
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სააღდგომოდ თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში შეიძლება, სასაფლაოები დაიკეტოს. კონკრეტულად რომელ ქალაქებს შეეხება აღნიშნული, ჯერჯერობით უცნობია. „რეზონანსი" დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციას, სადაც გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ და როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება, საზოგადოებას გააცნობენ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 14 აპრილს განაცხადა, 10 დღის განმავლობაში ოთხი დიდი ქალაქი - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი ჩაიკეტება. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნება კოვიდ-19-ის ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
მთავრობის დადგენილებით, ქვეყანაში ზომები მკაცრდება და შეზღუდვა სწორედ მართლმადიდებლურ დღესასწაულზე საფლაოებზე გასვლის ტრადიციასაც შეეხო. იმას, რის შესახებაც გუშინ პრემიერ მინისტრმა ისაუბრა, დღეს იმერეთში უკვე ოფიციალური ფორმა მიეცა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება. როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, კონკრეტულად რომელ დღეებში, თუმცა, ეს შეზღუდვა 3 დღეს გასტანს და აღდგომის დღეს სასაფლაოებზე მისასვლელი გზა დაკეტილი იქნება.
„დიდი ქალაქების, ქუთაისისა და ზესტაფონის, სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაიკეტება. სასაფლაოები, სავარაუდოდ, 3 დღის განმავლობაში იქნება დაკეტილი. ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, ეს იქნება კვირას, ორშაბათს, სამშაბათს თუ შაბათს, კვირასა და ორშაბათს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ სააღდგომოდ ხალხის მობილიზება არ მოხდეს. მოგეხსენებათ, სასაფლაოებზე ბევრი ხალხი გადის და ვირუსის გავრცელების რისკი დიდია", - თქვა შალამბერიძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სასაფლაოების დაკეტვის შესაძლებლობა დამოკიდებული იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკაზე.
ცნობისათვის, ვირუსის ფართოდ გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით, 14 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 დიდი ქალაქის ჩაკეტვის განკარგულება გასცა. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე.