
საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. რა იქნება მისი გაუზმების შემდეგ და როგორი იქნება პროდუქციაზე ფასი, მოსახლეობას ახლე ყველაზე მეტად სწორედ ეს აღელვებს. ბიზნეს სექტორის ნაწილი, ლარის გაუფასურებისა და შეჩერებული საქმიანობის გამო, გაძვირებაზე უკვე ალაპარაკდა.
ბაზარზე სასურსათო პროდუქციის უწყვეტად მიწოდების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობისთვის არსებულ კრიზისულ ვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ფორსმაჟორულ ვითარებაში ფასების მდგრადობის შესანარჩუნებლად, პირდაპირი საბიუჯეტო სუბსიდირებაც ხორციელდება, მარტში მთავრობამ შეარჩია ცხრა დასახელების სურსათი (ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი, და ლობიო) და მათი სუბსიდირებისთვის 10 მილიონი ლარს ხარჯავს. ასევე, მარაგის შევსებისთვის მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულებები 1,5 მილიონი ლიტრი ზეთის, 5000 ტონა შაქრის და 400 ტონა მაკარონის შესყიდვაზე, რაზეც 13 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება.
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მიანიშნა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა, მაისში ეტაპობრივად მოიხსნას, თუმცა იქვე დასძინა, რომ იმისთვის, რათა მოქალაქეები ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდნენ, აუცილებელია, ყველამ გაითვალისწინოს უსაფრთხოების ის რეკომენდაციები, რომელთაც სახელმწიფო გასცემს.
"რაც უფრო მეტად დავიცავთ წესებს, რაც უფრო მეტი ყურადღებას გავამახვილებთ უსაფრთხოებისთვის აუცილებელ შეზღუდვებზე, ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. თუ ეს პირობები განუხრელად შესრულდება, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ მაისიდან დავიწყოთ მაკცრი ზომების ეტაპობრივად მოხსნა, რის საშუალებასაც მიმდინარე მონაცემები მოგვცემს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რა იქნება შემდეგ, როცა საგანგებო რეჟიმი აღარ იმოქმედებს და ბიზნეს სუბიექტების გადაწყვეტილებებზე, მთავრობას ვერანაირი კონონიერი გავლენა ვეღარ ექნება? მწარმოებლების და ბიზნეს სექტორის დიდი ნაწილი ფასების ზრდას ვარაუდობს. ეს, პირველ რიგში, აუცილებელი საჭიოროების მოხმარების საქონელზე აისახება. მიზეზი საგანგებო რეჟიმის დროს მიღებულ ზარალთან ერთად, ლარის გაუფასურებული კურსიცაა.
ბიზნესმენი, გოგი თოფაძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ამბობს, რომ მოლოდინის რეჟიმშია და ლარი თუ კორონავირუსამდელ კურსს არ დაუბრუნდა, გაძვირება გარდაუვალი იქნება. მასვე მთავრობის ეკონომიკური გუნდის იმედი აქვს, რომ ამის აუცილებლობა არ დადგება დღის წესრიგში.
,,ჩვენ კარგად ვხედავთ რა ხდება მსოფლიოში და საქართველოშიც. ხალხი გარეთ ვერ გამოდის და შესაბამისად, შემცირებულია პროდუქციის მოხმარება. ამ პირობებში ბიზნესი, რა თქმა უნდა, ძალიან ზარალობს. ეს ყველგან ასეა,და სამწუხაროდ, არც ერთ მთავრობას არ შეუძლია შეცვალოს ეს მოცემულობა.
ჯერ კიდევ რთული სათქმელია, რა იქნება საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, თუმცა ცალსახაა, რომ სხვა იყო კურსი კორონავირუსის პანდემიამდე და ახლა ძალიან არის გაუფასურებული. ამას სხვა ფაქტორებიც ემატება და თუ ეს ყველაფერი უცვლელად დარჩა, ფასის ზრდა ბევრ პროდუქციაზე მოგვიწევს.
მე მაინც იმედი მაქვს, რომ მთავრობა ისეთი მწყობრი ნაბიჯებით, როგორსაც დღეს დგამს, თავიდან აირიდებს ამ მოცემულობას. თავისთავად ვითარება კი ძალიან რთულია, გაჩერებულია კომპანიების უდიდესი ნაწილი, მათ ხალხის სამსახურებიდან გაშვება მოუწიათ“, - განაცხადა თოფაძემ.
გაძვირებას პროგნოზირებენ ის ბიზნესმენებიც, რომლებსაც ღიად საუბარი მთავრობის გადაწყვეტილებების მოლოდინის გამო, ჯერ არ სურთ. თუმცა, სუბსიდირების პერიოდის დასრულების შემდეგ, რომ გაძვირებული ხორბალი პურპროდუქტებისა და მეფრინველოების ფერმების ნაწარმის ფასზე აისახება, პირად საუბარში ყველა ადასტურებს.
ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნესის მფლობელი, თემურ ჭყონიაც ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ამბობს, რომ დანაკლისი აქვს მის წამროებას, თუმცა არა იმ მასშტაბის, რომ ეს გადასახდელ ფასზე ასახოს.
,,ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, რა ვადით გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა. ამ ეტაპისათვის კი ჩვენს ბიზნესზეც საკმაოდ დიდია დანაკლისი, მაგრამ არა იმ ოდენობის, რომ ეს ფასში ავსახო და მოსახლეობისაგან ამოვიღო. ლარის კურსის გაუფასურებას აქვს კონკრეტული მიზეზი, ეს მოთხოვნის კლებაა და იმედი მაქვს, რომ საგანგებო რეჟიმის მოხსნის შემდეგ, მალევე დასტაბილურდება. მიუხედავად ამისა, ბიზნესის ნაწილს ალბათ მოუწევს გაძვირება. მომხმარებელი რასაკვირველია, პასიურია, მაგრამ მათ გამოძახების სერვისით მაინც შეუძლიათ სარგებლობა და ჩვენ შესაბამისად ვმუშაობთ შეუჩერებლად“ - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, „ბიუ-ბიუს“ პროდუქტიც გაძვირდეს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძემ საუბრობს. პანდემიის გამო, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კომპანიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ფასი შეენარჩუნებინა, თუმცა ხორბლის გაძვირებამ და ლარის გაუფასურებამ, პროდუქტის საფასო პოლიტიკაზე შესაბამისი გავლენა მაინც იქონია.
„სანამ კორონავირუსით გამოწვეული ვითარება არ ჩაცხრება, ჩვენი პროდუქციის ფასი შენარჩუნდება. თუმცა, შემდეგ უკვე, ალბათ, მოგვიწევს გაძვირება. კომპანიას თვეში დაახლოებით, მილიონი ლარის ბრუნვა აქვს.
სირთულეები შექმნა ორმა ფაქტორმა, ხორბლის ფასის მატებამ და ლარის კურსმა. ამ ეტაპზე, აბსოლუტურად ვიზიარებთ შექმნილ მდგომარეობას, მომხმარებლის ინტერესებს და მაქსმალური გავაკეთეთ, რომ ფასი არ გაგვეზარდა. სანამ საგანგებო მდგომარეობა იქნება, ჩვენი პროდუქტი არ გაძვირდება“, - განაცხადა ვაშაკიძემ.
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ძირითადი სასურსათო პროდუქტების მიწოდების ჯაჭვის შესწავლით მოამზადა ანგარიში თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კორონავირუსს მოწოდებასა და ფასებზე. კვლევის მიხედვით, მხოლოდ პირველადი დანიშნულების საგნების გაძვირებაა მოსალოდნელი.