, რაც საღამოს ეკლესიის კარი დაიხურა. 

„ძალიან გასაკვირია, რომ კარანტინის და კომენდატის საათის პირობებში ეკლესიის ძარცვას ახერხებენ. ტაძრის კარი საკმაოდ რთულად გასატეხი იყო და, როგორც ჩანს, ძარცვის საქმეში კარგად უნდა ერკვევოდნენ. ფაქტი ისაა, რომ რამდენიმე შესაწირი ყუთიდან ფულია  წაყებული და არცთუ ცოტა რაოდენობის თანხა უნდა ყოფილიყო“, - ამბობს ერთ-ერთი მრევლი „რეზონანსთან“. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი  ოზურგეთში მომხდარი ტაძრის გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვანი ძმები - 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ. ამხილეს.

უწყების ცნობით, ძმებმა 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ კართან მდებარე შესაწირავის ხის ყუთები დააზიანეს, მათში მოთავსებული ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მარნეულში, სადაც კარანტინის უმკაცრესი ზომები მოქმედებს, მაღაზია გაქურდეს. წაღებულია თანხა, პროდუქტები და ნისიის რვეულიც კი.

ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ უცნობმა პირებმა  კარი გატეხეს  და  შუშები ჩაამტვრიეს.

„მაღაზია  ღამით გაქურდეს. სალაროდან დიდი რაოდენობის თანხა, პროდუქტები და ნისიების რვეულიც კი წაიღეს. საოცარია ამ მკაცრი კარანტინის პირობებში, როცა ჩვენ გარეთ გამოსვლას გვიკრძალავენ, მაღაზიის გაქურდვას ასე როგორ ახერხებენ.  თუმცა რა გასაკვირია, ხალხი მშიერია და აბა, რა ქნან...

„აქ სხვა არ მოვიდოდა, ადგილობრივები არიან. უბრალოდ პოლიცია სად იყო ამ დროს, ეგაა საინტერესო“, - ამბობს „რეზონანსთან“ ადგილობრივი აჰმედ მამედოვი. 

კარანტინს და კომენდატის საათის პირობებში, ლაგოდეხის რაიონის, სოფელ შრომაში სურსათის მაღაზია გაქურდეს. ბოროტმოქმედებმა შენობაში სახურავიდან შეაღწიეს. წაღებულია პროდუქტი, ტკბილეული, ალკოჰოლის და თამბაქოს ნაწარმი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შესაძლოა დანაშაული არასრუწლოვნების ჩადენილი იყოს. მათი აზრით, სახურავიდან სრუწლოვანი ჩასვლას ვერ შეძლებდა. 

შსს-ში კი აცხადებენ,  რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×