
მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა და სააღდგომოდ ეკლესიები არ დაიკეტება და ლიტურგია მცირე ცვლილებებით მაინც ჩატარდება, სასულიერო პირებს შორის მიღებულ გადაწყვეტილებაზე აზრთა სხვადასხვაობაა. ბათუმის და ფოთის მიტროპოლიტებმა მეუფე დიმიტრმა და მეუფე გრიგოლმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სააღდგომო ლოცავა მრევლთან ერთად დილის 7 საათზე აღევლინოს. ღამის ლიტურგიას კი მხოლოდ სასულიერო პირები ჩაატარებენ.
თეოლოგები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ეკლესიაში არიან ძალიან ბევრი სასულიერო პირები, რომლებიც პატრიარქის გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერენ, თუმცა, ღიად ამაზე საუბრისგან თავს იკავებენ. მათი აზრით, სინოდის სხდომა რომ ჩატარებულიყო, ბევრი ეპისკოპოსი გამოვიდოდა წინადადებით, რომ სხვა ეკლესიების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაეთვალსიწინებინათ ად მრევლისთვის ეკლესიაში არ მისვლისკენ მოეწოდებინათ.
თეოლოგები ამბობენ, რომ ეს არის პატრიარქის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მეორედ მოსვლის ტოლფასია და ამ შემთხვევაში ეკლესიას მეტი პასუხისმგებლობა მართებს და უფრო დიდი როლი აკისრია.
თუმცა, თუ კი აღდგომის შემდეგ ვირუსისი გავრცელება მზარდი იქნება, ამით საპატრიარქო რას მოიგებს. ხომ არ შეიძლება, რომ ამით მისი ავტორიტეტი უფრო დაზიანდეს. თეოლოგები ამბობენ, რომ ხელისუფლება ასეთ შემთხვევაში ხელს საპატრიარქოსკენ გაშვერას ვერ გაბედავს. ხოლო თუ გაბედავს, მაშინ იაკობის და იობის მსგავსი მეუფეები ამის დამტკიცებას მოითხოვენ.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის განცხადებით, სააღდგომო ლიტურგიას ის მონასტერში აღასრულებს სასულიერო პირებთან ერთად, მრევლის გარეშე. სააღდგომო წირვა ფოთის საკათედრო ტაძარში კვირას დილით, ტაძრის ეზოში ჩატარდება.
"ფოთის ეპარქიაში, ყველგან, წირვა ჩატარდება დილის 7 საათზე, მე პირადად მონასტერში ვიქნები. სააღდგომო მსახურებას მონასტერში შევასრულებ რამდენიმე ადამიანთან ერთად" - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ასევე მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ მოცემულ ვითარებაში მთელი პასუხისმგებლობა მოქალაქეებს დაეკისრათ. მისი თქმით, ასეთი ორგანო საპატრიარქოში არ არსებობს, რომელიც ამ კრიზისის პირობებში პასუხისმგებლობას აიღებდა.
„ასეთი არის წმინდა სინოდი, რომელიც გაიმართა ადრე და მიიღო გადაწყვეტილება რაც მიიღო და მას შემდეგ უკვე ჩვენ რამოდენიმე განცხადება მოვისმინეთ, საზოგადოებამ მოისმინა, თუმცა, ეს ყველაფერი არის რეკომენდაციები და რეკომენდაცია რა თქმა უნდა დიდად განსხვავდება კურთხევისგან.
“საერთო ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ ხალხს, ვინც ისეა მონდობილი ეკლესიაზე, როგორც ჩვილი დედის მკერდზე. ეს ხალხი არის მრევლი, რომლებიც იმედის თვალით შეგყურებს და ელის შენგან მაცხონებელ სიტყვას.
“ამ მდგომარეობას, როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე დგას თითოეული და არ შეიძლება ჩვენ არ დავუჯეროთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დარგის სპეციალისტები არიან და სახეზე არის მრავალი მაგალითი ის პროცესი, ის განვითარება ამ მოვლენებისა, მათ უწყიან, ისინი ხედავენ ამას, როგორც თქვენ მე მხედავთ და მე გხედავთ. ძალიან მიმძიმს საუბარი ამ თემაზე," - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით კი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სააღდგომო ღამის ღვთისმსახურება გაიმართება მხოლოდ ეპარქიაში არსებულ მონასტრებში, მრევლის გარეშე, ხოლო სამრევლო ტაძრებში სააღდგომო წირვა დაიწყება აღდგომის დღეს, 19 აპრილს, დილის 7 საათზე.
