
საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შემდეგ, არ არის გამორიცხული, კიდევ სხვა აკრძალვები დაწესდეს და კარანტინის წესები უფრო გამკაცრდეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ, არ არის გამორიცხული, თუკი ვირუსის გავრცელებამ იმატა და სიტუაცია უკონტროლო გახდა, ქვეყანა საერთოდ 24–საათიან სრულ კარანტინზე გადავიდეს. დღეის მონაცემებით, კორონავირუსის გამოვლენის 306 დადასტურებული ფაქტი გვაქვს, ეს, სპეციალისტების აზრით, უკვე ნახტომისებური ზრდაა და არსებობს რისკი, რომ მომდევნო დღეებში ზრდა კიდევ უფრო დიდი იყოს.
პრემიერი გახარია არ გამორიცხავს, რომ, თუკი საჭირო გახდება, 24-საათიანი კარანტინიც კი დაწესდეს. იურისტების თქმით, ეს მთელი ქვეყნის მოსახლეობის შინაპატიმრობაში ყოფნას ნიშნავს, რაც რთული იქნება როგორც აღსრულების კუთხით, ასევე - ეკონომიკური თვალსაზრისითაც და ხალხს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. არ არის გამორიცხული, რომ სააღდგომო დღესასწაულისთვის კომენდანტის საათი 24 საათით დაწესდეს. ოთხშაბათიდან ქვეყნის ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით დაიკეტა - დამატებითი შეზღუდვებით ხელისუფლება საქართველოში სრულმასშტაბიანი შიდაგადაცემის ეტაპს პასუხობს. თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა აიკრძალა. გამკაცრებული შეზღუდვა არ შეეხება შიდაგადაადგილებას. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საგანგებო მდგომარეობა ათ მაისამდე გახანგრძლივდება.
გახარიამ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ იმედი აქვს, არ მივალთ ინფიცირებულების იმ რაოდენობასა და გავრცელების ისეთ სისწრაფეზე, როდესაც სრული კარანტინის გამოცხადება მოგვიწევს. მისი თქმით, არც ეს არის გამორიცხული.
ჯარიმების აღსრულება გამკაცრდება, ბზობას, პრემიერის განცხადებით, პოლიციას უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა:
„ჯარიმების გამკაცრება არ იგეგმება, იგეგმება აღსრულების გამკაცრება. ჩვენ ვაღიარებთ, გულწრფელად, რომ ბზობის დღესასწაულზე სახელმწიფო ინსტიტუტებს, პირველ რიგში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს, უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა. ჩვენ ამას ვაღიარებთ, მაგრამ ჯარიმების კიდევ უფრო გამკაცრება არ იქნება. აღსრულების ნაწილში გამკაცრება და ეფექტურობა იგეგმება“, - ამბობს გახარია.
პრემიერი ასევე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში აღდგომაზე სასაფლაოების დახურვა მოხდეს. მისივე თქმით, ეს საკითხი განსაკუთრებით სერიოზულად მსხვილ ქალაქებში განიხილება.
„ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ უახლოესი 1-2 დღის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, ადამიანებს წინასწარ გავაფრთხილებთ. დიდი ალბათობით, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება გარკვეული პერიოდით. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ ბრძოლაში", - ამბობს გიორგი გახარია.
მან ასევე აღნიშნა, რომ 24-საათიანი სრული კარანტინის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, თუ რამდენად გაიზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი და შეძლებს თუ არა ჯანდაცვის სისტემა ბევრი ინფიცირებულის ერთდროულად მიღებას.
„იმედი გვაქვს, არ მივალთ ინფიცირებულების იმ რაოდენობასა და გავრცელების ისეთ სისწრაფეზე, როდესაც სრული კარანტინის გამოცხადება მოგვიწევს, თუმცა ამას არ გამოვრიცხავ. ყველაფერი დამოკიდებულია ორ რამეზე: პირველი, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზაობაზე, რაოდენობრივად რამდენ ინფიცირებულს შეუძლია, ერთდროულად მოემსახუროს და მეორე, რა სისწრაფით ვრცელდება ვირუსი. ეს ჩვენთვის დღეს ორი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგენელია. ამ მდგენელების განვითარებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება ესა თუ ის გადაწყვეტილება, მათ შორის - 24- საათიანი სრული კარანტინის გამოცხადების თაობაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან“ საუბრობს, რომ 24-საათიანი კარანტინის გამოცხადება საკმაოდ რთული იქნება. მისი თქმით, საყოველთაო კარანტინი, გასაგები ენით რომ ავხსნათ, შინა პატიმრობას ნიშნავს, ანუ როდესაც ხელისუფლება ეპიდემიის პირობებში მოსახლეობას სახლიდან საერთოდ გამოსვლის უფლებას არ აძლევს. საქართველოში ტოტალური კარანტინი შეუძლებელია, რადგანაც მოსახლეობას ელემენტარულად საკვები სჭირდება და ამისთვის მაღაზიაში უნდა გავიდეს. თუკი 24-საათიანი კარანტინი გამოცხადდება, ეს საკმაოდ რთული იქნება.
