
ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთათვის საქართველოში 3 500 საწოლია მობილიზებული, რაც ყველაზე ცუდი სცენარისთვის არის გათვალისწინებული და „გეგმა ცე"-ს წარმოადგენს. მედიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს, თუმცა პიკი, რომელსაც დაახლოებით აპრილის ბოლოს და მაისის თვის პირველ კვირაში ელოდებიან, სპეციალისტების უმრავლესობის პროგნოზით, 1 000-დან 1 500-მდე იქნება.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, 3 500 საწოლის საჭიროება დღეს არ დგას და ინფიცირებულთა პიკის შემთხვევაშიც არ იქნება ამის აუცილებლობა. ცერცვაძე, მაქსიმუმ, 1 500 პაციენტს ელოდება.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია ცხრა კლინიკა, სადაც ჯამში 440 საწოლია განთავსებული, რაც ამ ეტაპისთვის საკმარისზე მეტია. 3 500 საწოლი გათვალისწინებულია ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში.
„3 500 საწოლი ამ წუთში მობილიზებული არ არის, უბრალოდ, კლინიკებთან მოლაპარაკებაა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მობილიზებული იქნება. დღეისთვის „გეგმა ა" მუშაობს, ცხრა კლინიკა იღებს კოვიდპაციენტებს, ოთხი თბილისშია და დანრჩენი - ბათუმში, ზუგდიდში, საჩხერეში, ქუთაისსა და გორში. ამ ცხრა კლინიკაში მობილიზებულია 440 საწოლი. ეს არის დღეს მოქმედი, რაც საკმარისზე მეტია.
„ამ დროისთვის 159 პაციენტია, 46 გაეწერა და 3 გარდაიცვალა. ადგილების ნაკლებობა არ არის. თუ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გახდა 300-400 და ეს საწოლები არ იქნება საკმარისი, ძალაში შევა „გეგმა ბე". საბოლოო რიცხვი, საჭიროების შემთხვევაში, 3 500 საწოლი იქნება.
„ამდენ რაოდენობას არ ველოდები. მგონია, რომ ყოველდღიურად იქნება მატება სამი ათეული ადამიანით. შეიძლება, ათასს გადასცდეს, მაგრამ პირადად 1 500-ზე მეტს (პაციენტს) არ ველოდები", - თქვა ცერცვაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პაციენტების რიცხვის გაზრდას 1 000-დან 1 200-მდე ელოდება, რაც, მისი პროგნოზით, აპრილის ბოლოს არის მოსალოდნელი.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ელოდებიან, რომ ამ კვირის ბოლოს ინფიცირებულთა რიცხვი გაორმაგდება და 350-დან 400-მდე გაიზრდება. გაორმაგებას ელოდებიან მომდევნო კვირის ბოლოსაც, თუმცა მანვე დასძინა, რომ ამ პერიოდში გაიზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ამის შესახებ გამყრელიძემ 7 აპრილს „ფეისბუკლაივის" დროს განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე მობილიზებულია 3500 საწოლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ერთი თვის განმავლობაში შეძლებს დღეში ასეულობით ინფიცირებულის მიღებას შეუფერხებლად.