პანდემიის დროს ტაძარში მისული მრევლი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას თავად უნდა იღებდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბეს მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა განუცხადა.
„მე ვფიქრობ, გუშინ სრულიად გასაგებად ბრძანა სახელმწიფომ, რომ მათ მრევლის გამო დაშვება გააკეთეს. მრევლი, რომელიც მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას. ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მივა თუ არ მივა. აბსოლუტურად თავისი გადასაწყვეტია. როდესმე თქვენ გინახავთ მე მრევლისთვის მეთქვას, აუცილებლად მოდი ეკლესიაში? არჩევანის საშუალება აქვთ ადამიანებს, რობოტები არ არიან. რობოტებად არ უნდა ვაქციოთ ამ კორონავირუსის გამო“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი კი მრევლს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლებას და ექიმებს არ დაუჯერონ და მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მოწოდება გაითვალისწინონ.
„ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სასულიერო პირებს, ამ შემთხვევაში უწმიდესსა და უნეტარესს, რასაც ის მოგვიწოდებს, იმიტომ, რომ ის არის შუამავალი ჩვენსა და ღმერთს შორის. მისი ლოცვა-კურთხევა უნდა იყოს მორწმუნეთათვის მთავარი და არა ურწმუნო ხელისფლების მოწოდება, ან ურწმუნო ექიმების მოწოდება.
“თუ ჩვენ დავაკვირდებით, კორონავირუსის შედეგად მოხუცებულები არინ გარდაცვლილები, როცა ისინი უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან. ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან ამ ვირუსით.
“ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. მე ადრეც ვთქვი, წინა რეპეტიციაა იმისა თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი ამ საერთო, მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია კაცობრიობის კონტროლი, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობის შემოღება“, - ამბობს მეუფე იობი.
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეკლესიაში სასულიერო პირებს შორის საკამოდ დიდი აზრთასხვადასხვაობა და ქაოსია. თუმცა, მოწინააღმდეგე სასულიერო პირები აზრის გატანას ვერ ახერხებენ და ისინი საპატრიარქოს ადმინისტრაციის მიერ ფაქტობრივად დაბლოკილები არიან.
ამიტომაც. მამაოები უკმაყოფილებას მხოლოდ პრივატურ საუბრებში გამოხატავენ. იშვიათია ისეთი მეუფეები და სასულიერო პირები, რომლებიც მოქმედებას დამოუკიდებლად ბედავენ. მაშინ მათი გავლენები იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ საპატრიარქოს მხრიდან პრობლემები არ შეექმნათ.
„ამას ჯინაზე აკეთებს საპატრიარქო და ხელისუფლებას აჩვენებს რა ძალის მატარებელია. საპატრიარქოს მრევლი სავაჭრო საგანი ჰგონია და რამდენსაც შეძლებს, ხელისუფლებასთან იმდენს ივაჭრებს.
“არიან სასულიერო პირები, რომლებსაც საწინააღმდეგო აზრი აქვთ და ფიქრობენ, რომ მრევლის გაწირვა დაუშვებელია, თუმცა, მათი აზრი დაბლოკილია და ისინი ამაზე საუბარს ღიად ვერ ახერხებენ. მოწინააღმდეგე აზრის მქონე სასულიერო პირებს ბლოკავენ და ისინი სიმართლეც რომ ვთქვათ, ასე ხმამღლა და ღიად აზრს ვერც აფიქისრებენ.
“იშვიათია, რომ რომელიმე ეპარქია დინების წინააღმდეგ წავიდეს. ამას მხოლოდ ერთეულები აკეთებენ. ისინი, ვისაც უფრო დიდი გავლენა აქვთ. სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება ვერ ახერხებს, რომ ეს საკითხი კანონის ფარგლებში გადაწყვიტოს. აღდგომის ლიტურგია ჩვეულებრივად ჩატარდება და ეს იქნება ძალის საჩვენებელი გაკეთებული“, - ამბობს ტიგინაშვილი „რეზონანსთან“ .
