
ახალი კორნავირუსის გავრცელების კუთხით, მედიკოსთა ნაწილის თქმით, საქართველო უკვე პიკურ ფაზაში შედის და რაც მეტი ინფიცირებული ემატება, მით უფრო აქტუალური ხდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ხელისუფლების მხრიდან ზომების შესაძლო გამკაცრება, რაც საყოველთაო კარანტინის ამოქმედებას გულისხმობს. ექიმები და ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ დარჩნენ სახლში და მოერიდონ გარეთ გასვლას.
რაც შეეხება სრული კარანტინის შესაძლო შემოღებას, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი სიტუაცია უმართავი გახდება. თანაც, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არსებულ წესებს ზედმიწევნით იცავდა, დღეს რადიკალურად შეცვალა ქცევა და თითქოს უფრო დაუდევარიც გახდა.
დაინფიცირების პიკზე მიგვანიშნებს, ბოლო 24 საათში ერთდროულად 30 ინფიცირებულის მიღება, რაც უკვე მეორე შემთხვევა წარმოადგენს. ამის ფონზე, მთავრობამ კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, არსებული ზომები უფრო მეტად გაამკაცრა. დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქი, რამდენიმე რეგიონი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ბოლო ნაბიჯი კი შესაძლოა საყოველთაო კარანტინის გამოცხადება იყოს.
სპეციალისტები იმ რეალურ საფრთხეზე საუბრობენ, რაც შესაძლოა სააღდგომო დღესასწაულზე, ეკლესიებში ხალხის თავმოყრას მოჰყვეს. ამის ფონზე, მოსალოდნელია ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდა და ქვეყანაში სავალალო შედეგის მიღება.
როგორც ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრობს, საყოველთაო კარანტინის დროს იკეტება აბსოლუტურად ყველა დაწესებულება, ხალხს ეკრძალება გარეთ გამოსვლა და მსგავსი ზომები შეიძლება სააღდგომო დღესასწაულზე მრევლის თავმოყრის შედეგად იქნას მიღებული.
„კარანტინის დროს მაქსიმალურად იკეტება ყველა და ყველაფერი, მხოლოდ სასწრაფო იმუშავებს და ქირურგია, ისიც გადაუდებელი. მთავარია, რომ არ იყოს ძალიან ბევრი მძიმე პაციენტი. მაქსიმალურად დაცული იყოს ასაკოვანი ხალხი, რადგან, ძირითადად ამათ სჭირდებათ ხელოვნური სუნთქვა და რეამინაციული განყოფილებები.
„ჩაიკეტება ყველაფერი და ალბათ პოლიცია ჩაერევა, რომ გარეთ არავინ გავიდეს. არსებულ ვითარებას თუ დაემატა ხალხის თავშეყრა, ცუდად მოგვიტრიალდება. ვირუსმა არ იცის რწმენა და ზიარება.
"საყოველთაო კარანტინი ცხადდება მაშინ, როდესაც უკონტროლო ან ძალიან ძნელად კონტროლირებადი ხდება შემოსული და გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა. რაც უფრო მასიური იქნება ინფექციის გავრცელება, მით უფრო მეტი შანსია იმისა, რომ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს" - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოების საკმაოდ სოლიდური ნაწილი, რომელიც აქამდე „კარგად იქცეოდა," დღეს კარდინალურად შეცვალა ქცევა.
„მოსახლეობამ აშკარად შეცვალა ქცევა. მედიცინაში კი პაციენტის ქცევას გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს. თავს თუ არ მოუფრთხილდა ადამიანი, ექიმმა რაც არ უნდა ქნას, უშედეგო იქნება.
"აქამდე მოსახლეობის დიდ ნაწილში ფრაგმენტულად იყო დარღვევები. ამის გამოა, რომ ის შედეგი გვაქვს, რაც ახლაა, - მსოფლიოს უკვირს ჩვენთან ასეთი დაბალი მაჩვენებელი რომ არის. ექიმებმა და ხელისუფლებამ დროულად მიიღეს ზომები, მაგრამ თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს, შედეგი შეიცვლება.
„ბოლო დღეებში, უფრო დაუდევარი გახდა მოსახლეობა ამ კარანტინის პირობების მიმართ. მეტი ხალხი ქუჩაში, ლამის მანქანების საცობები გაჩნდა და ა.შ. თუ ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, სრული კარანტინი იქნება აუცილებელი.
"სრული საგანგებო მდგომარეობა მთელი სისრულით იქნება გამოსაცხადებელი. მეტი წილი ამ პროცესებში ექნება აღდგომასთან დაკავშირებულ მოვლენებს," - თქვა საყვარელიძემ „რეზონანსთან".