თამარ შუკვანი
07.04.2020

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ლადო კახაძის თქმით, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების და მითუმეტეს ექიმების დაყოფა, მისთვის მიუღებელია. ასე გამოეხმაურა იგი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის პოზიციას, რომლისთვისაც მიუღებელია აღმოჩნდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ოჯახის წევრი ექიმისაგან სამედიცინო დახმარების მიღება.

ინტერნეტში გავრცელდა იმ ექიმების სია, რომლებიც მზად არიან, უფასო კონსულტაცია გაუწიონ ემიგრანტებს. სიაში პირველი წერია 72 წლის კარდიოლოგი ანზორ მელია, რომელმაც მზადყოფნა გამოხატა სატელეფონო კომუნიკაცია გასწიოს ემიგრანტებისთვის.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა და მან „ფეისბუქში" ასეთი რამ დაპოსტა: „არ გვჭირია ადამიანებს პირველ ნომრად განთესილი, ტერორისტების მოდგმის და მრწამსის კონსულტაციები, რაც არ უნდა გასაჭირში ვიყოთ."

ცნობისათვის, ექიმი ანზორ მელია „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მამაა.

გოგაშვილის „ფეეისბუქ" პოსტს თავად ანზორ მელია გამოემხაურა. როგორც მან აღნიშნა, სოციალურ ქსელში ნახა, რომ ემიგრანტები ითხოვდნენ დახმარებას და სიამოვნებით ჩაერთო ამ კამპანიაში. მისი თქმით, იგი არის ექიმი, პოლიტიკა კი აქ არაფერ შუაშია. ამასთან, თქვა, რომ ის ყოველთვის დაეხმარება ყველა პაციენტს, ვისაც დახმარება სჭირდება.

როგორც ლადო კახაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, ასეთ ვითარებაში, როდესაც მთელ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, ყველა ერთად უნდა ვიდგეთ და ვის როგორც შეუძლია, ისე დავეხმაროთ ერთმანეთს.

„არ წამიკითხავს... საერთოდ, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს სთავაზობს სხვებს დასახმარებლად, ამაში ცუდს არაფერს ვხედავ. საერთოდ, ექიმებს არ ვრევ პოლიტიკაში. გაჭირვების დროს ყველა ერთად უნდა ვიდგეთ. ვისაც რისი გაკეთება შეუძლია, უნდა გააკეთოს.

„ეს არის გარდამავალი, რთული პერიოდი. კაცობრიობა ერთმანეთს გვერდში უნდა დაუდგეს. დაყოფას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ გვყავს ერთი დიდი მტერი - ეს არის ვირუსი. დედამიწა ახლა საავადმყოფოშია, სადაც არის შიდა განაწესი და ამ შიდა განაწესს ყველა უნდა დავემორჩილოთ," - თქვა კახაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×