
აიკრძალება თუ არა სააღდგომო დღესასწაულზე სასაფლაოებზე გასვლა. რა სახის აკრძალვები შეიძლება დაწესდეს და საფლავზე გასულ ჭირისუფლებს პოლიცია დააჯარიმებს თუ არა. ხელისუფლების გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია საპატრიარქოს პოზიცია, მოუწოდებს თუ არა ის მორწმუნეებს, რომ საფლავებზე არ გავიდნენ. „რეზონანსმა“ ამ კითხვით საპატრიარქოს ადმინისტრაციას მიმართა, თუმცა მათ ჩვენს კითხვას არ უპასუხეს.
რუსეთის დიდ ქალაქებში კი სააღდგომოდ სასაფლაოებზე გასვლა უკვე აიკრძალა. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. მოსკოვის საპატრიარქო გადაწყვეტილებას გონივრულს უწოდებს და ამბობს, რომ აღდგომას საფლავებზე გასვლის პრაქტიკა საეკლესიო ტრადიციას არ წარმოადგენს და საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა.
იერუსალიმი კი კათოლიკეებისთვის წმინდა კვირას ცარიელი ხვდება, კორონავირუსის პანდემიის გამო ცარიელია ვია დოლოროსა, სასულიერო პირები ღვთისმსახურებას ცარიელ ტაძრებში აღავლენენ.
რაც შეეხება ისრაელს, ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი იერუსალიმში, საკარანტინო ნორმების დაცვას მკაცრად აკონტროლებს, რის შედეგადაც გაუქმდა უამრავი რელიგიური დღესასწაული.
„ძალიან სამწუხაროა, რომ წითელ პარასკევს, ერთ ერთი უძველესი ქალაქის ქუჩები ცარიელია, არავინ სტუმრობს ვია დოლოროსას, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე ყველაფერი გასაგებია, ის ადამიანები ვინც დღეს აქ უნდა ყოფილიყვნენ საავადმყოფოებში ან იზოლაციაში არიან, დარწმუნებული ვარ ფიქრებით ყველანი ვია დოლოროსაში იქნებიან. იმედს გამოვთქვამ ჩვენი მრევლი მალე დაგვიბრუნდება.“ - აღნიშნა იერუსალიმის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, ფრანცისკო პატონიმ.
მამა შალვა კეკლია სააღდგომოდ საფლავზე გასვლის პრობლემას ვერ ხედავს. მამაო „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თუ კი საფლავზე მისული ადამიანები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს დაიცავენ, მაშინ პრობლემა რაშია, ვერ ხვდება.
„ზოგადად საფლავზე სუფრის გაშლა ქრისტიანული ტრადიცია არაა. პირიქით, ეკლესიისთვის სრულიად მიუღებელია, რომ იქ ღრეობა იმართება და ხალხი სვამს. მიცვალებულის პატივისცემა ლოცვით უნდა გამოიხატოს. სუფრა იქ არ უნდა გაიშალოს. ქრისტიანი ადამიანისთვის ეს ყველაფერი მიუღებელია.
საფლავზე გასულმა ადამიანებმა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ. შორიდან მოვიკითხოთ და მივესალმოთ ერთმანეთს.
წესებს ასევე მარკეტში ვიცავთ, დავდივართ ქუჩაში. ყველას უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ პანდემიაა და სიფრთხილეა საჭირო,“ – ამბობს მამა შალვა „რეზონანსთან“.
ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე კი „რეზონანსთან“ აბობს, რომ მას სასაფლაოზე მოსახლეობის გავლის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა გაგუგებარია მაშინ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება რაში დაგვჭირდა. თუკი ქუჩაში სამ კაცზე მეტის დგომა იკრძალება და ამის გამო პოლიცია მოსახლეობას აჯარიმებს, მაშინ სასაფლაოზე ადამაინების მასობრივი შეკრებაც დასჯადი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული რეკომენდაციები და კარანტინი აზრს კარგავს.
„თუკი გამოცახდებულია, რომ 3 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება და ამის გამო ხალხს 3 ათას ლარიან ჯარიმებს ვუწერთ, მაშინ საფლავზე მასობრივი გასვლა, რა თქმა უნდა, დასჯადი უნდა იყოს. ეს ყველაფერი კი იმიტომ გაკეთდა, რომ ფიზიკური და სოცილური დისტანცია დავიცვათ. ხალხის მასობრივ შეკრებაში, რა თქმა უნდა, გარკვეული რისკები არსებობს. აქ ეკლესიის როლს იმდენად ვერ ვხედავ, როგორც ხელისუფლების. ამ ყველაფრის დარეგულირება მთავრობამ უნდა შეძლოს. ან ამბობს და აკეთებს, ანა არადა საერთოდ ამ ყველაფერს აზრი ეკარგება. მაშინ ხალხი სახლში რაღაზე გამოვკეტეთ? ეს კომენდატის საათი საერთოდ ვერ გავიგე. ვირუსი ღამე ხომ არ დაფრინავს. ამიტომ რაც საგანგებო მდგომარეობის დროს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმას არ აკეთებს და მე მაგალითად ამ აკრძალვების მიზანს ვეღარ ვხედავ“, - ამბობს ჩიხლაძე „რეზონანსთან“.