
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდება და ამის პარალელურად საკარანტინო ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. თუკი ვირუსის გავრცელების მასშტაბი გაიზარდა და ეპიდდინამიკა სწრაფად შეიცვალა უარესობისაკენ, დამატებითი შეზღუდვებიც დაწესდება. მანამდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გხარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა ის აკრძალვები და შეზღუდვები, რაც ქვეყანაში ამოქმედდება.
მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები კი ასეთია:
- 15 აპრილის 21:00 საათიდან მთლიანად იკეტება ქვეყნის 4 ყველაზე მსხვილი ქალაქი - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. 10 დღის ვადით - 25 აპრილამდე იკრძალება როგორც ქალაქიდან გასვლა, ასევე ქალაქში შემოსვლა. თავად ამ ქალაქების შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება არ იქნება დამატებით შეზღუდული და იმოქმედებს ის რეჟიმი, რაც აქამდე იყო.
- საგანგებო მდგომარეობის მოქმედება გაგრძელდება კიდევ 20 დღით - 10 მაისამდე და, რის შესახებაც უახლოეს პერიოდში გამოიცემა შესაბამისი დეკრეტი და პრემიერი პრეზიდენტთან ერთად პარლამენტს მიმართავს, პარლამენტი კი ამ საკითხს 21 აპრილს საგანგებო სხდომაზე განიხილავს.
- ის მოქალაქეები, რომლებმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო სამსახური დაკარგეს, მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას, რომელიც, პრემიერის თქმით, 150 ლარზე მეტი იქნება.
- აღდგომის შემდეგ ტრადიციულად საფლავებზე გასვლა შესაძლოა აიკრძალოს - მხვილ ქალაქებში სასაფლაოებზე მისასვლელები სავარაუდოდ ჩაიკეტება.
- ბოლომდე არაა გარკვეული რა ფორმით და როგორი განრიგით ჩატარდება სააღდგომო ღვთისმსახურება. პრემიერმა გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკლესიები არ დაიხურება და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა საპატრიარქოსთან ერთად შეძლებს ბალანსის პოვნას. საპატრიარქო სააღდგომო ღვთისმსახურების ფორმისა და საბოლოო განრიგის გამოცხადებას ოთხშაბათს გეგმავს.
„კოვიდ-19 არის გლობალური გამოწვევა, უმძიმესი კრიზისი როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ეკონომიკისთვის. დღეს შეგვიძლია მოვახდინოთ ფაქტის კონსტანტირება - გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც გვყავს 1 დღეში 30 ადამიანი ინფიცირებული.
„კვლევა მიმდინარეობს 500 ადამიანზე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ეპიდემიოლოგებს უჭირთ თქმა, როდის იქნება გავრცელების პიკი და ამ გაურკვევლობის პერიოდში მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას კიდევ უფრო მეტი ფასი აქვს. რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულს და სასაფლაოებზე გასვლის წესს, რომელიც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, პრემიერი არ გამორიცხავს, რომ დიდ ქალაქებში სასაფლაოები დაიხუროს.
„ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, რომ სასაფლაოები დავხუროთ. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყევტილება შესაძლებელია. ალბათ, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ერთ-ორ დღეში. გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს, ამის შესახებ წინასწარ გავაფრთხილებთ ადამიანებს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიას და ეკლესიებსი დაკეტვის საკითხს. გახარია ამბობს, რომ ვირუსთან ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ გამარჯვებულები ისე, რომ არ დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და უნდა გავუფრთხილდეთ ასევე ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასაც.
მან აღნიშნა, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ტაძრები არ დაიხუროს და ხაზი გაუსვა, რომ ამ თემაზე ბალანსის საპოვნელად ეკლესიასთან ერთად მუშაობა მიმდინარეობს.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში არის ადამიანის ჯანმრთელობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკლესია არ დაიხუროს, ეს ჩვენი ისტორიული გამოწვევაა. ჩვენ ყოველთვის ასე გვიწევდა ამ ბალანსის პოვნა და, დარწმუნებული ვარ, ვიპოვით ეკლესიასთან ერთად,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ გონიერი მოქალაქეები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას და ამ კრიზისულ პერიოდში თავს აარიდებენ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, თუნდაც ეკლესიებს.
„მთავრობა და მე პირადად მოვუწოდებ თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, რომ დავრჩეთ სახლში, დავიცვათ ჩვენი ეკლესია და ნუ დავაყენებთ იმ მდგომარეობაში, რომ არჩევანი გააკეთოს. რატომ? ჩვენ ვაჟკაცობა არ უნდა გვეყოს? ჩვენი გადაწყვეტილების უნარი არ გვაქვს, თუ არ გვაქვს იმის უნარი, რომ ჩვენ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც ასეთ განსაკუთრებულ მდგომაროებაში პასუხისმგებლობა ავიღოთ როგორც ეკლესიაზე, ასევე სახელმწიფოზე?“ - ამბობს გახარია.
