
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 21 აპრილს იწურება და უკვე გავრცელდა ცნობები, რომ უკვე მომავალ კვირას მთავრობა ამ მდგომარეობის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხს განიხილავს. სპეციალისტთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ საგანგებო მდგომარეობის 2 კვირაზე მეტი ხმით გაგრძელება არ იქნება საჭირო და აცხადებენ, რომ ეს ორ მთავარ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული - როგორი იქნება ცორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა კვირის ბოლოს და როგორ ჩაივლის აღდგომის დღესასწაული.
ორშაბათს პარლამენტის ბიუროს სხდომაა დანიშნული, რომელზეც პარლამენტის მომავალი პლენარული სხდომის თარიღი და დღის წესრიგი გაირკვევა. „რეზონანსი“ შეეცადა საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებისაგან მიეღო დამატებითი ინფორმაცია, თუმცა კვირას მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჟურნალისტებთან საუბარში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არ გამორიცხა.
„ყველაფერი შესაძლებელია. ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე ან პირიქით, ვნახოთ როგორ განვითარდება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტებთან საუბარში ასევე არ გამორიცხავს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან ერთად, მისი ზომებიც გამკაცრდეს. ამასთან, გახარიას განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის კიდევ უფრო გამკაცრება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე იქნება.
„ქვეყანაში რეგიონალური კლასტერების რაოდენობა იზრდება. შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით წესების გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში. რადგან ქობულეთშია საკმაოდ სერიოზული კლასტერი, მარნეული-ბოლნისში არსებული ვითარება მოგეხსენაბათ, ახლა ლენტეხი გაჩნდა… სამეგრელოშია რამდენიმე შემთხვევა, ბათუმში… ვნახოთ, რა შედეგები გვექნება“, -ამბობს გახარია.
ექსპერტესბი და ინფეციონისტები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ თუკი ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის ზრდის დაბალი ტემპი შენარჩუნდება, მაშინ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება 2 კვირაზე მეტი ხნით არ უნდა დაგვჭირდეს. მათი თქმით, ახლა ყველაფერი აღდგომის დღესასწაულზე იქნება დამოკიდებული და იმაზე, თუ ჩვენი მოქალაქეები ფიზიკურ დისტანციას როგორ დაიცავენ. მათი თქმით, თუ ყველა რეკომენდაციის დაცვა მოხდება და 21 აპრილისთვის სიტუაცია გაუარესებული არ იქნება, ნელ-ნელა ქვეყანა გეგმაზომიერად ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს უნდა დაუბრუნდეს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ზომების გამკაცრება ან პირიქით შერბილება, მხოლოდ და მხოლოდ მომავალი კვირის სტატისტიკასა და ეპიდდინამიკაზე იქნება დამოკიდებული.
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ შიდა გავრცელების სტარტი ჩვენთვის მარტის ბოლო იყო, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მაისის შუა რიცხვებამდე სრული სურათის გამოხატვა მოხდება. ამის შემდეგ კი ჩვენი ცხოვრებაც თანდათანობით დალაგდება. იმუნოლოგი ამბობს, რომ თუ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა, მაშინ ძალიან დიდ სიფრთხილეა საჭირო, რათა მოსალოდნელი ეკონომიკური ზიანით ჩვენს მოსახელობას უფრო მეტი პრობლემა არ შევუქმნათ, ვიდრე ეს შეიძლება კორონავირუსმა შექმნას.
„ახლა ვირუსის გავრცელების საფრთხის პარალლეურად მეორე, მნიშვნელოვანი რამ დევს სასწორის პირზე. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიური სტაბილურობაა. რაც გვაქვს, ისიც არ დაკარგოთ. ამიტომ აქ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ეკონომიკური ზიანით უფრო მეტი პრობლემა არ შევუქმნათ ადამიანებს, ვიდრე თვითონ ამ კორონავორუსით.
„ამიტომ მგონია, რომ ხელისუფლებაც ამაზე ფიქრობს და გარკვეული ოქროს შუალედის პოვნას ცდილობენ. მგონია, რომ ამაზე იფიქრებენ და გარკვეულ გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მიიღებენ“, - ამბობს „რეზონანსთან“ იმუნოლოგი.
ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ყველაფერი ვირუსის გარცელების სიჩქარეზე და ინფიცირებულთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. მისი თქმით, ჯერჯერობით მოვლენები საკმაოდ პოზიტიური სცენარით ვითარდება, თუმცა წინასწარ საუბარი იმაზე, თუ მომდევნო კვირებში რა იქნება, რთულია.
