თამთა ჩაჩანიძე
16.04.2020

კორონავირუსთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება - შეთანხმება 15 აპრილს საქართველოს მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შედგა, რამაც საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მიიჩნევენ, რომ კრიზისულ პერიოდში ადამიანების მასობრივი შეკრება ინფექციის გავრცელების დიდი რისკია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე წინასააღდგომოდ საზოგადოებას აფრთხილებს, რომ თუ რეკომენდაციებს არ დავიცავთ, შესაძლოა იტალიის სცენარი განმეორდეს.

„აქ საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე, ნაკლები ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე დავუძვრებით ამ ეპიდემიას, თუ არა მოგველის ის, რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში.

„ქვეყანაში არის ფართო შიდა გადაცემა დაწყებული. ეს რას ნიშნავს? - ეს ნიშნავს, რომ დღეს ჩვენს გვერდით არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები, ისინი გადამდები ხდებიან უკვე სიმპტომების დაწყებამდე ერთი დღით ადრე. ანუ შეიძლება იმ დღეს არაფერი ჰქონდეს.

"როდესაც მცირედ გამოხატული სიმპტომები აქვთ, უკვე გადამდები არიან. ასეთები დღეს ჩვენს გარშემო არიან. ჩვენ არ ვიცით ისინი ვინ არიან, ამიტომ ვამბობთ ამდენი ხანია, რომ შიდა გადაცემა დაიწყო.

"ყველა ეს ღონისძიება რატომ ტარდება, რადგან შიდა გადაცემა უკვე დაიწყო. გავიგოთ ეს, რომ ჩვენ გარშემო არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები. ისინი მოვლენ თქვენთან სტუმრად და თქვენ გაგხდიან ყველას ავად. ისინი მივლენ ეკლესიაში და გახდიან იქ ყველას ავად. გავიგოთ ეს",- განაცხადა იმნაძემ „პირველ არხთან".

იგივე აზრისაა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეც, იგი აცხადებს, რომ თუ რეკომენდაციებს არ დავიცავთ და აღდგომის დღესასწაულს ტრადიციულად აღვნიშნავთ, ვირუსის გავრცელების საფრთხეებიდან გამომდინარე შესაძლოა ეს ტრაგიკულად დასრულდეს.

„ახლოვდება დღეები, რომელსაც ტრადიციულად, წარსულში ყველა ერთად აღვნიშნავდით, მაგრამ ეს დღეს სახიფათოა. შესაძლოა, დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს.

"თავი უნდა შევიკავოთ ტაძრებში თავყრილობისგან, სასაფლაოებზე მასიური გასვლისგან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა შემდეგ უფრო მეტ საფლავზე მოგვიწიოს მისვლა. მიჭირს ასე მძიმედ საუბარი, მაგრამ გაუფრთხილებლობამ შესაძლოა, ეს რეალობად აქციოს. სჯობს დროულად მოვითმინოთ, ვიდრე უდროოდ ვინანოთ" - აცხადებს ხუნდაძე.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის მიღწეული შეთანხმება ამ ეტაპზე სწორია.

კონფლიქტოლოგი, შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით არა ხალხის ჯანმრთელობა, არამედ არჩევნებში გამარჯვება აირჩია.

„რაც მოხდა, ძალიან გული მწყდება, პრაქტიკულად, ხელისუფლებამ ცდუნებას ვერ გაუძლო, რომ აერჩია ჯანმრთელობა თუ არჩევნები და აირჩია არჩევნები, მან პრაქტიკულად ეკლესიას დაუთმო, იმას, რაც ეკლესია მრევლს ეძახის, ხელისუფლება ამომრჩეველს ეძახის და მას არჩევნებში ეს მრევლი-ამომრჩეველი უფრო სჭირდება, ვიდრე ამ მრევლის მომავალში ჯანმრთელობა.

„გუშინ ძალიან ცუდი რამ მოხდა. ეს ხელისუფლების მხრიდან, თორემ ეკლესია გასაგებია, ეკლესია რაცაა, უკვე ყველა ვხვდებით. ქვეყანაში აწი რაც მოხდება, ხალხი დაინფიცირდება თუ არა, უკვე ყველაფერი ხელისუფლების ბრალი იქნება,

"ხელისუფლებამ ეკლესიასა და მედიცინას შორის ეკლესია აირჩია და მომავალი მთელი სირთულეები მხოლოდ მედიცინის მხრებზე გადაიტანა იმიტომ, რომ მედიცინა არჩევნებზე არ მოქმედებს და ეკლესია მოქმედებს.

"ხელისუფლებამ, პრაქტიკულად არჩევნებში გამარჯვება აირჩია და არა სახელმწიფოში ჯანმრთელობის ეფექტურად დაცვა, რასაც დღემდე მედიცინა ხელისუფლებასთან ერთად აკეთებდა.

„მოეწონა ხელისუფლებას ის რომ ვირუსს ვიღაცა სხვა (მედიცინა) უმკლავდება და თქვა, რომ მოდი ბარემ სხვა რამეს გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ექიმები მაინც თავისას გააკეთებენ და დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათი დამსახურებით ინფექცია ძალიან არ გავრცელდება.

"მოხდა საშინელება არა ის, რომ, მაგალითად, ვიღაცა დაინფიცირდება ეს არ მოხდება, არამედ ის რომ ხელისუფლებამ თქვა, რომ სახელმწიფოში თანასწორობა არ არსებობს, კონსტიტუცია არ მუშაობს.

„ეკლესიამ რომ თქვას, რომ არჩევნებში „ქართულ ოცნებას" ხმა არ მისცეთო, დამარცხდებიან, რაც არ უნდათ" - განაცხადა მან. მისივე აზრით,საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ საზოგადოებაში არაა მსჯელობა იმისა, თუ რა არის ქრისტიანობა.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საზოგადოებაში გვაკლია ის საუბარი თუ ზოგადად, რელიგია რა არის და საზოგადოებას ასე იოლად "აბოლებს" ზოგიერთი მღვდელი - დოყლაპია ხელისუფლებას პირი დაუფჩენია და ყველაფრის სჯერა.

"მაგრამ ეს ასე არაა, არაა სიმართლე, რასაც ამბობს კეკელია, რომ თუ ტაძარში არ მიხვედი, ქრისტიანი არ ხარ - ქრისტემ სახარებაში ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა, თუ რა არის ქრისტიანობა, სახარებაში ეს არ წერია, კეკელიამ ეტყობა ახალი სახარება დაწერა, ხელისუფლებაში ეს რაღაცეები არ იციან, არ არიან განათლებით ქრისტიანები, ქრისტიანები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ წინაპრები ჰყავდათ ქრისტიანები.

„მთელი უბედურება ისაა, რომ საზოგადოებაში არაა მსჯელობა თუ რა არის ქრისტიანობა, ეს წინასწარვე ეკლესიას ვაჩუქეთ, რომ ის რასაც იტყვის, ესაა ქრისტიანობა და ეს ასე არაა, კეკელიები ახალ სახარებებს გვიწერენ და თვალში ნაცარს გვაყრიან.

„სამწუხაროდ მე მართალი აღმოვჩნდი, როცა მადლობას ხელისუფლებას არ ვუხდიდი და ყველა მადლობას მედიცინას ვაკუთვნებდი, ხელისუფლება გუშინ ძალიან სამარცხვინოდ მოიქცა, მან ჯანმრთელობას არჩევნები არჩია" - განაცხდა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×