
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებული 1925 წელს დაბადებული ქალია. ექიმებს მისი საავადმყოფოში გადაყვანა სურდათ, მაგრამ უარი მიიღეს და ვერაფერს გახდნენ. შესაბამისად, ასაკოვანი ქალბატონი საკუთარ სახლში, თვითიზოლაციის რეჟიმში რჩება. ამ შემთხვევას კი აფხაზურ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები და გარკვეული ვნებათაღელვა მოჰყვა.
ეს აფხაზეთის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების მე-4 დადასტურებული შემთხვევაა. პირველი ინფიცირებული გალიდან ზუგდიდში გადმოიყვანეს,
რაც შეეხება სამ სხვა შემთხვევას, სამივე ინფიცირებული, და მათ შორის ხსენებული ასაკოვანი ქალბატონიც, ქალაქ გაგრაში ერთსა და იმავე 8-სართულიან კორპუსში ცხოვრობენ.
აფხაზეთში კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვისთვის შექმნილი ე.წ. სამთავრობო „ოპერატიული შტაბის" ცნობით, ვირუსით დაინფიცირებული ქალბატონი უარს აცხადებს საკარანტნე ზონაში გადასვლაზე და, ექიმების თხოვნის მიუხედავად, თვითიზოლაციას საკუთარ ბინაში აგრძელებს. ამის შესახებ გაგრის რაიონის ე.წ. ხელძღვანელი ვლადიმირ ჯენია აცხადებს:
„იმავე სადარბაზოში ცხოვრობს, სადაც პირველი ორი დაავადებული ცხოვრობდა. საავადმყოფოში გადასვლაზე უარს აცხადებს და ახლა მედიკოსები მის დარწმუნებას ცდილობენ. მოხუცებული ქალი მარტო ცხოვრობს", - განმარტა ჯენიამ.
მისივე თქმით, მრავალსართულიან სახლს, რომელშიც დაინფიცირების სამი შემთხვევა დადასტურდა, ხელმეორედ ჩაუტარდება დეზინფექცია. ქალბატონის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
აღსანიშნავია, რომ სხვა ორი ინფიცირებული გაგრიდან, რომელთა დიაგნოზი 7 და 8 აპრილს დადასტურდა, მკურნალობის კურსს გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიან და ორივე მათგანის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
ამ შემთხვევის გამო აფხაზეთში საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო. სოციალურ ქსელებში და ინტერნეტ-ფორუმებზე მოქალაქეთა ნაწილი ასაკოვანი ქალბატონის უარს საავადმყოფოში გადაყვანაზე გამართლებულად მიიჩნევს, მას გამბედაობას უქებს და დღეგრძელობას უსურვებს. მეორე ნაწილი კი აღშფოთებულია ექიმთა უსუსურობითა და არაპროფესიონალიზმით, რადგან მათ საშიში გადამდები დაავადების მქონე პაციენტი სახლში დატოვეს.
მათი შეფასებით, 95 წელი ის ასაკია, როდესაც ადამიანი შესაძლოა ნებისმიერი სხვა დაავადებით გარდაიცვალოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ქალბატონის გარდაცვალების მიზეზად ავტომატურად კოვიდ-19 ვირუსი დასახელდება და შესაბამისად, ოფიციალურად დაფიქსირდება კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა, რასაც შესაძლოა „რესპუბლიკაში", სადაც ხალხს ისედაც დაძაბულობის ზღვარზე უწევს ცხოვრება, ნამდვილი პანიკა გაოიწვიოს.
აფხაზური მედიიდან ამ ქალბატონის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ იგი გაგრაში 8-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, საკუთარ ბინაში მარტო ცხოვრობს.