მისივე თქმით, რეგულაციების არშესრულება ქმნის რისკებს, რომ ქვეყანას შეზღუდვების პირობებში ცხოვრება თვეების განმავლობაში მოუწიოს.
„უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ იმისთვის, რომ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრული მოხსნა. ეს არის წინაპირობა, რომლის შემთხვევაშიც შეგვიძლია ავამუშაოთ ეკონომიკაც, ბიზნესიც და დავიწყოთ თანმიმდევრული მოხსნა ამ შეზღუდვების. სხვა შემთხვევაში, თუ მკაცრად არ შევასრულებთ, არსებობს რისკი, რომ ამ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
იურისტი და კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, ეს გადაწყვეტილებები საერთო ჯამში მისაღებია. მისივე თქმით, კიდევ უფრო მკაცრი ზომების შემოღების შემთხვევაში მათი რეალურად შესრულების კონტროლი შეუძლებელი იქნება და ეს ხელისუფლების რეპუტაციაზეც უარყოფითად იმოქმედებს.
„როგორც პრემიერმა დააზუსტა, 4 დიდი ქალაქში მხოლოდ შესვლა და გამოსვლა აიკრძალა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავად ქალაქში მოძრაობა იქნება აკრძალული. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში მან ასე განმარტა. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას, ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო და სრულებით ვეთანხმები.
„ზომების კიდევ უფრო გამკაცრების კუთხით 24-საათიანი კომენდატის საათის გამოცხადება წარმოუდგენელი იქნება და ეს გახარიამაც ძალიან კარგად ახსნა. რთული იქნება მისი აღსრულებაც. მაშინ კორპუსებთან და სადარბაზოებთან ჯარი უნდა დააყენონ, რომ ხალხი სახლიდან საერთოდ ვერ გამოვიდეს. ეს რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია.
„რაც შეეხება სასაფლაოების ჩაკეტვას, ეს საკმაოდ ადვილი იქნება. შესასვლელებს საპატრულო პოლიცია გაკონტროლებს და არც მთელი პერიმეტრის მეთვალყურეობა გაუჭირდებათ“, - ამბობს ალაფიშვილი „რეზონანსთან“.
რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიას და ეკლესიასთან დასმულ კითხვას, ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ გახარიას განმარტება, რომ პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში საზოგადოებამაც უნდა აიღოს, სრულიად ლოგიკურია, რადგანაც ამ ვირუსთან ბრძოლაში ხელისუფლებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოებასაც აკისრია. უხილავ მტერთან ბრძოლა მხოლოდ მთავრობის ვალდებულება არ არის.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ის გახარიას გადაწყვეტიელბას საგანგებო მდგამრეობასთან დაკავშრებით სრულაიდ იზიარებს, თუმცა ეკლესიასთან დამოკიდებულება მისთვის გაუგებარია. ხუხაშვილი ამბობს, რომ გახარიას განცახდება, რომ ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობა საზოგადოებასაც ეკისრება, სწორი არ არის, რადგანაც კანონი ყველასთვის უნდა იყოს და ეს პოლიტიკური ქულების დაწერის საბაბი არ უნდა გახდეს.
„რაც შეეხება საგანგბო მდგომარეობის გაგრძელებას, საპრეტენზიო აქ არაფერი არ მაქვს. სამწუხაროდ, ვითარება საკამოდ არაორდინალურია. ამიტომაც ჯობია რაღაცას გადავაჭარბოთ, ვიდრე რამე დავაკლოთ.
„რაც შეეხება ეკლესიასთან დაკავშირებით განცხადებას, მეც არ მომწონს, როდესაც ხელისუფლებას კონკრეტული პოლიტიკა არ აქვს, არ მოქმედებს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს. შეიძლება იყოს კორექტული, მაგრამ სულ სხვაინაირად უნდა თქვას.
„მრევლი რაღაც განყენებული კატეგორია ხომ არ არის, ისინიც იგივე მოქალაქეები არიან, როგორც ნებისმიერი სხვა. მათაც მიღებული წესები ისე უნდა შეეხოთ, როგორც სხვებს. შესაბამისად, ამის აღსრულების ღონისძიებები უნდა გაატაროს. ეს ხელისუფლების არათანმიმდევრობასა და სისუსტეზე მეტყველებს“, - ამბობს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, თუკი ხელისუფლება ამ პრობლემას ისე უყურებს, რომ ამომრჩეველი არ დაკარგოს, მაშინ ეს საკმაოდ ვიწრო ხედვაა. ხუხაშვილი ამბობს, რომ დრამატულ სიტუაციაში ვართ და ხელისუფლებას სისუსტის გამოჩენა ნებისმიერ ვითარებასთან დაკავშირებით ძალიან ძვირად დაუჯდება.