
კორონავირუსით ინფიცირებულმა ქუთაისელმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, ცხელების ცენტრს აპრილის თვის დასაწყისშიც მიმართა.
ქუთაისის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელის, არჩილ მუკბანიანის განცხადებით, მას სამედიცინო დაწესებულებაში პირველი ვიზიტისას ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა და ის სახლში ისე გაუშვეს, რომ ვირუსზე ანალიზი არ გაუკეთეს. 10 აპრილს ახალგაზრდა მამაკაცმა ცენტრს უკვე მაღალი ტემპერატურით მიმართა და „კოვიდ-19" დაუდასტურდა.
მოქალაქე, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ვირუსი არ ჰქონდა 9 აპრილს ბაღდათში მშობლებთან ჩავიდა. სოფელ შუბანში მისი ვიზიტის გამო ამ დროისთვის ოცამდე ადამიანი თვითიზოლაციაში, ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრები კი კარანტინის ზონაში იმყოფებიან.
„ჩვენ ვხელმძღვანელობთ შესაბამისი პროტოკოლით და ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე დაავადებათა კონტროლის ეპიდემოილოგი იღებს გადაწყვეტილებას, გაკეთდეს თუ არა ანალიზი. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოხდა. პირველი ვიზიტისას მას არ ჰქონდა სიმპტომები", - განუცხადა მუკბანიანმა საქართველოს პირველ არხს.