"ხანგრძლივი პაუზის შემთხვევაში არა მარტო მოსახლეობა გაკოტრდება ერთიანად, არამედ თვით კრედიტორები და კომერციული ბანკებიც"
სანდრო მდივანი
13.04.2020

ბანკების 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი, რომელითაც საზოგადოება ამ მძიმე ვითარების დროს სარგებლობს, ივნისში იწურება. გადახდის დრო თანდათან ახლოვდება. ხალხის ერთი ნაწილი ფიქრობსს, რომ საგანგებო ვითარება შესაძლოა, იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე წინასწარ იყო განსაზღვრული, შესაბამისად, ისინი სესხს ვერ გადაიხდიან. ამიტომ მოსახლეობა ბანკებისგან ახალ შემხვედრ ნაბიჯს ელის. ეკონომისტები კი ფიქრობენ, რომ საშეღავათო პერიოდი ისედაც მძიმედ დააწვება ეკონომიკურად განადგურებულ მოსახლეობას და საჭიროა ბანკებმა ნამდვილად შეაჩერონ კრედიტის მომსახურება და რეალური დახმარება გაუწიონ თავიანთ კლიენტებს.

მსოფლიოს მაგალითზე საქართველოს მოსახლეობა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოლოდინშია, თუმცა მათი ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი სწორედ ბანკები და ის გადასახადებია, რომლის გადახდასაც დღევანდელ პირობებში ვერ ახერხებენ. ამ ყველაფერს კი ემატება ადამიანთა დიდი არმიის უმუშევრად დარჩენა, რომელთა საკმაო ნაწილი ქალაქებშია თავმოყრილი და ბინის ქირას იხდის. მათი ხარჯი ასეთ შემთხვევაში ივნისიდან გაორმაგდება. გახდება თუ არა საჭირო სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი დახმარება, ამაზე ჯერჯერობით, მთავრობაში არ საუბრობენ, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ასეთ დროს ფინანსურ კრიზისში მყოფ ხალხს ხელისუფლება დაეხმაროს.

საბანკო სფეროს სპეციალისტი გიორგი ცუცქირიძე „ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ თუ კარანტინიგაგრძელდა და ადამიანებმა მუშაობა ვერ მოახერხეს, ბანკები სავარაუდოდ, გაახანგრძლივებენ საშეღავათო პერიოდს, რადგან პირველ რიგში, ეს მათ ინტერესებში შედის.

„სამთვიანი საშეღავათო პერიოდი იმიტომ  დაწესდა, რადგან თავიდან იყო პროგნოზი საყოველთაო კარანტინის 3 თვით შემოღების შესახებ. თუმცა  ეს იყო წინასწარი პროგნოზი და შეფასება. ამიტომ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სამი თვის ამოწურვის შემდეგ,  ვირუსის ეპიდემია ჩაცხრება. თუმცა, ვხედავთ ევროპის ქვეყნებს, სადაც ვირუსი პირდაპირი მნიშვნელობით მძვინვარებდა და ახლაც პიკშია, მაგრამ იქაც კი ნელ-ნელა იწყებენ მკაცრი ზომების შერბილებას. იმედია, ჩვენს ქვეყანაშიც ასე  მოხდება. 

თუკი ყველაფერი კარგად წავიდა, ეს ხალხი დაუბრუნდება სამსახურს და საშეღავათო პერიოდი  აღარ გაგრძელდება, მაგრამ თუ ჩვენ იმ სიტუაციასაც განვიხილავთ, რომ სამი თვის მერეც კარანტინი გაგრძელდება საკმაოდ მკაცრი შეზღუდვით, არ არის გამორიცხული, რომ კიდევ გახანგრძლივდეს საბანკო შეღავათები. ეს თავად ბანკების ინტერესიც არის. ადამიანებმა დაკარგეს სამუშაო, შემოსავალი და სახლში არიან გამოკეტილნი. რასაკვირველია ისინი ვერ შეძლებენ ბანკის კრედიტების მომსახურებას. ამის გამო, ყველაფერი თვითონ ბანკებისთვის გადაიქცევა პრობლემად. მე მაინც იმედი მაქვს, რასაც ევროპაში ვხედავთ შეზღუდვების შერბილებასთან დაკავშირებით, საქართველოშიც ასე მოხდება“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ცუცქირიძემ.

გახანგრძლივდება თუ არა საშეღავათო პერიოდები ამაზე ზუსტი პასუხი დღესდღეობით არავის აქვს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას, რომლებსაც მძიმე პეროდი უდგათ, დამატებით ტვირთად ბანკის ვალი არ უნდა დეამატოს. მათი დიდი ნაწილი ამჟამად პანდემიის პირობებში უსამსახუროდ არის დარჩენილი.

საბანო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ლია ელიავა აღნიშნავს, რომ საშეღავათო პერიოდი არ არის ნამდვილი სიკეთე, რაც ბანკებმა გამოიჩნეს. ეს მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მეტი ხარჯია სამომავლოდ, რადგან მცირე ხნით გადავადებული გადასახადებია.

„ეს საშეღავათო პერიოდი არც არის, ესაა გადავადებული ოღონდ სამომავლოდ უფრო გაზრდილი გადახდები, რაც კიდევ მეტად დააწვება ეკონომიკურად ჩავარდნილ მოსახლეობას. ამიტომ შეღავათი აქ ნამდვილად არაფერია. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, ამას სამ თვეს საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს და სხვათა შორის, ვერც ბანკები გაუძლებენ ეკონომიკის ასეთ დაპაუზებას. მათი ფინანსური მდგომარეობა ნამდვილად შეირყევა. ამიტომ პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გაგრძელდეს და თუ მართლაც მოხდა ასეთი სასწაული და ეს გაკეთდა, არა მარტო მოსახლეობა გაკოტრდება ერთიანად, არამედ თვით კრედიტორები და  კომერციული ბანკებიც. ასეთ შემთხვევაში ქვეყანას ვეღარ ამოვიყვანთ საშინელი კრიზისიდან და ჩვენ ალბათ პირველყოფილ თემურ წყობილებას დავუბრუნდებით. ამიტომ ეს არის ნაკლებად სავრაუდო სცენარი“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ლია ელიასვამ.

საქართველოს ბოლო წლებში სულ ჰქონდა ეკონომიკური კრიზისი, თუმცა სპეციალისტების ვარაუდით, გაყინული და გაჩერებული ეკონომიკა სამი თვის შემდეგ უფრო დიდ ზიანს მოუტანს ქვეყანას, ვიდრე ოდესმე. როგორც მოსახლეობა და ასევე ბიუჯეტი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×