ზოიძე ფიქრობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხი ასევე აღდგომის დღესასწაულზე იქნება დამოკიდებული და იმაზე, ჩვენი მოსახლეობა ხელისუფლებას ხელს როგორ შეუწყობს. თუმცა, ზოიძე აქვე ამატებს, რომ, დიდი ალბათობით, ორ კვირაზე მეტ ხანს საგნაგებო მდგომარეობა არ გაგრძელდება. ხოლო მოხდება თუ არა ზომების გამკაცრება ან შერბილება, ეს უკვე ისევ და ისევ ვირუსიის გავრცელების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული. სავარაუდოდ, კონკრეტული ციფრები და სურათი უკვე ერთ კვირაში უნდა გამოიკვეთოს.
„ფაქტია, რომ ჩვენთან თვენახევარზე მეტს საგანგებო მდგომარეობით ვერ გავძლებთ. მართალია, ჩინელებმა რა შედეგიც მიიღეს, ის 3-თვიანი კარანტინის შედეგია, მაგრამ საქართველოში არც იმ დონის მასშტაბური გავრცელებაა, რაც იქ იყო და არც ისეთი შესაძლებლობის ეკონომიკის ქვეყანა ვართ, როგორიც ჩინეთია. ამიტომაც საქართველო უფრო სწრაფად მოახერხებს კორონავირუსის დამარცხებას, ვიდრე ეს ჩინელებმა და სხვა ქვეყნებმა შეძლეს.
„ამ დგომარეობიდან გეგმაზომიერი გამოსვლა მოხდება. საგანგებო მდგომარეობის მოხსნიდანვე ყველა სტადიონზე ვერ შევიკრიბებით. ეს იქნება გეგმაზომიერი ეკონომიკური ცხოვრების დაწყება იმ ჯგუფების მიერ, რომლებიც ვირუსის გავრცელებას ხელს ნაკლებად შეუწყობს. თუ ასეთ შეკავებას შევძლებთ, მაშინ საქმე ძალიან კარგად იქნება.
„პირდაპირ გეუბნებით, რომ ყველაფერი მაინც აღდგომის დღესასწაულზე იქნება დამოკიდებული. იმ დღეს როგორ მოვიქცევით, ძალიან გდამწყვეტი იქნება - დაგვჭირდება კიდევ უფრო ზომების გამკაცრება და საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება, თუ პირიქით, არ დაგვჭირდება. პრინციპში, 2 კვირის დამატება თუ დაგვჭირდება, მეტის არა. კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს ჩვენზე იქნება ახლა დამოკიდებული“, - ამბობს ზოიძე „რეზონანსთან“.
ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ის საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაში აზრს ვერ ხედავს. მისი თქმით, აქმადეც სრულიად გაუგებარი იყო კომენდატის საათის გამოცხადება რაში გვადგება, რადგანაც ვირუსი ღამე არ დადის და დღისით ამ კარანტინის პირობებში საზოგადოება მაინც აქტიურად მოძრაობს.
„საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება დამოკიდებული იქნება იმაზე, სახელმწიფო რამდენად ეფექტურად გაგდადგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ ვირუსის მასობრივი გავრცელება არ მოხდეს. არ მიმაჩნია, რომ აქამდეც საგანგებო მდგომარეობა სწორად იყო გამოცხადებული. ზოგადად, ასეთ მდგომარეობას იმიტომ აცხადებენ, რომ ჰქონდეთ იურდიულად ბერკეტი, რათა რაღაც ღონისძიებები უფრო ეფექტურად განახორციელონ.
„ამ პერიოდის განმავლობაში, რასაც თავლს ვადევნებ, განსაკუთრებულს არაფერს აკეთებენ. ვირუსი კიდევ მაინც და მაინც ღამე არ მძვინვარებს. ამიტომაც კომენდატის საათის შემოღების აზრი ხომ ასერთოდ ვერ გავიგე. ხალხი ღამე სიარულისგან ისედაც თავს იკავებდა.
„კომენდატის საათი დღესვე რომ გაუქმდეს, მომხრე ვარ. თუ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება, მაშინ უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ მოკლე დროში და უფრო მეტ ეფექტს მივიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროში გაწელილი ეს მდგომარეობა ჩვენს ეკონომიკას პირდაპირ დაარტყამს და მერე სანერვიულო მარტო კორონა ვირუსი აღრა გვექნება.
„მეტი სწრაფი ტესტების გაკეთებაა საჭირო, ხოლო აკრძალვებმა ყველასთვის უნდა იმუშაოს. მაშინ ამდენი ხნით საგანგებო მდგომარეობა აღარ დაგვჭირდება. ტრანსპორტის აღდგენა და ნელ-ნელა ეკონომიკური აქტივობების დაწყებასაც შევძლებთ. სხვაგვარად საკმაოდ ცუდ სურათ მივიღებთ“, - ამბობს ჩიხლაძე „რეზონანსთან“.