თეოლოგი ლადო ნარსია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პირადად კათალიკოს პატრიარქმა მიიღო და რთულია იმ კონსპირაციებში შესვლა რა დგას ამ გადაწყვეტილების მიღმა.
ნარსია ფიქრობს, რომ თუ კი სინოდის სხდომა გაიმართებოდა, ძალიან ბევრი ეპისკოპოსი გამოვიდოდა სრულიად სხვა აზრით და ისინი პატრიარქს მოუწოდებდნენ, რომ სხვა ეკლესიების მსგავსად მათაც სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება მრევლის გარეშე გადაეწყვიტათ.
თეოლოგია ამბობს, რომ რთულია დაზუსტებით იმის თქმა, უწმინდესი საპატრიაქროს ვიწრო ჯგუფის გავლენის ქვეშ არის თუ არა მოქცეული, თუმცა ფაქტი ერთია, რომ მრევლი მხოლოდ საკუთარი პასუხისმგებლობის ამარად არის დარჩენილი.
„რაც შეეხება მეუფე დიმიტრის და მეუფე გრიგოლის გადაწყვეტილებას - მათ ეკლესიის მართვის წესი აძლევს იმის საშუალებას, რომ კონკრეტულ ეპარქიაში ეპისკოპოსმა იმოქმედოს ისე, როგორც ამას ის საჭიროდ მიიჩნევს. უბრალოდ, მე არ ვიცი რელურად რა განსხვავება იქნება ღამით და დილით ჩატარებულ წირვა-ლოცვას შორის, როცა ორივე შემთხვევაში ხალხის შეკრება მოხდება. მაინც მგონია, რომ გარე სივრცე გამოყენებული იქნება დ ხელისუფლება ამაზე ვერაფერს იტყვის“, - ამბობს ლადო ნარსია „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ეს არის პატრიარქის ერთპიროვნული გადაწყვეტილება და მას სჯერა, რომ ახლა მოსახლეობას ლოცვა უფრო გადაარჩენს და ეკლესიების დახურვა სწორი გადაწყვეტილება არ იქნება. ნარსია ამბობს, რომ პატრიარქს აქვს ასეთი ხედვა და მისი გავლენებიდან გამომდინარე შეუძლია, რომ ეს როგორც მთელს ეკლესიას, ასევე მოსახლეობას თავზე მოახვიოს.
„რა თქმა უნდა, სასულიერო პირებს შორის აზრთა სხვადასხაობა არსებობს. თუ დააკვირდებით, დროთა განმავლობაში მათი აზრი და დამოკიდებულება რიგ საკითხებთან დაკავშირებით იცვლება და რბილდება.
“რელიგიაზე როცა ვსაუბრობთ, დააკვირდით, რომ უწმინდესმა 12 იანვარს განაცხადა მეორედ მოსვლა ახლოს არისო. ეკლესიას ესეთი რწმენა აქვს, რომ რაღაცა ქვეყნიერების აღსასრული ხდება და ეკლესია უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოიქცეს. ნუ ამ დისკუსიაში ნუ შევალთ, რამდენად სწორი ხედვაა. ერთ-ერთ გადაცემაში სიბნელეც კი ვუწოდე. თუმცა, მათ ასეთი ხედვა აქვთ და მორჩა.
“ამ გადაწყვეტიებით ზარადლდება მხოლოდ მრევლი. ასევე, ხალხი, ვინც სახლში დარჩება და უპასუხისმგებლო ადამიანების საქციელის მსხვერპლი გახდება. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რას მოიგებს საპატრიარქო ამით, რთული სათქმელია. თუმცა თუ კი აღდგომის შემდეგ ვირუსმა მასობრივი გავრცელება დაიწყო, ჯერ ერთი რომ ხელისუფლება ეკლესიისკენ ხელის გაშვერას ვერ შეძლებს და რომც შეძლოს, მეუფე იაკობის და იობის მსგავსი ანაფორა გადაცმული „გიჟები“ გამოვლენ და იტყვიან, რომ, აბა დაამტკიცეთ, ეს რომ ეკლესიიდან გავრცელდაო. ამიტომ გონიერება ხალხს უნდა ეყოს“, - ამბობს ლადო ნარსია „რეზონანსთან“.