თამთა ჩაჩანიძე
13.04.2020

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის მოდელის წარდგენას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერს, ხოლო, თავის მხრივ ხელისუფლება აცხადებს, რომ ეპიდემიის გავრცელების პრევენციისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება საჭიროა.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გახანგრძლივების საკითხზეც იმსჯელეს.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ანტიკრიზისული პაკეტის გარეშე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ადამიანების შიმშილისთვის გაწირვას ნიშნავს.

"ჩვენი მხარდაჭერა ამ საკითხზე არ იქნება უკრიტიკო და უპირობო. მათ აუცილებლად უნდა წარადგინონ დოკუმენტი საგანგებო მდგომარეობის შესახებ, სადაც ასახული იქნება ყველა დეტალი, დახმარების პროექტი, თუნდაც, ბიუჯეტში ცვლილებები, რომელიც უნდა აისახოს თითოეული ოჯახზე. ხალხი მშიერია. ათიათასობით თვითდასააქმებული სახლში ზის, ამას დამატებული - ადმინისტრაციული წესით საწარმოების დახურვა. ამ ყველაფერს არ მოჰყოლია ხელისუფლების შემხვედრი ნაბიჯი.

„ბიზნესთან მიმართებით საგადასახადო ცვლილებებია მისაღები. ანტიკრიზისული პაკეტის გარეშე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს ადამიანების გაწირვას შიმშილისთვის"- აღნიშნავს რომან გოცირიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას პარლამენტში 76 ხმა სჭირდება, რისი რესურსიც ხელისუფლებს გააჩნია, თუმცა, მისივე თქმით, ამჯერად საქმე არა ოპოზიციის ხმებს, არამედ ერთიან პრობლემას ეხება.

„საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას პარლამენტში 76 ხმა სჭირდება და უმრავლესობას ეს ხმები ნამდვილად აქვს რომ გაარგძელოს საგანგებო მდგომარეობა. ასე რომ, ოპოზიციის მხარდაჭერა მას არ სჭირდება, მაგრამ, საქმე აქ მარტო კენჭისყრაში ხომ არაა, საქმე ეხება იმ ერთიან პრობლემას, რა პრობლემის წინაშეც ქვეყანა დგას, ეს მხარდაჭერა პოლიტიკური და სოციალური უფროა, ვიდრე, უბრალოდ ხმების მიცემა.

„ზოგადად, კარგია, როცა საფრთხისადმი ოპოზიციური და სახელისუფლებო პოლიტიკური წრეები ერთ პლატფორმაზე დგანან.

„ოპოზიცია გეგმას ორი მიმართულებით განიხილავს, ერთი მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებული, რომ ადამიანები არ მუშაობენ, მათ შემოსავალი არ აქვთ, თუ აქვთ დანაზოგი, ხარჯავენ, თუმცა, უმრავლესობას ეს დანაზოგიც არ აქვს, შესაბამისად ოპოზიცია ითხოვს, რომ მიმდინარე ეტაპზე რაღაც სოციალური გარანტიები თუ დახმარებები ხელისუფლების მხრივ ბიუჯეტიდან გაცემული იქნას.

"მეორე არის ის, რომ, კრიზისის დასრულების შემდეგ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეკონომიკა საკმაოდ მძიმე დღეში იქნება და ამ კრიზისის დასაძლევად ბიზნესისათვის დახმარება მოხერხდეს ისე, რომ სოციალური დახმარებაც იყოს შენარჩუნებული, ამ ორი მიმართულებითაა ოპოზიციის გეგმა.

„მაგრამ, აქ პრობლემა ისაა, რომ არ ვიცით კრიზისი რამდენ ხანს გაგრძელდება, არც ის არ ვიცით რა შედეგებს გამოიწვევს და ბიუჯეტში რა თანხები იქნება აკუმულირებული, ამიტომ ხელისუფლებისათვის ასეთი ნაბიჯების გადადგმა საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ თუ რაღაცას განაცხადებს, შემდეგ ოპოზიცია ბუნებრივია ამის შესრულებას მოითხოვს. ამიტომ, ჯობია, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად ოპოზიციამ და ხელისუფლებამ რაღაც საერთო გეგმა შეიმუშავონ" - განაცხადა მან.

მისივე თქმით, პანდეიის წინააღმდეგ ხელისუფლების ბრძოლა შედეგიანია, თუმცა მისი თქმით მთავარია ის, თუ პოსტკრიზისული პერიოდი როგორი იქნება.

„პანდემიასთან დაკავშირებულ პროცესს ხელისუფლება ჯერჯერობით ძალიან კარგად მართავს, ამაზე ფაქტები მეტყველებს და ვიცით რომ მსოფლიოში ამ მხრივ ვითარება როგორია. მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ ამ კრიზისის დასრულების შემდეგ რა მოხდება. ამ კუთხით, რასაც ოპოზიცია ითხოვს, ხელისუფლებამ მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგას განსაკუთრებით სოციალური მიმართულებით" - განაცხდა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×