
„საკარანტინო შეზღუდვები, რომელიც 21 აპრილამდეა გამოცხადებული, ჩემი აზრით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში უფრო უნდა გამკაცრდეს, რათა პანდემიის პიკი ჩაცხრეს. შემდეგ შეიძლება ნელ-ნელა ამოუშავდეს საწარმოები, რათა ეკონომიკა არ დაზარალდეს. იმედია, მთავრობა, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლას თავი კარგად გაართვა, ასევე იზრუნებს, რომ ეკონომიკური კოლაფსის წინაშე არ აღმოვჩნდეთ" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ქვეყანაში ახალი კორონავირუსით შექმნილ ვითარებას.
„არა მხოლოდ საქართველო, მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნები აღმოჩნდნენ დიდი დარტყმის ქვეშ, მაგრამ ბევრ გასაჭირს გავუძელით და ამასაც გადავიტანთ. ხელისუფლების სანაქებოდ უნდა ითქვას, და ამას მარტო მე არ ვამბობ, მსოფლიო აღიარებს, რომ მთავრობამ პრემიერ გახარიას მეთაურობით, თავი გაართვა ამ მძიმე ვითარებას. სწორი გადაწყვეტილება იყო საყოველთაო კარანტინის გამოცხადება და ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, რათა პიკი ჩაცხრეს. შეიძლება ბოლო ორი კვირა საკარანტინო შეზღუდვები უფრო გამკაცრდეს. შემდეგ ნელ-ნელა ამუშავდეს საწარმოები, რათა ეკონომიური ზარალი დიდი არ იყოს. იმედი მაქვს, რომ როგორც პანდემიასთან ბრძოლას კარგად გაართვა თავი მთავრობამ, იმაზეც იზრუნებს, რომ ეკონომიკური კოლაფსის წინაშე არ აღმოვჩნდეთ.
ეპიდემიამ ბევრი რამ დაგვანახა, როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური კუთხით. დაგვანახა ის, რომ ჩვენი ეკონომიკა უნდა გადაეწყოს ადგილობრივ წარმოებაზე. აუცილებელია ადგილობრივი მრეწველობის განვითარება, რათა არ დარჩეს იმ მდგომარეობაში, როგორც აქამდე იყო, უფრო მეტი რომ შემოაქვს, ვიდრე გააქვს.
ამ რთულ ვითარებაში გამოჩნდა მმართველი გუნდის სიძლიერე. გადადგმული ნაბიჯები არის სწორი და აქვს შანსი ყოველგვარი პიარის გარეშე გაიმარჯვოს მომავალ არჩევნებში. რაც შეეხება ოპოზიციას, ამ უბედურების დროსაც ცდილობს პოლიტიკური ქულების დაწერას, თუმცა ყოველი მათი ნაბიჯი მარცხით მთავრდება. ამის კარგი მაგალითია ზუგდიდი; რა საჭირო იყო ამხელა ხმაურის ატეხვა 200 პირბადის დასარიგებლად?! საზოგადოებამ დაინახა, რომ "ნაციონალებს" ზუგდიდში 200 მხარდამჭერზე მეტი არ ჰყავს. ასეთი 200 ადამიანი ყველა რეგიონში მოიძებნება, რომელიც ოპოზიციას ჩაეხუტება, მაგრამ ოპოზიციას არანაირი შანსი არ დარჩა, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს.
მიშა სააკაშვილი რომ აცხადებს, მომეცით საშუალება ჩამოვიყვანო უცხოეთში დარჩენილი ქართველებიო, ამ იაფასიან სატყუარას აღარვინ დაიჯერებს. ამ აქციით უცხოეთში დარჩენილ ხალხს კი არ ეხმარება, თავისი მხარდამჭერების ჩამოიყვანა სურს, რომ არჩევნებში ხმები მოემატოს. რომ გაიძახიან, სად არის ბიძინა ივანიშვილიო, თვითონ სად არიან, ბიძინამ მილიონობით ფული ჩარიცხა ამ ჟამიანობის დროს, მათაც ჩარიცხონ ფული გაჭირვებული ხალხის დასახმარებლად, ვინმე უშლით? მაგრამ რასაც აკეთებენ, აკეთებენ პოლიტიკური ქულების დასაწერად და არჩევნებში გასამარჯვებლად, რისი შანსიც მათ ამ ვირუსმა უკვე დაუკარგა," - განაცხადა „რეზონანსთან" იგორ კვესელავამ.