
ბოლო 24 საათის განმავლობაში ბოლნისში კოვიდ-19-ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი „ინტერპრესნიუსთან" აღნიშნავს, ინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი ტაძრის სასულიერო პირია. მისივე თქმით, ამ პირს მრევლთან კონტაქტი არ ჰქონია, რადგან ტაძარში მსახურება მრევლის გარეშე მიმდინარეობს.
ქვეყნის მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა 370-ს შეადგენს, აქედან 77 გამოჯანმრთელებულია.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ ექვსი ბავშვია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის რთული. მისივე თქმით, გუშინ ღამით ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი ახალი პაციენტი - 6 წლის ბავშვი - შეიყვანეს.
ამასთან, მთავრობის დადგენილებით, 17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა, თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნებართვების მიღების მიზნით, უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს. ასევე, მათ შეუძლიათ, ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით და დარეკონ 144-ზე.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში, ინფიცირების შემთხვევის მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ დღეიდან სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლაც იკრძალება.
„სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია ქვეყნის მასშტაბით. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.