თამარ შუკვანი
14.04.2020

საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის პიკის პერიოდი დაიწყო, რომელიც სავარაუდოდ ერთ ან ორ კვირას გასტანს. მსგავს პროგნოზს, რომ ყველაზე კრიტიკული სიტუაცია ქვეყანაში დაახლოებით 15-22 აპრილს იქნებოდა, ჩინეთის მაგალითზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სამინისტროში ჯერ კიდევ მარტის ბოლოს აკეთებდნენ.

ინფექციონისტნა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პროგნოზი გამართლდა და მომავალი ორი კვირა ყველაზე რთული იქნება. მეორე ნაწილის აზრით კი, ამაზე საუბარი მხოლოდ ეპიდემიის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც შესაძლებელი იქნება გაანალიზება, თუ დროის რომელ მონაკვეთში ფიქსირდებოდა ინფიცირების ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ეპიდემიის პიკი პრაქტიკულად დაწყებულია.

„გუშინ იყო 30 ახალი შემთხვევა. პროგნოზირება, ზუსტად როდის იქნება პიკი, არავის შეუძლია. სავარაუდოდ, ეს ორი კვირა გაგვიჭირდება. იმედი ვიქონიოთ, რომ იქნებ ახლა არის პიკის დღეები. იყო შედარებით მეტი შემთხვევა, შემდეგ ნაკლები. ერთი-ორი კვირა თუ გადავაგორეთ, შემდეგ უკვე წამოვა კლება. ეს დღეები ალბათ გარკვეულწილად პიკია," - თქვა მან.

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ინიფიცრებულთა რაოდენობის ზრდა იქნება, თუმცა, ეპიდ-ვითარება კონტროლს ექვემდებარება. იგი კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა პიკურ რაოდენობას არ ელოდება.

„პიკი, ეს არის ინფექციის მასიური გავრცელება, რისი წინაპირობაც ხომ უნდა არსებობდეს? ერთადერთი წინაპირობა არის, ბოლო პერიოდში გარკვეული დონის შეკრებები, მაგრამ მაინც დაცული იყო ეს ხალხი. მეტ-ნაკლებად იმაზე საუბარი, რომ მივიღებთ პიკს და დიდი რაოდენობით პაციენტები გვეყოლება, არ მგონია ასე მოხდეს. ერთადერთი, დაიწყება რაოდენობის მომატება და მნიშვნელოვანია, რომ ამ რაოდენობის მატება კონტროლირებადი იყოს და ჩვენი, ექიმების მხრიდან ადეკვატური რეაგირება მოხდეს.

„ჩვენთვის პიკი შეიძლება იყოს 500 ინფიცირებული მაშინ, როდესაც სხვაგან ათი ათასზეა საუბარი. მეეჭვება ინფიცირებულთა რაოდენობის დიდი სისწრაფით ზრდა მივიღოთ. როდესაც საქართველოში პანდემია დამთავრდება, შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკი იყო ამა და ამ დროს. გაზაფხულის დასრულებასა და ზაფხულის დაწყებასთან ერთად მოსალოდნელია პაციენტების შედარებით მეტი რაოდენობის მიღება.

„ნახტომისებრი ზრდა დამოკიდებულია ადამიანებზე - თუ რამდენად დაიცავენ რეკომენდაციებს. თუ კიდევ განმეორდა მარნეულის და ქობულეთის ვარიანტი, ეს მოგვცემს ნახტომისებურ ზრდას. ჯერჯერობით რაც ხდება, ამ ეტაპზე კონტროლირებადია," - აღნიშნა ხმალაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ დაახლოებით ორი კვირის წინ თქვა, სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი მოსალოდნელია პირველი შემთხვევების გამოვლენიდან საშუალოდ მე-7-8 კვირას. თამარ გაბუნიამ ასევე აღნიშნავს, რომ შეიძლება პიკი საქართველოში საერთოდ არ იყოს, თუ ყველა მითითებას და წესს დავიცავთ.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, მოვლენების განვითარების პესიმისტური სცენარით, ეპიდემიის პიკი შესაძლოა 15-22 აპრილს იყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×