
აფხაზეთში ბოლო დღეებში კორონავირუსის მსგავსი ნიშნებით რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლება არ ადასტურებს, რომ მათ კოვიდ-19 ვირუსი ჰქონდათ. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ოკუპირებილ რეგიონში შესაბამისი ტესტირების ჩატარება ვერ ხერხდება. ამის შესახებ რეზონანსთან საუბარში კონფლიქტოლოგმა და პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის" წევრმა გიორგი კანაშვილმა განაცხადა.
მისივე ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არის შესაბამისი აღჭურვილობა და მზაობა ამ ვირუსთან გასამკლავებლად, თუ მან მასშტაბური ხასიათი მიიღო
„ორშაბათის ინფორმაციით, აფხაზეთში ოფიციალურად არ არის დაფიქსირებული ვირუსი, თუმცა, გუშინ კორონავირუსის ნიშნების მქონე ორი ადამიანი შეიყვანეს გუდაუთას საავადმყოფოში.
„ამასთან, გალიდან გადმოყვანილი ქალს შემხებლობა ჰქონდა რამდენიმე ადამიანთან, რომლებიც აქეთ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. მათი პრობლემები დიაგნოსტიკის თვალსაზრისით არსებობს. ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა მეტ-ნაკლებად სარწმუნო ინფორმაცია, დაახლოებით იგივე სიმპტომებით ადამიანების გარდაცვალების შესახებ. შეიძლება (კორონავირუსი) იყო კიდეც, მაგრამ ადრეული ტესტირების მექანიზმები არ აქვთ.
„გალელები, ეთნიკურად ქართველები არიან გადმოსული. რაც შეეხება აფახაზებს, ამ ეტაპზე თითქმის დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აქეთ მხარეს არ არიან გადმოსული. ოფიციალურად ვირუსი არც იქ არის დადასტურებული. თუ დაფიქსირდა, უკვე უნდა ველოდოთ რაღაც ტიპის ნაკადს. არც იქ არის შესაბამისი აღჭურვილობა და მზაობა ამ ვირუსთან გასამკლავებლად, თუ მან მასშტაბური ხასიათი მიიღო.
„იქაური სამედიცინო სექტორი მეტად რთულ მდგომარეობაშია. არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა და სამედიცინო ცოდნა. უფრო პროაქტიული ნაბიჯები თუ არ იქნება გადადგმული, კარგი მდგომარეობა არ იქნება.
„გალი ახლა პრაქტიკულად ორმაგად დაკეტილია. ჩაიკეტა იმ ქალბატონის ვირუსით დაინფიცირების ფაქტის შემდეგ. რაღაც შეიგზავნა ჩვენს მიერ, სახელმწიფოს მიერაც შეიძლება იყოს შეგზავნილი. სამი-ოთხი დღის წინ ჯანდაცვის სისტემამ შეაგზავნეს ტვირთი. პანიკურმა განწყობებმა შედარებით გადაიარა. მანამდე უფრო უყურადღებოდ გრძნობდენენ თავს. ახლა შეიძლება შედარებით მოიხსნა ეს განწყობა. მთლიანობაში, ალბათ უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ ჩვენგან," - აღნიშნა კანაშვილმა.
ცნობისათვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 29 მარტიდან იმყოფება გალის რაიონის სოფელ საბერიოდან მიყვანილი ქალი, რომელსაც კოვიდ-19-ით დაავადება დაუდასტურდა.