
ნავთობის უმსხვილესმა მომპოვებელმა ქვეყნებმა 10 აპრილს, 10-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გამოაქვეყნეს განცხადება, რომლის მიხედვითაც ნავთობის მოპოვება მაისსა და ივნისში 10 მილიონი ბარელით შემცირდება. გადაწყვეტილებამ ბაზარზე, ფასების სტაბილიზაცია უნდა გამოიწვიოს, რაც ამ შემთხვევაში შავი ოქროს გაძვირებას გულისხმობს. შემდგომი გეგმა კი ასეთია: 1-ლი ივლისიდან, შემცირება დღეში 8 მილიონი ბარელი იქნება, ხოლო 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აპრილამდე კი – დღეში 6 მილიონი ბარელი.
აღნიშნული პირობები "ოპეკი პლუსის" ყველა წევრს ხელს აძლევდა გარდა მექსიკისა. ამის გამო, მასთან მოლაპარაკებები გაიწელა. მექსიკას არ მოსწონდა ვარიანტი, რომლის მიხედვითაც მას ნავთობის მოპოვება დღეში 400 000 ბარელით უნდა შეემცირებინა. ბოლოს, ქვეყნის წარმომადგენელმა უარი თქვა აღნიშნული შეთანხმების დამტკიცებაზე და დატოვა ვიდეოკონფერენცია.
"ოპეკი პლუსში" იმედს გამოთქვამენ, რომ სამომავლო შეთანხმებას შეუერთდება აშშ და კანადაც და ასეთ შემთხვევაში მაისი-ივნისში დღეში უკვე 15 მლნ ბარელის შემცირება იქნება შესაძლებელი. ჯერჯერობით გაურკვეველია ბრაზილიისა და ნორვეგიის პოზიციები, რომელთა წარმომადგენლებსაც აგრეთვე გადაეგზავნათ ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობის მიღების შესახებ ინფორმაცია.
რა ასახვა ექნება ბაზარზე "ოპკი პლუსის" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და რატომ დადგა დღის წესრგში მოპოვების შემცირება, როცა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ რიგი ქვეყნების მხრიდან ზრდა ანონსდებოდა, ,,რეზონანსთან“ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა ისაუბრა:
"მსოფლიო ეკონომიკა სწორედ ამ შეხვედრის ირგვლივ ტრიალებდა ბოლო დღეების განმავლობაში. ეს იყო საკმაოდ რთული მოლაპარაკება, სადაც ოპეკის გარდა კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ნავბთობმომპოვებლებიც მონაწილეობდნენ.
ბოლო პერიოდში, ნავთობის ღირებულება უპრეცენდენტოდ დაბალ ნიშნულზე იყო და შეხვედრის მიზანი სწორედ ფასების სტაბილიზაცია გახლდათ. ასეთი დაბალი ფასი სანავთობო ინდუსტრიას დიდ ზარალს აყენებდა. ასეთია ახლა რეალობა მსოფლიოში - ნავთობზე მოთხოვნა ძალიან არის შემცირებული, მოპოვება კი გაზრდილი იყო, ამის გამო ნავთობის ყველა საცავი გადაივსო.
მთავარია, რომ შეთანხმება მიღწეულია და დღის წესრიგში ფასების სტაბილიზაციაა. სავარაუდოდ, ახალი წონასწორობის ნიშნული 1 ბარელზე 30 დოლარზე იქნება“, - განაცხადა ვანო მთვარალაშვილმა.
9 აპრილის მონაცემებით, ერთი ბარელი "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი 33.85 დოლარი ღირდა, ტეხასური "ლაითი" კი - 26.06 დოლარი. "ოპეკი პლუსის" წევრების შეხვედრამდე ბოლო დღეებში ფასი სულ უფრო მაღლა მიიწევდა, მაგრამ შეთანხმების შემდეგ რატომღაც კლება დაიწყო და 10 აპრილს დღის ბოლოს, შესაბამისად, 31.5 დოლარსა და 22.7 დოლარაზე დაფიქსირდა.
ექსპერეტი ბექა კემულარია ამბობს რომ მსგავსი შეთანხმება თავისუფალ ბაზარზე ზოგადად მოუღებელი და კანონგარეშეა, მაგრამ ამის უფლება რატომღაც მხოლოდ ოპეკს აქვს.
,,ბიზნეს სუბიექტები, ფასზე რომ თანხმდებიან და ერთმანეთთან შეთანხმებით ადგენენ, ეს არის უკანონო ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. ბიზნესი,უნდა აწარმოო ბაზარზე დამკვიდრებული ქცევის წესებით. კონკურენტთან შეთანხმება აბსოლუტურად გაუგებარია. ოპეკი, ამ მხრივ, ერთადერთი "დაკანონებული", უკანონო ორგანიზაციაა.
ჩვენი მოქალაქეებისათვის მთავარი ნავთობის ის ფასია, რაც შიდა ავტოგასამართ სადგურებზეა. საქართველოში, ადგილობრივ ბაზარზე რამდენად ადეკავტურად აისახება და რამდენად ითვალისწინებენ მოთამაშეები მსოფლიოში არსებულ ობიექტურ რეალობას, ეს კიდევ ცალკე განსახილველი თემაა. ამიტომ როგორ აისახება "ოპეკი პლუსის" შეთანხმება საქართველოზე. ეს ნამდვილად რთული სათქმელია“, - განუცხადა ,,რეზონანსს“ კემულარიამ.