
მოხდება თუ არა 21 აპრილის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება?-ჯანდაცვის ექსპერტები და ინფექციონისტები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ თუკი ვირუსის დადასტურებული შემთხვევები ასე ნელა გაიზარდა, მაშინ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება 2 კვირაზე მეტი აღარ უნდა დაგვჭირდეს.
მათი თქმით, ახლა ყველაფერი აღდგომის დღესასწაულზე იქნება დამოკიდებული და იმაზე, თუ ჩვენი მოქალაქეები ფიზიკურ დისტანციას როგორ დაიცავენ. მათი თქმით, თუ ყველა რეკომენდაციის დაცვა მოხდება და 21 აპრილისთვის სიტუაცია გაუარესებული არ იქნება, ნელ-ნელა ქვეყანა გეგმაზომიერად ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს უნდა დაუბრუნდეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე.
„ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე, ან პირიქით, ვნახოთ როგორ განვითარდება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება.
საქართველოში კორონავირუსი დღეის მდგომარესობით 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
„ჩემი რეკომენდაცია იქნება რომ საგანგებო მდგომარეობა გარკვეული პერიოდით უნდა გაგრძელდეს, შესაძლოა 2 კვირით ან მაქსიმუმ 1 თვით“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგი ცერცვაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე სტუმრობისას განაცხადა.
„მთავარი იქნება მოსახლეობა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულ შეზღუდვებს დაემორჩილოს და ზედმიწევნით შეასრულოს რეკომენდაციები იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს.
მე პირდაპირ მივმართავ მოსახლეობას: რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს, მით უფრო ჩქარა დასრულდება საგანგებო პერიოდი. ეს არის აუცილებელი. ქვეყანა ამას დიდხანს ვერ გაუძლებს.
ჩვენ ვალდებული ვართ არამარტო შევაჩეროთ ეპიდემია, რაც მოვახერხეთ კიდეც, არამედ აუცილებელია ეპიდემია რაც შეიძლება მალე წავიდეს დაბლა, იმისთვის, რომ გავხსნათ ქვეყნის ეკონომიკა.
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გადავიტანოთ ეპიდემია, მაგრამ შემდეგ გაგვიჭირდეს ეკონომიკურად ფეხზე დადგომა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ რთულია სათქმელია ამ ეტაპზე კონკრეტულად ვივარაუდოთ მოხდება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ან არ გაგრძელება.
ზოიძე აცხადებს, რომ ყველაფერი ვირუსის გარცელების სიჩქარეზე და რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. მისი თქმით, ჯერჯერობით ტემპი საკმაოდ პოზიტიური სცენარით ვითარდება, თუმცა, წინასწარ საუბარი იმაზე, მომდევნო კვირებში რა იქნება, რთული სათქმელია. ზოიძე ფიქრობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არ გაგრძელების საკითხი, ასევე აღდგომის დღესასწაულზე იქნება დამოკიდებული.
„პასუხისმგებლობა ჩვენს მოქალაქეებსაც აკისრიათ, რამდენად შეასრულებენ სიცოცხლის გადარჩენის რეკომენდაციებს. თუ ფიზიკურ დისტანცირებას შევინარჩუნებთ და კიდევ უფრო ფრთხილად მოვიქცევით, რა თქმა უნდა, ჩვეულ ცხოვრებას უფრო მალე დავუბრუნდებით. თუ მთელს მსოფლიოს გადავხედავთ, ჩვენთან ვირუსის ზრდის ტემპი საკმაოდ ნელა მიდის.
“თუ საჭირაოება დადგება, არ მგონია, რომ თვენახევარზე მეტი გაგრძელდეს. ანუ აქ საუბარი კიდევ 2 კვირის დამატებაზეა. ხოლო მაისის შუა რიცხვებიდან უკვე ნელ-ნელა, გარკვეული გეგმის მიხედვით ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით“, - ამბობს აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ ჩვენთან თვენახევაზრე მეტს საგანგებო მდგომარეობით ვერ გავძლებთ. მართალია ჩინელებმა ის შედეგი რაც ახლა მიიღეს 3-თვიანი კარანტინის შედეგია, მაგრამ ზოიძე ფიქრობს, რომ საქართველოში არც იმ დონის მასშტაბური გავრცელებაა რაც იქ იყო და არც ისეთი შესაძლებლობის ეკონომიკის ქვეყანავართ, როგორიც ჩინეთია. ამიტომაც საქართველო უფრო სწრაფად მოახერხებს კორონავირუსის დამარცხებას, ვიდრე ეს ჩინელებმა და სხვა ქვეყნებმა შეძლეს.
