
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, საქართველოში ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები მინიმუმამდეა შემცირებული - ნათქვამია საქმიანობის 2019 წლის ანგარიში, რომელიც სუს-მა პარლამენტს წარუდგინა. დოკუმენტში განხილულია საქართველოს წინაშე არსებული ძირითადი საფრთხეები და გამოწვევები, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული საპასუხო ზომები.
საქართველოს მიერ ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში გაწეული ძალისხმევა და განხორციელებული აქტივობები ასევე პოზიტიურად არის შეფასებული ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობდა „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის აქტიურ მხარდაჭერას.
ამასთან, მნიშვნელოვანია „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, რომლის მიხედვით, საქართველო ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით ძალიან დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორისაა.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა. ამავე პერიოდში არ გამოვლენილა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში მყოფი ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერი პირებისა და პირთა ჯგუფების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შესუსტდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში კრიტიკულად შემცირდა.
საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია. 2019 წელს საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობებმა კრიტიკულად დაძაბა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ზოგადად, რეგიონში არსებული ვითარება. ამ მხრივ, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სოფელ ჩორჩანასმიმდებარედ განვითარებული მოვლენები. ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის და ევროპის უსაფრთხოებას.
საანგარიშო პერიოდში, გრძელდებოდა მუშაობა „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში დაფინანსებული, მართული თუ სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერილი ორგანიზაციების, პირების და ჯგუფების გამოვლენისა და მათგან მომდინარე საფრთხეების შემცირება-განეიტრალების მიზნით.
აღკვეთილი იქნა გარკვეული აქტივობები, სადაც იგეგმებოდა საქართველოს მოქალაქეებში დესტრუქციული განწყობების გაღვივება. თავიდან იქნა აცილებული ცალკეული პირების ჩართვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ მსგავს პროექტებში. ხორციელდებოდა შესაბამისი სასაზღვრო კონტროლი და განეიტრალდა ეთნიკური დაპირისპირებების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის მცდელობები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა ვითარების კონტროლი. 2019 წელს აღკვეთილი იქნა „რბილი ძალის“ ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება და აქტივობა, სადაც გამოვლინდა პროპაგანდისტული, სეპარატისტული, აკრძალული სიმბოლიკის (მათ შორის, საბჭოთა) გამოყენების ან სხვა სახის დესტრუქციული საქმიანობის მცდელობა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ მსოფლიოში, საფრთხეები, რისკები და შესაბამისი ჰიბრიდული ომის ელემენტები ტრანსფორმაციას განიცდის და ამიტომ, გამოწვევები მუდმივად იზრდება.
მისივე შეფასებით, გასული წელი ჩვენი ქვეყნისთვის რთული იყო და მთავარ საფრთხედ ისევ რუსული ოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება რჩება. სესიაშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ სერიოზული გამოწვევები იყო, მათ შორის, ჰიბრიდული ომის თვალსაზრისით საქართველოს წინააღმდეგ 2019 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფრო მეტად ორგანიზებული, მაღალი კვალიფიკაციით და სწორი რეაგირების ფორმებით შეხვდა.
„საქართველო ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით, არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დაცული ქვეყანა, მათ შორის, აღსანიშნავია ჩვენი პარტნიორული თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან და ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთკავშირი მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ჩანს რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისტემურად არის გამართული კიბერუსაფრთხოების, კონტრდაზვერვითი და ანტიკორუფციული საქმიანობის მიმართულებითაც. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ჰიბრიდული ომის ელემენტების ტრანსფორმაციასთან ერთად, სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კობა კობალაძის განცხადებით კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიში მომავალი საფრთხეების პრევენციაზეა გათვლილი. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების შეფასებითაც, იმ სახელმწიფოების შეფასებითაც, ვისთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ – ჩვენი უსაფრთოების სამსახურები საკმაოდ მაღალ სტანდარტებს პასუხობენ.
„მაღალი სტანდარტებით მუშაობენ იმიტომ, რომ, ბევრი დაფარული საინფორმაციო უზრუნველყოფიდან და ქმედებიდან გამომდინარე, ბევრი რეალური საფრთხე ააცილეს არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ – რეგიონს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ მჭიდრო თანამშრომლობაა.
“ანგარიში საკამოდ მოცულობითი, საკმაოდ აზრობრივია და გათვლილია როგორც მომავალი საფრთხეების პრევენციაზე, ასევე – იმ რეალურ მოცემულობაზე, რომელშიც ჩვენ ვართ“, – განაცხადა კობალაძემ.
ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ მთავარი პრიორიტეტი ესაა ოკუპაციიდან მომავალი საფრთხეები და ის მდგოამრეობა, რაც შექმნილია საოკუპაციო ძალის მხრიდან.
„ანგარიშში აღწერილია სხვადასხვა გამოვლინება და შემთხვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა წელს, მათ შორის ჩვენს თანამოქალაქესთან, კვარაცხელიასთან მიამართებაში, როგორც იცით, ლეტალურად დამთავრდა და აცხადებდნენ თითქოს თავი ჩამოიხრჩო. რა თქმა უნდა, ოკუპაციის შემდეგ ერთერთი სერიოზული გამოწვევა ესაა თავად ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან მომდინარე საფრთხეები.
“ანგარიშში საუბარია რბილ ძალაზე საინფორმაციო ომზე და ა.შ. საკმაოდ ვრცელი ანგარიშია და ვრცელი თავი ეთმობა ამ ნაწილს, ამ საფრთხეებს. საუბარია ასევე სხვა გამოწვევებზე, მათ შორის ტერორისტულ საფრთხეებზე.
“აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შარშან დაამტკიცა ანტიტერორისტული სტრატეგია და იმედია, ეს სტრატეგია ამოქმედდება სრულად და უფრო მეტად განამტკიცებს ქვეყნის უსაფრთხოებას ამ კუთხით. ასევე საუბარია სხვა საფრთხეებსა და გამოწვევებზე, ეს იქნება კორუფციასთან ბრძოლა, ეკონომიკური საფრთხეები და ა.შ“, - ამბობს სალუქვაძე.