
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ ეხმაურება, მეუფე იაკობის განცხადებას, სადაც მეუფე, ამირან გამყრელიძეს და პაატა იმნაძეს საზოგადოებაში პანიკის გავრცელებაში სდებს ბრალს და მათ საქციელს უღირსს უწოდებს. შემდეგ კი მეუფე მოითხოვს, რომ გამყრელიძემ და იმნაძემ საჯარო ბოდიში მოიხადონ.
„რა კომენტარი უნდა გავაკეთო ახლა, ამ წითელ პარასკევს. რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში, რა გავაკეთე საბოდიშო, გამაგებინეთ. არ არის სასურველი, აღდგომის დღეებში მე ვუპასუხო მეუფე იაკობს. მეუფე ორჯერ ესწრებოდა ჩემს შეხვედრას საპატრიარქოში პატრიარქთან და ძალიან კარგად იცის ჩემი მოსაზრებები ყველაფერთან დაკავშირებით, რა რეკომენდაციებიც მე მივეცი საპატრიარქოს. არაფერი განსხვავებული არ არის, იგივეა, რასაც მოსახლეობას ვაძლევ რეკომენდაციების სახით.
მაპატიეთ და, ამ ტიპის გამოხტომაზე და გამოსვლაზე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, მეუფეებთან შევიდე დისკუსიაში. მერე, თუ დააინტერესებს მეუფეს, ავუხსნი, რატომ ვარ მე მართალი და რატომ ის არ არის ამ შემთხვევაში მართალი. რანაირი ტონი მქონდა, შეიძლება, მითხრათ? ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე? ხომ გაქვთ ჩემი გამოსვლების ჩანაწერები? როგორ ფიქრობთ, ვინმეს მივაყენე ან საერთოდ ვაყენებ შეურაცხყოფას?“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ქართული ეკლესია არის მისთვის ყველაფერი. ცდილობენ, რომ დისკუსიაში შეიყვანონ, თუმცა აღდგომის წინა დღეებში ამის გაკეთებას არ აპირებს.
„ქართული ეკლესია არის ჩემთვის ყველაფერი. მისი უწმინდესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ჩემთვის არის მაგალითი საქართველოსთვის თავდადებული ადამიანისა, რომელიც 40 წელია, მიუძღვის საქართველოს არა მარტო ეკლესიას, არამედ მთლიანად საქართველოს. ჩვენ რომ მძიმე პერიოდში არ გადავიჩეხეთ ისეთ ნაპრალებში, საიდანაც უკან ვეღარ ამოდიან, ამაში უზარმაზარია წვლილი აქვს საქართველოს ეკლესიისა და პირადად კათოლიკოს-პატრიარქის, რომელსაც მე ვეთაყვანები.
ამავე დროს სახელმწიფო პასუხისმგებლობა მაქვს, მე ვარ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი და მაქვს ასევე ჩემი ისტორიული გამოცდილება დაავადებებთან ბრძოლის. მე ეს მინდა მოვახმარო ხალხს, რომ ჩემი ხალხი გამოვიდეს ნაკლები დაზიანებით ამ დიდი პრობლემიდან, ამ დიდი გამოწვევიდან, რომელიც მსოფლიოშია. ახლა მეუფე იაკობი ამას მიშლის?! მაპატიეთ, არ მინდა აღდგომის წინა დღეებში სხვანაირად ვთქვა, სხვანაირად დავალაგო წინადადებები. აი, როდესაც ჩაივლის აღდგომა, როცა ჩაივლის ეს ეპიდემია, მერე დამისვით კითხვები და მერე უფრო დეტალურად გიპასუხებთ“, – განაცხადა "პირველი არხის" ეთერში გამყრელიძემ.