
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები დღითიდღე მკაცრდება და უკვე რამდენიმე ე.წ. წითელი ზონა გაჩნდა. დღეის მონაცემებით რამდენიმე რეგიონი გვაქვს, სადაც მკაცრი საკარანტინო ღონისძიებები ხორციელდება. მარნეულის და ბოლნისიის შემდეგ, გაიზარდა რეგიონების რაოდენობა, სადაც კორონავიურისთი დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება და ეპიდაფეთქების კერები გაჩნდა.
3 დღის უკან მკაცრი საკარანტინო ღონისძიებების განოხორციელება დაიწყო და სრულად ჩაიკეტა: ლენტეხი, ვანი, ქობულეთის რამდენიმე სოფელი და ახალ უკვე ხაშურიც.
პარალელურად მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს ქობულეთის იმ სოფლებშიც, სადაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლასტერია - ინფიცირებულია 20 ადამიანი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მირიან ქათამაძის თქმით, თერმოსკრინინგის შედეგად 13 საეჭვო შემთხვევას აკვირდებიან, გამოვლენილია 355 კონტაქტი.
მისივე თქმით, ქობულეთის საკარანტინო ზონად გამოცხადებულ ოთხივე სოფელში ჯამში დაახლოებით 11,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და კვირის ბოლომდე მათი თერმოსკრინინგი სავარაუდოდ, სრულად დასრულდება.
"1,600-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა შემოწმება. ჩატარდა გამოკითხვა, პროცესის შედეგად 13 საყურადღებო შემთხვევა გამოვლინდა," - განაცხადა მირიან ქათამაძემ.
„რეზონანსთან" ადგილობრივები ამბობენ, რომ ქობულეთში შიდა გადაცემა საკმაოდ დიდია და სოფლის მცხოვრებლების ნაწილს კორონავირუსი გადატანილი აღმოაჩნდა. ასევე უცნობია პირველ წყარო, საიდან მოხდა სოფლის მაცხოვრებლების დაინფიცირება. ამიტომაც სოფლის სრულიად ჩაკეტვა საჭირო გახდა.
„სამივე სოფელში საკმაოდ ბევრ ადამიანზე ფიქრობენ, რომ შესაძლაო კორონავიურსი ჰქონდეთ. როგორ მოხდა და ვინ იყო გავრცელების პირველწყარო, არ იციან. გამოვლინდა, რომ მოსახლეობის ნაწილს კორონავირუსი გადატანილიც კი აქვს. ანუ, უსიპტომოდ ისე, რომ ვერც გაიგეს.
"ყველაფერი ჩაკეტილია და თუ სოფელში ვინმე შემოვა, უკან ვეღარ გადის. ბლოკპოსტებია მოწაყობილი და ყველას ამოწმებენ. სოფლიდან არავინ გადის და ვინც შედის კიდევ, ის ვეღარ გამოვა", - ამბობს ადგილობრივი ზურა აბულაძე „რეზონანსთან"
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დასავლეთის სარდლობის სამოქმედო არეალს კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები დაემატა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკიდან გამომდინარე დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს II ქვეითი ბრიგადა შსს-ს ძალებთან ერთად უკვე მეორე დღეა აკონტროლებს.
22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარასა და ლეღვაში დილიდან უკვე მოაწყო გადაადგილების შეზღუდვის ორი ძირითადი პუნქტი. შემოვლითი გზების ბლოკირებისთვის კი, სამხედროები გადაადგილების შეზღუდვის მცირე ზომის 7 პუნქტზე არიან მობილიზებული.
ადგილზე დამონტაჟებულია ბარიერები, ღამის ძლიერი განათების სისტემები, მოქალაქეების თერმოსკრინინგისთვის გაშლილია სამედიცინო კარვებიც. ორივე სოფელში აკრძალულია მოქალაქეების შესვლა და გამოსვლა. ამ რეჟიმის აღსრულებას სამხედროები და სამართალდამცავები ერთად უზრუნველყოფენ.
დილიდან ქობულეთის საგუშაგოებზე გვარასა და ლეღვაში II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია იმყოფებოდა. მან სამხედროებს საკარანტინო ზონაში მოქმედების შესაბამისი ინსტრუქტაჟი მისცა და სამართალდამცავებთან კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
22 მარტიდან დღემდე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით 261 149 ავტომანქანა სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეს, ხოლო 770 780 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარეს. COVID-19-ის წინააღმდეგ დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფები სამოქმედო არეალში უკვე 39 საგუშაგოზე არიან მობილიზებული.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით კი ბოლო 24 საათში დადასტურებული COVID 19-ის 14 შემთხვევიდან უმრავლესობა ქობულეთის კლასტერიდან არის.