„ქვეყანა რომ ეკონომიკურად არ ჩამოიშალოს, ამისთვის გარკვეულმა დაწესებულებებმა უნდა იფუნქციონიროს. მკაცრი ზომების დაწესება ჩვენმა ქცევამ განაპირობა, ანუ მოსახლეობას ვგულისხმობ. სეირნობები და მასობრივი თავშეყრა არ შეწყდა და ამიტომაც იძულებული გახდა ხელისუფლება, რომ ზომები გაემკაცრებინა. ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და კულტურა არ აღმოაჩნდა, რომ ამ ზომამდე არ მივსულიყავით. როდესაც სამოქალაქო კულტურა არაადეკვატურია, მაშინ პასუხისმგებლობას მთავრობა იღებს“, - ამბობს ალაფიშვილი.
რაც შეეხება ასევე 24–საათიანი კომენდანტის საათის შემოღებასა და ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას, ალაფიშვილი ამბობს, რომ ეს საკმაოდ რთულია და წარმოუდგენელიც კი. შეუძლებელია მისი როგორც აღსრულება, ასევე ეს ხელისუფლების რეპუტაციას დაანგრევს. ასეთი გადაწყვეტილება ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის ყოფას კიდევ უფრო დაამძიმებს, ხოლო საფლავების ჩაკეტვის კუთხით, ალაფიშვილი ფიქრობს, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება და რესურსის თვალსაზრისითაც მისი აღსრულება ხელისუფლებას არ გაუჭირდება.
„რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო და სრულებით ვეთანხმები. ზომების კიდევ უფრო გამკაცრების კუთხით 24-საათიანი კომენდანტის საათის გამოცხადება წარმოუდგენელი იქნება და ეს გახარიამაც ძალიან კარგად ახსნა. რთული იქნება მისი აღსრულების მეთოდიც.
მაშინ კორპუსებსა და სადარბაზოებთან ჯარი უნდა დააყენონ, რომ ხალხი სახლიდან საერთოდ ვერ გამოვიდეს. ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია. რაც შეეხება სასაფლაოების ჩაკეტვას, ეს საკმაოდ ადვილი იქნება. შესასვლელებს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს და არც მთელი პერიმეტრის მეთვალყურეობა გაუჭირდებათ“, - ამბობს ალაფიშვილი „რეზონანსთან“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და დეპუტატი რომან გოცირიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თავის დროზე მათ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირეს, რადგანაც ჩათვალეს, რომ ქვეყანა ასეთ არაორდინალურ სიტუაციაში აღმოჩნდა. გოცირიძე მბობს, რომ ხელისუფლებამ გამოიჩინა უსუსურობა და საგანგებო მდგომარეობა სანახევროდ გაატარა. მისი აზრით, ხელისუფლებამ სამართლიანი და თანასწორი მიდგომა ვერ უზრუნველყო, ამიტომაც მისი კიდევ გაგრძელება მხოლოდ ფორმალობად მიაჩნია.
„თავისი უნიათობის გამო, იძულებულნი გახდნენ, რომ ზომები გაემკაცრებინათ და კომენდანტის საათი შემოეტანათ. ამან ძალიან ბევრი ბიზნესი დააზიანა. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ესეც ვერ აღასრულა და იძულებული გახდა, რომ 4 ქალაქი ჩაეკეტა, ამით კი ისედაც ქვეყნის ჩამოშლილ ეკონომიკას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. ჩვენ საგანგებო მდგომარეობას უპირობოდ მხარს ვერ დავუჭერთ. დახმარების პაკეტი უნდა იქნას წარმოდგენილი.
ასეულ ათასობით ჩვენი თანამოქალაქისთვის დახმარების პაკეტი უნდა იყოს წარმოდგენილი. საარსებო წყაროები უმთავრდებათ და რამდენ ხანს გაძლებენ, ეს კიდევ არავინ იცის. ასევე მეორე პაკეტი ბიზნესის გამოცოცხლების უნდა იყოს, სადაც დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, როდის და რომელი ბიზნესი დაიწყებს მუშაობას და ხელისუფლების დახმარება რა ფორმით იქნება“, - ამბობს გოცირიძე „რეზონანსთან“.