
ცხინვალის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ცნობით, ქართული სპეცსამსახურები ბოლო დღეებში „რესპუბლიკის" ტერიტორიაზე აქტიურად ავრცელებენ ჭორებს რომელთა მიზანიც ერთის მხრივ მოსახლეობაში პანიკის დათესვა და ანტირუსული განწყობების გაღვივება და მეორე მსხრივ „რესპუბლიკის" ხელმძღვანელობის რეპუტაციის შელახვაა.
ამის მაგალითად ცინვალის „კა-გე-ბეს" რუსეთიდან შემოტანილ კორონავირუსის ტესტებთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობები მოჰყავთ. ცხინვალში სმს-ებითა და სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსზე მოქალაქეების ტესტირებისათვის გამოყენებული ჩხირები უვე დაინფიცირებულია კოვიდ-19 ვირუსით.
უფრო კონკრეტულად კი, ამ შეტყობინენების ტექსტი ასეთია: „მოსკოვმა სამხრეთ ოსეთს გაუგზავნა 500 ჩხირი კორონავირუსის შემოწმებისთვის ანალიზის ასაღებად. არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეთ ანალიზის ჩაბარებას, მათი ნახევარი დაინფიცირებულია".
ცხინვალის „კა-გე-ბეს" მტკიცებით, ამ დეზინფორმაციის უკან ქართული სპეცსამსახურები დგანან, რომლებიც „რესპუბლიკის ხელისუფლების დისკრედიტაციას" ცდილობენ.
„ამასთან დაკავშირებით მოვუწოდებთ რესპუბლიკის მცხოვრებლებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ სამოქალაქო თვითშეგნება, დაიცვან სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ორგანოების მითითებები და არ წამოეგონ დესტრუქციული ძალების პროვოკაციას, რომლებმაც მიზნად დაისახეს სამხრეთ ოსეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების გამწვავება კორონავირუსის პანდემიის ფონზე", - ნათქვამია „კა-გე-ბეს" განცხადებაში.