ელზა პაპოშვილი
10.04.2020

შესაძლოა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან ერთად მისი ზომები და კონტროლის მექნიზმი კიდევ უფრო გამკაცრდეს. რა მიმართულებით მოხდება ზომების კიდევ უფრო გამკაცრება, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ პოლიციას  მეტი მოქმედების საშუალება მიეცემა. არ არის გამორიცხული, რომ თუკი ახლა სტუმრად ერთმანეთთან მისვლას არავინ აკონტროლებს, ზომების კიდევ უფრო გამკაცრების შემთხვევაში, პოლიციამ სტუმრიანობა მკაცრად გააკონტროლოს და დამრღვევები დასაჯოს. 

ფაქტია, რომ კლასტერების უმეტესობა სწორედ ოჯახური ან ნათესაურია. ვირუსის გავრცელების რამდენიმე ფქტი კი სტუმრად მყოფი ადამიანებისგან დაფიქსირდა. ლენტეხის და ცაგერის მაგალითზე, სადაც 55 წლის ეროვნული ბანკის თანამშრომელმა სტუმრობის მიზნით 50 ადამიანი მოინახაულა, შეიძლება ამ რეგიონში ეპიდემიის  გავრცელების მიზეზიც გახდეს. 

თუმცა ოჯახში პოლიციის პირდაპირ შესვლის ფაქტი უკვე  დადასტურდა. გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მცხოვრები „რეზონანსს“ უყვება, რომ ორი დღის წინ ერთ–ერთ ადგილობრივთან 10-მდე მამაკაცი ქეიფობდა. სავარაუდოდ, ეს პოლიციას მეზობელმა აცნობა და ადგილზე მისულმა პოლიციამ კი იქ მყოფი სტუმრებიც და მასპინძლებიც დააჯარიმა.  

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტებთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ საგანგებო მდგომარეობის  გაგრძელებასთან ერთად, მისი ზომებიც გამკაცრდეს.  „ყველაფერი შესაძლებელია“, - ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტების კითხვას.  

ამასთან, გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის კიდევ უფრო გამკაცრება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე იქნება.

„ჩვენ საბოლოოდ ტესტირებების შედეგებს ველოდებით ლენტეხის კლასტერიდან, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში რეგიონალური კლასტერების რაოდენობა იზრდება. შეიძლება, მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით წესების გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში. რადგან ქობულეთშია საკმაოდ სერიოზული კლასტერი, მარნეული-ბოლნისში არსებული ვითარება მოგეხსენაბათ, ახლა ლენტეხი გაჩნდა… სამეგრელოშია რამდენიმე შემთხვევა, ბათუმში… ვნახოთ, რა შედეგები გვექნება”,  - ამბობს გახარია.  

შსს-ს ინფორმაციით კი  ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ, 9 აპრილის 21:00 საათიდან 10 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, უწყების თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 42 მოქალაქე დააჯარიმეს და თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოავლინეს. აგრეთვე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 21 პირი დააჯარიმეს.  

ჯანდაცვის  ექსპერტი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ რთულია სათქმელია ამ ეტაპზე კონკრეტულად ვივარაუდოთ მოხდება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ან არ გაგრძელება. თუმცა არ გამორიცხავს, რომ თუკი ზომების გამკაცრება იქნება საჭირო, ასეც მოხდეს. 

მისი თქმით, ყველაფერი ვირუსის  გარცელების სიჩქარეზე და დაინფიცირებულთა რაოდენობაზე  იქნება დამოკიდებული. მართალია ჯერჯერობით ეს პოზიტიური სცენარით ვითარდება, თუმცა წინასწარ საუბარი იმაზე, მომდევნო კვირებში რა იქნება,  რთული სათქმელია. 

„პასუხისმგებლობა ჩვენს მოქალაქეებსაც აკისრიათ, რამდენად შეასრულებენ სიცოცხლის გადარჩენის რეკომენდაციებს. თუ ფიზიკურ დისტანცირებას შევინარჩუნებთ და კიდევ უფრო ფრთხილად მოვიქცევით, რა თქმა უნდა,  ჩვეულ ცხოვრებას უფრო მალე დავუბრუნდებით. თუ მთელს მსოფლიოს გადავხედავთ, ჩვენთან ვირუსის ზრდის ტემპი საკმაოდ ნელა მიდის. თუ საჭირაოება დადგება, არ მგონია, რომ საგანგებო მდგომარეობა თვენახევარზე მეტი გაგრძელდეს. 

ანუ აქ საუბარი კიდევ 2 კვირის დამატებაზეა. ხოლო მაისის შუა რიცხვებიდან უკვე ნელ-ნელა, გარკვეული გეგმის მიხედვით ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით. თუმცა ყველაფერი როგორც ვთქვი მოსახლეობაზეა დამოკიდებული, თუ ზომების კიდევ უფრო გამკაცრება გახდება საჭირო ასეც მოხდება. ხოლო ეს ზომები რა მიმართულებით იქნება გამკაცრებული, ამას პრემიერი სპეციალისტებთან ერთად გადაწყვეტს“,-ამბობს აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“. 

იურისტი ლევან ალაფიშვილი კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობას ხელისუფლება ნახევრად იყენებს. მისი აზრით, ზომების კამკაცრება საჭიროც არ იქნება, თუ კი მთავრობა ამ მდგომარეობის ყველა ბერკეტს  და მის აღსრულების ყველა მეთოდს გამოიყენებს. შეიძლება თუ არა, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას სტუმრად სიარული აკურძალოს და სახლში პირდაპირ შევიდეს, თუ კი იქ წვეულება ან ხალხმრავლობაა, ამაზე ალაფიშვილი ამბობს, რომ გამოცემულ დეკრეტში გარკვევით წერია, რომ გარდა კერძო საცხოვრებელი სახლისა, ყველგან 3-მზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება. თუმცა ამ დეკრეტში არსებული ჩანაწერსი შეცვლა მარტივია. 

„ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართალში პასუხისმგებლობა მხოლოდ კანონით არის შესაძლებელი და ამას გამოცემული დეკრეტით ვერ შევძლებთ. ქმედება გამოაცხადო კანონს მიღმა, კანონით დადგენილი უნდა იყოს. დეკრეტი არის, რა თქმა უნდა, სამართლებრივი აქტია, მაგრამ ის ხომ კანონი არ არის. დეკრეტში თავშეყრის აკრძალვასთან დაკავშირებით გასაგებად წერია, რომ გარდა კერძო საკუთრებაში მყოფი შენობისა, ყველგან სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა იკრძალება. 

ამიტომაც სურვილის შესაბამსიად, დეკრეტში ამ ჩანაწერის შესწორება შეიძლება. პარლამენტს შეუძლია პლენარული სხდომის  ჩატარება და დაჩქარებული წესით კანონში ამ ცვლილების მიღება. ხელისუფლებას არავინ უშლის, რომ საგანგებო მდგომარეობა ლეგალურად სწორად მართოს. მას ამას არავინ უშლის. დადგენილებიდან სიტყვა „კერძო საკუთრების გარდა“ ამოღებას არაფერი უნდა“, - აცხადებს ალაფიშვილი „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×