
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლების მიერ გატარებული ზომების უფრო მეტად გამკაცრება ანალიტიკოს გია ხუხაშვილისთვის სრულიად მისაღებია, თუმცა მიაჩნია, რომ საზოგადოების გაფრთხილება უფრო ადრე უნდა მომხდარიყო და საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაჭრელად მთავრობას მოსახლეობისთვის მხოლოდ რამდენიმე საათი არ უნდა მიეცა, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში მაღაზიებთან დიდი რიგი შეიქმნა, რამაც ვირუსის გავრცელებას კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი.
საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 10 მაისამდე გაგრძელდა. ამასთან, შეიზღუდა მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება, დაიკეტა სასაფლაოები, თუმცა, გარკვეული შეზღუდვები სასულიერო პირებზე არ გავრცელდა.
გია ხუხაშვილი მეტწილ პასუხისმგებლობას მოსალოდნელ შედეგებზე ხელისუფლებას აკისრებს. მან „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ, როგორც მთავრობა, ასევე საპატრიარქო პასუხისმგებლობის გადაბარებას საზოგადოებაზე ცდილობს და დღეს მრევლი გაორებულია, რადგან არ იცის, რა გააკეთოს, - მივიდეს თუ არა ეკლესიაში სააღდგომო ლიტურიაზე დასასწრებად.
„შესაძლებელია ამ ყველაფერს დავემორჩილოთ, მაგრამ სამწუხარო გახლავთ ის, რომ ხელისუფლებამ კრიზისის გენერაცია მოახდინა. ამ ტიპის გადაწყვეტილებებს სჭირდება გონივრული ვადები. ეს გადაწყვეტილება უნდა გამოცხადებულიყო მინიმუმ 48 საათით ადრე, რომ ამ პერიოდში ადამიანებს შეძლებოდათ საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაწყვეტა.
„საღამოს აცხადებ და დილის 12 საათამდე აძლევ ვადას. დღეს სამი საათის განმავლობაში პრაქტიკულად შეიქმნა კოლაფსი, რამაც კორონავირუსის გავრცელების რისკები ერთი ათად გაზარდა. თვითონ გადაწყვეტილება კი არ იყო შეცდომა, არამედ გონივრული ვადა არ მისცეს, არ გაითვალისწინეს თანმდევი რისკები და საბოლოო ჯამში, მიიღეს იმის უკუშედეგი, რისი მიღწევაც უნდოდათ.
„ეკლესიასთან მიმართებაში პრობლემა სხვა რამეშია; ჩვენი კონსტიტუციით, გარანტირებულია რწმენის და აღმსარებლობის უფლება, მაგრამ იქვე წერია, რომ ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის დაცვის მოტივით და მიზეზით. ხელისუფლების უფლება კი არ არის, რომ ზომები მიიღოს, არამედ მისი ვალდებულებაა ეს გააკეთოს. ხელისუფლების და საპატრიარქოს მხრიდანაც ვხედავთ პასუხისმგებლობის გადაბარების მცდლობას მრევლზე, ანუ ხელების დაბანვის პოზიცია აქვთ.
„დღემდე მრევლი გაორებულია, რა ქნას არ იცის. წარმოუდგენელი ქმედებაა, როდესაც ხელისუფლება პოლიტიკური კონიუნქტურული ან სხვა მოსაზრებებით თავს არიდებს სასიცოცხლოდ აუცილებელი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღებას. საპატრიარქოსაც ორაზროვან მდგომარეობაში ჰყავს დატოვებული. დღეს მრევლი, კონკრეტულს არაფერს ეუბნება.
„პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე და ნაწილობრივ საპატრიარქოზე. ერთ სივრცეში, რაც არ უნდა დისტანცია დაიცვან, ათი საათის განმავლობაში ადამიანები ერთად არიან, დაინფიცირებული ერთიც რომ იყოს, რისკი ძალიან მაღალია," - თქვა ხუხაშვილმა.
ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 370 შემთხვევა გვაქვს, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 79. გარდაცვლილთა რაოდენობა 3-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 5 035 პირია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 540.