ია აბულაშვილი
16.04.2020

ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ერთმანეთს, პასკით და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხით ულოცავენ. წითელი კვერცხი, რომელიც ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდული კაცობრიობის სიცოცხლის არსებობას ნიშნავს, გახდა სიმბოლო, იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ.

წითელ პარასკევს, მზის ჩასლვმდე ქრისტიანები კვერცხს წითლად ღებავენ. ეს ტარდიცია საუკუნეებია მოდის. გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის მიმდევარი მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა რათა ადამიანებისთვის იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ ეხარებინა.

მარია მაგდალინელი იმპერატორ ტიბერიუსს წარუდგინეს. ტრადიციულად იმპერატორისთვის ძღვენი უნდა მიეტანათ. მარიამ მაგდალინელმა იმპერატორს კვერცხი მიართვა და ახარა "ქრისტე აღსდგა!" - "ქრისტე აღსდგა!"

წარმართმა იმპერატორმა მორწმუნე ქალს მიუგო - "მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომას"; ეს თქვა ურწმუნო ტიბერიუსმა და კვერცხი გაწითლდა. გაოცებულ იმპერატორს მარიამ მაგდალინელმა მოუთხრო იესო ნაზარეველის ცხოვრებაზე, ჯვარცმასა და მკვდრეთით აღდგომაზე. ნიშნად ამ დიდი სასწაულისა ქრისტიანებში კი ტრადიციად იქცა სააღდგომო კვერცხის წითლად შეღებვა.

პასკა იმ მთის სიმბოლოა, რომელზეც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. უფალი ამბობს - "მე ვარ პური ზეცით გადმოსული". ამიტომ პასკას, სააღდგომოდ, სწორედ ქრისტეს აღდგომის რწმენის ნიშნად აცხობენ.

ჯეჯილი ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა, რომელიც ქრისტემ კაცობრიობას თავისი აღდგომით მიანიშნა. მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხი სიკვდილის ძლევის სიმბოლო. ამ ტრადიციის დამაგვირგვინებელი კი არის გალობა "ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილისა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავს შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×