საქართველოს რეგიონებში კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდები მკაცრდება
ელზა პაპოშვილი
09.04.2020

საქართველოში ნელ-ნელა იზრდება იმ რეგიონების რიცხვი, სადაც კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ვითარება მძიმდება. ამჯერად, ეპიდემიოლოგების ყურადღება ვანის და ლეტეხის რაიონებისკენ არის მიმართული. 

„რეზონანსთან“ ადგილობრივები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჰყვებიან, რომ ვანის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი დაიწყო. შემოწმებას ვანში მცხოვრები დაახლოებით 30 000 მოქალაქე გაივლის. მათი ინფორმაციით, მოქალაქეთა თერმოსკრინინგს 22 ჯგუფი უზრუნველყოფს, 3 ქალაქ ვანში და 19 მუნიციპალიტეტის სოფლებში. 

ვანის ორ სოფელში, ზეინდარსა და მთისძირში მოწყობილ საკონტროლო პუნქტებთან მუნიციპალიტეტში შემსვლელი და მუნიციპალიტეტიდან გამომსვლელი ყველა პირი მოწმდება. როგორც ადგილობრივი ლევან ღვინიანიძე გვიყვება, ორივე სოფელში კონტროლის ზომები საკმაოდ გამკაცრებულია და მოსახლეობის შემოწმება ხდება. 

მისი თქმით, თვითიზოლაციაში იმყოფება ვანში დაინფიცირებული 75 წლის ქალის 30-მდე კონტაქტი. მას შემდეგ, რაც დაინფიცირებული ქალის მეუღლეს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა, მის კონტაქტებს სწრაფი ტესტებით გამოიკვლევენ. ამიტომ, სოფლის მცხოვრებლები ფაქტობრივად თვითიზოლაციაში არიან. 

„საკმაოდ სწრაფად და ოპერატიულად ხდება მოსახლეობის შემოწმება. როგორც ვიცით, 30-მდე კონტაქტი ჰქონდა 75 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში არიან. დღეს ლუგარის ლაბორატორია მოძრავი ფურგუნით თავად ჩამოვიდა. სავარაუდოდ, ადგილზევე ყველას ტესტირებას მოახდენენ. ორივე სოფელში ყველა შემსვლელს და გამომსვლელს ამოწმებენ. იმედი გვაქვს, რომ მასობრივი გავრცელება არ მოხდება“, - ყვება „რეზონანსთან“ ადგილობრივი. 

ვანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, გიგა ბუაძის თქმით კი, ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია მოხერხდეს ინფიცირების პირველწყაროს დადგენა. ეს კი მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც დაინფიცირებული ქალბატონის შვილს ანტისხეულებზე ტესტი ჩაუტარდება.

ვანის მერის, ალექსანდრე გოგორიშვილის თქმით, მოსახლეობას ვანში პანიკის საფუძველი არ აქვს. მერი ამბობს, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება, რათა ვანში ვირუსის გავრცელება არ მოხდეს. 

ვანში COVID-19-ით ინფიცირებული ცოლ-ქმრის ოჯახში, ლუგარის ლაბორატორიიდან მათი შვილისათვის შესაძლო ინფექციის გამოსარიცხად ტესტის ასაღებად ჩავიდნენ. თერმოსკრინინგით შემოწმდნენ ვირუსის მქონე პირების მეზობლები და სავარაუდო კონტაქტებიც.

ვანის ორივე შესასვლელში საპოლიციო ბლოკ-პოსტები ამოქმედდა. ყველა მოქალაქეს, რომლებსაც ვანის ტერიტორიაზე შესვლის სურვილი ექნება, სპეციალური თერმოსკრინინგის და საპოლიციო კონტროლის გავლა მოუწევს.

გარდა ამისა, ადგილზე ამოქმედებულია სპეციალური საველე სამედიცინო პუნქტი, სადაც მოქალაქეებს სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში გადაიყვანენ და პირველად დახმარებას აღმოუჩენენ.  

ეპიდემიოლოგების კიდევ ერთი მობილიზება ლენტეხში გახდა საჭირო. მიზეზი ის მამაკაცია, რომელსაც კორონავირუსი საკუთარი დისგან გადაედო. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახლო კონტაქტების დასადგენად.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ამ მხრივ მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან საეჭვო პირების რაოდენობა საკმაოდ დიდია.

ადგილობრივები „რეზოანნსთან“ ამბობენ, რომ 53 წლის მამაკაცს 50-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მათი თქმით, სვანეთის რეგიონში ინფექცია ეროვნული ბანკის საცავში დაინფიცირებული პირებიდან განვითარდა. 

„როგორც ცნობილია კორონავირუსის გავრცელება სვანეთში ეროვნული ბანკის საცავში დაინფიცირებული პირებიდან გავრცელდა. 53 წლის მამაკაცს, რომელსაც კორონავიურის დაუდგინდა, ამბობენ, რომ ბანკის საცავში მუშაობდაო. მას კონტაქტი 50-მდე ადამიანთან ჰქონდა, ღმერთმა იცის იმ ხალხს კიდევ ვისთან ჰქონდა. ამბობენ, რომ ვერ მიხვდა და სიმპტომების გარეშე ჰქონდა. ამიტომაც, არც თვითიზოლციაში ყოფილა და არც არავის მორიდებია. რა თქმა უნდა, სვანეთში ვირუსის გავრცელების რისკი დიდია“, - ამბობს ადგილობრივი ზვიად ხვადაგიანი „რეზონანსთან“. 

ექიმის განცხადებით კი  53 წლის მამაკაცი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამკურნალოდ გუშინ ღამითვე გადაიყვანეს.

"პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევები, დაეწყო სიმპტომური მკურნალობა. იყო პნევმონიაზე ეჭვი და მიეცა ანიტიბიოტიკიც. დილით მდგომარეობა გახდა დამაკმაყოფილებელი. აღარც ტემპერატურა ჰქონდა, აღარც ჩივილი.

კორონავირუსის დადასტურება გუშინ 21:00 საათზე მოხდა. პირველ საათზე პაციენტი რეანომობილის მიერ იქნა გადაყვანილი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში," - განაცხადა რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ლენტეხის კლინიკის მენეჯერმა გრიგოლ ტურძელაძემ.   

COVID 19-ით დაინფიცირებული 53 წლის მამაკაცის გამო სვანეთის რეგიონში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება - ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელსაც მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა.

მისი ინფორმაციით, ცაგერსა და ლენტეხში მოეწყობა გამშვები პუნქტები, სადაც მოსახლეობას თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულის პირველადი კონტაქტები უკვე დადგენილია. როგორც გუბერნატორმა "კურიერთან" საუბრისას აღნიშნა, ინფიცირებულს ცაგერში 18 პირთან ჰქონდა შემხებლობა, ხოლო ლენტეხში კონტაქტების რაოდენობა 50-ს აღწევს.

"ზომები, თავისთავად ცხადია, გამკაცრდება, მაგრამ გადაადგილება არ შეიზღუდება. გამშვები პუნქტები მოეწყობა რეგიონში, სადაც თერმოსკრინინგი ჩატარდება. ასევე, იმ რისკის შემცველ სოფელში, სადაც აღნიშნულმა პიროვნებამ იმოძრავა, უკვე დაწყებულია ექიმების შემოვლა. პირველადი კონტაქტები თითქმის დადგენილია და გრძელდება ამ კუთხით მუშაობა,"- განაცხადა გუბერნატორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×