
ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის გამოცხადებული ერთვიანი საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება თუ 21 აპრილს დასრულდება, თუმცა, ამის ფონზე ხელისუფლება არსებული ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავს, რაშიც მოიაზრება მარნეულისა და ბოლნისის მსგავსად კარანტინის რეჟიმის გამოცხადება სხვა რეგიონებში, ან კომენდანტის საათის გახანგრძლივება. ამასთან, საგანგებო მდგომარეობის დროს შემოღებული წესების გამკაცრება. ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ლენტეხში საგანგებო მდგომარეობის პირობების გამკაცრებასთან დაკავშირებით მთავრობა გადაწყვეტილებას საბოლოო ტესტირებების შედეგების შესაბამისად მიიღებს. ამასთან, მთავრობა ვითარებას აკვირდება და შესაძლოა, ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება არა ცალკეულ რეგიონებს, არამედ მთელ ქვეყანას შეეხოს.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვანის, ქობულეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ამ ეტაპზე ზომების გამკაცრება არ იგეგმება, თუმცა, ამ დროისთვის ვანში ინტენსიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს და 5000 მოქალაქეა გამოკვლეული, მთავრობა მსჯელობს დამატებით ღონისძიებებზე, რომლებსაც მომავალში გაატარებენ.
„ამ ეტაპზე რთულია ზომების დამატებით გამკაცრებაზე საუბარი," - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პირველი არხის გადაცემა „მოამბეში" განაცხადა. მისივე თქმით, მართალია, მიღებული ზომები დისკომფორტს ქმნის, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ღონისძიებების გატარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რევაზ არველაძის თქმით, არსებული ვითარება ზომების გამკაცრებას მოითხოვს, რადგან საზოგადოების ნაწილი წესებს არ იცავს.
„ეს დაკავშირებულია არა კორონავირუსის შემთხვევების დადასტურებასთან, არამედ იმ წესებსა და რეკომენდაციებთან, რომელიც კომენდანტის საათისა და საგანგებო მდგომარეობისთვის არის შემოღებული - ცალკეულ ადგილებში რამდენად იცავს ჩვენი მოსახლეობა წესებს, თუ რეკომენდაციები და ზომები არ იქნება დაცული, გამკაცრება სწორ გადაწყვეტილებას წარმოადგენს.
„გამკაცრებაში შეიძლება მოიაზრებოდეს უფრო მეტად შეზღუდვა კომენდანტის საათის, - საღამოს 21:00 საათიდან დილით 6 საათამდე კი არა, იყოს საღამოს 20:00 საათიდან დილის 8:00 საათამდე. და ა.შ. ზოგიერთ ქვეყანაში სულ რამდენიმე საათი აქვთ გარეთ გამოსასვლელად. ახლა თამაშის დრო არ არის. განსაზღვრული წესები საზოგადოებამ უნდა დაიცვას. არ შეიძლება საკუთარ თავთან ერთად სხვას აყენებდე საფრთხეში.
„ადამიანი, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობს და რეალურად ეს ვირუსი აქვს, მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, იწყებს სიარულს, ამასთან აკეთებენ შინაურულად - დაბადების დღე იქნება თუ ქელეხი, - ასეთ ღონისძიებებს და შეკრებებს ვინც დაიწყებს და ამ დაავადებას გაავრცელებს, უნდა იქნეს მიღებლი ისეთივე ზომები, როგორიც მარნეულში და ბოლნისშია," - აღნიშნა „რეზონანსთან" არველაძემ.