„ამ დგომარეობიდან გეგმაზომიერი გამოსვლა მოხდება. საგანგებო მდგომარეობის მოხსნიდანვე ყველა სტადიონზე ვერ შევიკრიბებით. ეს იქნება გეგმაზომიერი ეკონომიკური ცხოვრების დაწყება იმ ჯგუფების მიერ, რომლებიც ვირუსის გავრცელებას ხელს ნაკლებად შეუწყობენ. 2 აპრილის შემდეგ დღემდე ვირუსის დადასტურების გაორმაგება არ მოხდა. 10 აპრილს დადასტურებული შემთხვევების ინტერვალი გაორმაგებული არ უნდა ყოფილიყო და ასეც არის.
“რა მონაცემებიც ახლა გვაქვს, არ მგონია, რომ ხვალ 260-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა გვქონდეს. ჯერჯერობით აი ეს რვა დღიანი გაორმაგების პრინციპი შევინარჩუნეთ. თუ ასეთ შეკავებას შევძლებთ, მაშინ საქმე ძალიან კარგად იქნება.
“პირდაპირ გეუბნებით, რომ ყველაფერი მაინც აღდგომის დღესასწაულზე იქნება დამოკიდებული. იმ დღეს როგორ მოვიქცევით, ძალიან გადამწყევტი იქნება, დაგვჭირდება კიდევ უფრო ზომების გამკაცრება და საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება, თუ პირიქით, არ დაგვჭირდება. პრინციპში 2 კვირის დამატება თუ დაგვჭირდება მეტის არა. კიდევ ერთხელ ვამბობ ეს ჩვენზე იქნება ახლა დამოკიდებული“, - ამბობს ზოიძე „რეზონანსთან“.
ინფექციონისტი ვატო სურგულაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ზომების კიდევ უფრო გამკაცრება უნდა მოხდეს, რათა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არ მოგვიწიოს. მისი აზრით, ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის კატასტროფა იქნება და მოსახლეობის დიდი ნაწილი იშიმშილებს. ინფექციონისტი ფიქრობს, რომ პოლიციას საგანგებო სიტუაციის პირობებში უნდა შეეძლოს, რომ თუ კი სახლებში არის წვეულება, დაბადების დღე, ნიშნობა და სხვა შეკრება, რომელიც ინფექციის გავრცელების კერა შეიძლება გახდეს, პირდაპირ სახლში შესვლის უფლება მიეცეს.
მისი აზრით, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას ვერ იყენებს და საზოგადოებას უფრო მკაცრი წესები უნდა დაუდგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეპიდაფეთქებას მივიღებთ. ამით კი დავაზიანებთ, როგორც ჯანდაცვის სისტემას, ასევე ქვეყნის ეკონომიკას და საკუთარ თავს. კარანტინი კიდევ დიდი ხნით გაგრძელდება და ზარალის მეტს არაფერს მოგვიტანს.
„სტუმრად სიარული სერიოზული პრობლემაა. ნიშნობა, რომ გადაიხადეს 21 000-ით დააჯარიმეს. მერწმუნეთ, რომ მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირია. ზოგს იჭერენ, ზოგს კი მეზობელი არ უშვებს და პოლიციის ყურამდე არც მიდის. ამიტომაც ზომები ძალიან უნდა გამკაცრდეს.
“ჩვენ თუ გვინდა, რომ ჩვეულ ცხოვრებას , ქვეყნის ეკონომიკურ ფუნქციონირებას და თავზე სულ ყველფერი არ ჩამოგვენგრა, ახლა ძალიან უნდა გავამკაცროთ. ადმინისტრაციული ჯარიმა კი არა ციხეშიც უნდა გადავიყვანოთ. სხვანაირად შეიძლება, რომ ყველაფერი 2 დღეში აფეთქდეს. სულ ვტრაბახობთ, რომ ჩვენთან 2014 -ზე მეტი ინფიცირებული არ გვყავს. ეს ყველაფერი ერთ დღეში შეიძლება შეიცვალოს. შესაძლოა ერთ დღეში გავიღვიძოთ და 700 კაცი გვაყვდეს.
ახლა სტუმრად სიარული კატეგორიულად დაუშვებელია. 2000 კაცს გაუძლებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ 5000-ს და 10 000-ს ვერ გაუძლებს“,-ამბობს სურგულაძე „რეზონანსთან“.