
საქართველოს ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა და მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება საერთოდ აკრძალა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ თუ კი ქვეყანაში ვირუსის გავრცელება სწრაფად მოხდება, საყოფელთაო კატანტინიც გამოცხადდეს და საერთოდ ქუჩაში ფეხით გადაადგილებაც კი შეზღუდოს, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქვეყანაში მოხდა.
რატომ მიიღო ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება და ამის მიზეზი არის თუ არა აღდგომის დღესასწაული, რადგანაც მართლმადიდებელმა მრევლმა მისვლა ვერც ეკლესიებში შეძლოს და ვერც სასაფლაოებზე გავიდნენ. რამდენად შეძლებს ამ აკრძალვით ხელისუფლება შედეგის მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირებზე, სტიქაროსნებზე და ეკლესიაში მგალობელ ადამიანებზე ე.წ. საშვები გასცა, რომლის მეშვეობითაც ისინი ავტომობილით გადაადგილებას მაინც შეძლებენ. პარასკევს სასულიერო პირების დიდი ნაწილი კი ტაძარში კვლავ ავტომობილებით მივიდნენ, მრევლი კი ფეხით.
დილის ცხრიდან თორმეტ საათამდე კი მაღაზიებში და აფთიაქებში მოსახლეობის დიდი რიგები იდგა. ისინი სურსათის და მედიკამენტების მარაგის შეძენას ცდილობდნენ.
საპატრიარქოს განცხადებით სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
“16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 საათიდან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა, სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის. სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
დამატებით აკრძალვების შესახებ, რომელიც ფაქტობრივად გამოვიდა, რომ სასულიერო პირებზე მაინც არ გავრცელდა, ოპოზიციას კითხვები აქვს. მათი თქმით, გაუგებარია რატომ უნდა ათანხმებდეს საპატრიარქოსთან მთავრობა საკუთარ გადაწყვეტილებებს და რატომ აქვს პრეტენზია საპატრიარქოს.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას პოპულიზმში და გაუბედაობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, არ შეიძლება, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით, საზოგადოების სხვადასხვა ფენებზე არათანაბრად მუშაობდეს.
"რეგულაციები მძიმე ტვირთად აწვება კანონმორჩილ მოქალაქეებს მაშინ, როდესაც ვხედავთ კუნძულებს და არა ერთ კუნძულებს, რომელიც არ ემორჩილება ამ კანონებს და ხელისუფლებაც ვერ უბედავს მათ გარკვევით და მკაფიოდ უთხრას, რომ ეს რეგულაციების უნდა გავრცელდეს ყველაზე და ყველა ნიშნავს ყველას, მათ შორის მართლმადიდებლურ ეკლესიას. ლიტურგიაში მრევლის აქტიური მონაწილეობა დღეს გახდება უზარმაზარი საფრთხის შემქმნელი, როგორც ამ ადამიანებისთვის, ასევე მთელი საზოგადოებისთვის. ხელისუფლება ამ ვითარებაში კიდევ ბუჩქის უკან იმალება," - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი.
რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს, ისინი ხელისუფლებას მხოლოდ იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი ზომების აღსრულებასთან დაკავშირებით თავად საპატრიარქოს აყენებს დარტყმას.
"მე მგონია, რომ ხელოვნურად და ქვეტექსტებით ხდება მთელი აგრესიის მიმართვა ახლა ეკლესიისკენ, რაც არა მგონია, რომ ეს იყოს ასევე ჯანსაღი პროცესი. ეს ორმაგი სტანდარტი, რასაც ვხედავ ხელისუფლების მხრიდან ერთის მხრივ თითქოს არ კრძალავენ და მეორეს მხრივ ეს აგრესია მიმართულია ახლა ეკლესიისკენ, ესეც არ არის ჯანსაღი. ადამიანის სულსაც სჭირდება გადარჩენა და ხორცსაც," - აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სამწუხაროდ ხელისუფლება პრინციპით მოქმედებს მულო შენ გითხარი და რძალო შენ გაიგეო. პირდაპირ საპატრიქროს ვერ ეუბნება და ვერ აიძულებს, რომ კონსტიტუციური მოვალეობა შეასრრულოს და გვერდის ავლით, გაუგებარი მანევრებით გამოძრომას ცდილობს.
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით,რ ომ კონსტიტუციის მე-16 მუხლით რწმენის და აღმსარებლობის უფლება გარანტირებულია, მაგრამ ეს უფლება იმ შემთხვევაში იზღუდება თუ საზოგადოებას ჯამრთელობის კუთხით საფრთხე ემუქრება. პირდაპირ ვერ ეუბნება, პოლიტიკური მოტივებით რაღაც გაუგებარ თამაშს თამაშობს. საპტარიარქოს და ხელისუფლებაც პასუხისმგებლობის გადატანას მრევლზე ცდილობს. ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეებს თავად უთხრან როგორ მოიქცნენ, ჯოხს მათზე ტეხენ.
რაც შეეხება საკუთრივ შეზღუდვებს, ამის წინააღმდეგი არ ვარ. ახლა ვირუსის გავრცელების ყველაზე კრიტიკულ ფაზაში ვართ. შესაბამისად სიფრთხილე და სიმკაცრეა საჭიროა. თუმცა როცა ასეთ გადაწყვეტილებებს ღებულობ მისი აღსრულება გონივრულ ვადაში უნდა ხდებოდეს. როდესაც ადამიანებს არაფერია ქვთ მომარაგებული და საღამოს აცხადებ, რომ მეორე დღის 12 საათამდე ტრანსპორტით ვეღარ იმოძრავებს, ამით ფაქტობრივად კრიზის-მენეჯმენტს კი არ ეწევი, პირიქით კრიზისს ქმნი. ვნახეთ რომ 9-დან 12-საათამდე მთელი ქალაქი ქუჩაში იყო. ისტერიულად მაღაზიაში პროდუქტებს ყიდულობდნენ და დიდი რიგები დადგა. ამან ხომ უკვე დიდი რისკები შექმნა. ასეთ სიტუაციაში 48 საათით ადრე უნდა გააფრთხილო“,-ამბობს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ხელისუფლება იმის ხელისუფლებაა, რომ მას პასუხისმგებლობა აქვს, რომ თავისი მოსახლეობის ჯამრთელობას გაუფრთხილდეს. ხოლო თუ კი ის ამ რისკებს ხედავს, მან აბსოლუტურად ცალსახა და გამჭვირვალე გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ხუხაშვილი ამბობს, რომ ნაცვლად ამისა ხელისუფლება მოქალაქეების შეგნებაზე აპელირებს და საპატრიარქოს არ განაწყენიანებით საკუთარ მოსახლეობას რისკის წინაშე აყენებს.