დაინფიცირებულთა შორის ქობულეთის სამედიცინო კლინიკის სანიტარიც არის. აჭარის ჯანდაცვის უწყება ადასტურებს, რომ ორი ინფიცირებულიდან ერთი სამედიცინო პერსონალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ე.წ. შიდა გადაცემა.
რამდენიმე დღის წინ, ამ საავადმყოფოში სხვა ჩივილებით მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ქობულეთის მერის თქმით, სოფლებში დღეიდან დაიწყება მობილური ბაზრების ფუნქციონირება აად ადგილობრივ მოსახლეობას საკვების და პროდუქტების პრობლემა არ ექნება.
საკარანტინო წესები ასევე ხაშურშიც გამკაცრდა. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ავრცელებს. მისი თქმით, გადაწყვეტილების შესახებ ცენტრალურ საკოორდინაციო საბჭოს უკვე ეცნობა, რომელმაც საკითხთთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს.
გადაწყვეტილება კორონავირუსის კიდევ ერთ ახალ შემთხვევას უკავშირდება, რომელიც დღეს სოფელ ხიდისყურში დილით დადასტურდა. ახალი ინფიცირებული იმ ქალის კლასტერიდანაა, რომელიც ირანის მოქალაქეებთან თარჯიმნად მუშაობდა და "კობიდ-19" გუშინ დაუდასტურდა.
ორივე ოჯახში 10-მდე ადამიანი ცხოვრობს, მათ თავის მხრივ შეხება ჰქონდათ კიდევ სხვა პირებთან. ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია. ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს სწავლობენ.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, გომის თემში შემავალი სოფელი ხიდისყური ჩაიკეტა, დაკეტილია მაღაზია, რომლითაც ხშირად სარგებლობდა ქალი, რომელსაც გომში კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა.
გადაადგილება აიკრძალა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სოფლის ყველა შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს, ინფიცირებულის ოჯახის ყველა წევრი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი, კოვიდ19-ზე ანალიზის პასუხები ცოტა ხანში გახდება ცნობილი. ასევე თვითიზოლაციაში იმყოფებიან ინფიცირებულის მეზობლებიც.
გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, აღებული 9 ნიმუშიდან დადებითი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა.
მისივე თქმით, დადგენილია ყველა კონტაქტი და სოფელში მიმდინარეობს როგორც სადეზინფექციო სამუშაოები, ასევე მოსახლეობის ტემპერატურის კონტროლი.
ახალი პაციენტი გუშინ გამოვლენილი შემთხვევის მეზობელი და ნათესავია. ის კარანტინში გუშინვე, სხვა კონტაქტებთან ერთად, გადაიყვანს.
3 დღის წინ კი ლენტეხში დაწესდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც ბოლნისისა და მარნეულში მოქმედებს. რეგიონის ასევე სრული ჩაკეტვა მოხდა. აქ კი საქმე 55 წლის ბიზნესმენს ეხება, რომელმაც დაბადებისდღე გადაიხადა და რამდენიმე ადამიანი დაპატიჟა. მას კი სავარაუდოდ, კორონავირუსი სიძისგან გადაედო, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია.
ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების სულ 5 შემთხვევა გამოვლინდა. თავდაპირველად, 8 აპრილს კოვიდ19-ით ინფიცირება 53 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში გადაადგილდებოდა.
მკაცრი საკარანტინო ზომები ასევე მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებშია გამოცახდებული. პრემიერის გადაწყვეტილებით აიკრძალა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა.
რადიკალური ზომების მიღება მარნეულის რაიონში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევის გამოვლენამ გამოიწვია. მარნეულში მცხოვრებ 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. ის მარნეულიდან თბილისის კლინიკაში 22 მარტს, დღის მეორე ნახევარში გადმოიყვანეს. ეპიდემიოლოგებმა ვერ მოახერხეს ქალის დაინფიცირების ზუსტი წყაროს დადგენა. ამიტომაც ორი მუნიციპალიტეტის ჩაკეტვა საჭირო გახდა.