ელზა პაპოშვილი
15.04.2020

მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. ერთობლივი მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ სააღდგომოდ ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა სავალდებულოა დაცული იქნეს დისტანცია და უსაფრთხოების ყველა ზომა. ამასთან პატარა ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები, მრევლი დადგება გარეთ, უსაფრთხოების წესებს კი პოლიცია დაიცავს.

17 აპრილიდან 10 მაისამდე, შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზეც.

„მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან, დიდი ზომის ტაძრებში კი დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია. ეკლესიებში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

საპატრიარქოს პრესმდივნის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით სააღდგომო ლიტურგიისას მრევლი ტაძარში მივა კომენდანტის საათის დაწყებამდე და მას დილის 6 საათზე, მსახურების შემდეგ დატოვებს. აღნიშნა, რომ ეს არის ძალინ შეღავათიანი პირობა, რომ ამ რთულ ვითარებაში მრევლს მიეცეს საშუალება, სრულყოფილად დაესწროს სააღდგომო მსახურებას.

ჯაღმაიძის თქმით, აუცილებელია მრევლმა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებით გაავრცელა.

მანამდე სამების საკათედრო ტაძარში ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულის წირვის შემდეგ მრევლს არქიდიაკონმა დემეტრემ ვნების შვიდეულის მსახურებათა განრიგი გააცნო. მისი განცხადებით, აღდგომის კვირაში დაგეგმილი ღვთისმსახურებების განგირი ასეთია:

ხუთშაბათს დილის 10:00 საათზე - ბასილი დიდის საღვთო ლიტურგია და წმინდა საიდუმლო სერობის გახსენება, 16:00 საათზე - 12 ვნების სახარება;

პარასკევს დილის 09:00 საათზე - სამეუფეო ჟამები, 14:00 საათზე - გარდამოხსნის გამოსვენება და დატირება;

შაბათს 07:00 საათზე - წესის აგება, ჟამების კითხვა, 09:00 საათზე - წმინდა ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია;

22:00 საათზე - შუაღამის ჟამი, 23:00 საათზე პატრიარქი სამების ტაძარში მივა;

24:00 საათზე დაიწყება ლიტანიობა და მიებმის წმინდა იოანე ოქროპირის საზეიმო საღმრთო სააღდგომო ლიტურგია.

წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის წესი სრულდება, რომლის დროსაც, წესის მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანს. თუმცა უცნობია ჯერჯერობით, როგორ მოხდება საგანგებო მდგომარეობის პირობებში წესების დაცვა, რათა მრევლი და სასულიერო პირები კომენდანტის საათის დარღვევის გამო არ დაჯარიმდნენ.

დეკანოზი შალვა კეკელია კი „რუსთავი 2"-თან საუბარში ამბობს, რომ აღდგომის წირვისთვის მზადდება შენობა, რომელიც 2 000-მდე ადამიანს დაიტევს.

„სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, ვახმოვანებთ ამ ტერიტორიას, რომ ადამიანებისთვის ადვილი იყოს ტაძარში მოსვლა. ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია. ადგილებსაც ვნიშნავთ, რომ ადამიანები დისტანციით იდგნენ", - ამბობს შალვა კეკელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×