რეზონანსი
18.04.2020

ჯვართამაღლების ტაძარში პანდემიის დასრულებამდე მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მიმართვას ტაძრის წინამძღვარი მამა თეოდორე გიგნაძე ავრცელებს.

დეკანოზი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში ვირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა მრევლს არ უნდა დაეკისროს და პასუხისმგებლობა ეკლესიებმა უნდა იტვირთონ.

მისივე განმარტებით, ტაძარში მსახურება არ გაჩერდება და შეზღუდვა მხოლოდ მრევლის დასწრებას ეხება.

„დღევანდელ დღეს სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, მრევლს გადავაბაროთ პასუხისმგებლობა და ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა, მცირეოდენი მაინც, როგორც ეკლესიის იერარქიამ, ბუნებრივია, უნდა ვიტვირთოთ. მითუმეტეს, გამკაცრდა რეგულაციები და ადამიანებს ფიზიკურად არ შეუძლიათ ტაძარში მოსვლა - იცით, რომ მანქანებით სიარული აიკრძალა, ტაძართან ახლოს კი ცოტა ცხოვრობს. ამას ემატება ისიც, რომ ისმის მოწოდება მრევლისადმი, რომ ვინც რისკის ჯგუფშია თავი შეიკავონ ლიტურღიკულ მსახურებაზე დასწრებისგან, რამეთუ ლიტურღიკული მსახურება სწორედ თავშეყრას და ერთად ყოფნას გულისხმობს და ის რეგულაციები, რომლებსაც ვატარებდით აქამდე, აღარ არის საკმარისი, იმდენად ვერაგია ეს დაავადება და იმდენად საშიში გახდა.

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მრევლს მოვუწოდოთ, რომ სოლიდარობა გამოიჩინონ ერთმანეთისადმი და ის ვინც ახლოს არის და ეიოლება მოსვლა, ნუ ექნება უპირატესობის განცდა იმასთან შედარებით, ვინც შორს არის (ჩვენი და-ძმობა გვავალებულებს, რომ მთლიანობისა და ერთობის შესანარჩუნებლად და დამატებით დაავადების გავრცელების პრევენციისთვისაც დავიკლოთ ის, რაც აკლდებათ დანარჩენებს - მათთვის, ვინც ვერ მოდის სიშორის გამო, არც ახლოს მცხოვრებები მივალთ). გარდა ამისა, ჩვენს მრევლს თითქმის ყველას, თითქმის ყველას ყავს ოჯახში ასაკოვანი ადამიანი და აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანი რისკ-ჯგუფს განეკუთვნება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ უნდა გაჩერდეს რა მსახურება არავითარ შემთხვევაში იმიტომ, რომ მსახურება არა მარტო იმათთვისაა, ვინც მას ესწრება, არამედ, ვინც ობიექტური მიზეზის გამო ვერ ესწრება და რომელთაც ჩვენ თუნდაც ბასილი დიდის საიდუმლო ლოცვებში მოვიხსენებთ. არ შეიძლება გაჩერდეს ევქარისტიული მსახურება, რომელიც ზეცისა და მიწის შეერთებაა წმინდა ტრაპეზზე და ღვთის კურთხევა გადმოდის არა მარტო კონკრეტულ ტრაპეზზე იმ ტაძარში, არამედ მთელ სამყაროზე. ამიტომ მსახურება, ბუნებრივია, არ გაჩერდება, მაგრამ მრევლის დასწრება შეიზღუდება, მანამ სანამ იქნება პანდემიის აფეთქების საშიშროება საქართველოში.

სამწუხაროდ, ზოგი ადამიანი სიფრთხილეს აღიქვამს უფლის ღალატად, რაც სინამდვილეში ასე არ არის. პავლე მოციქული პირდაპირ სავალდებულოდ გვიხდის ხელისუფლებისადმი მორჩილებას რომაელთა მიმართ ეპისტოლის მეცამეტე თავში და კრძალავს ურჩობას იმიტომ, რომ ურჩობა ხელისუფლებისადმი აყავს ღვთის ურჩობის რანგში იმიტომ, რომ ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა მოცემული...

გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს მოწამეობა. მოწამეობა ნიშნავს, როდესაც მე პირად არჩევანს ვაკეთებ და ქრისტესთვის ვწირავ საკუთარ თავს, საკუთარ სიცოცხლეს ვწირავ მოყვასის გადასარჩენად და ქრისტეს ერთგულებისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში მდგომარეობა სხვანაირია: ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება, სხვისი სიცოცხლის შეწირვა მოგვიწიოს, რადგან ჩვენ შეიძლება საერთოდ არაფერი დაგვემართოს, მაგრამ სხვა გახდეს ავად. ამიტომ როდესაც საუბარია, რომ მოვერიდოთ თავშეყრას თუნდაც ტაძრის ეზოში, ჩვენ ამას ვაკეთებდით. ყველამ იცის, ვინც სოციალურ ქსელს თვალყურს ადევნებს, როგორ მაქსიმალურად ვცდილობდით, დაგვეცვა სახელმწიფო რეგულაციები. ღვთის წყალობით ეს საკმაოდ მაღალ დონეზე ხდებოდა, იმდენად, რომ უცხოეთის ტელევიზიებიც კი აშუქებდნენ, მაგრამ მაინც შეუძლებელი ხდება სრული დაცვა და გარანტიების მიცემა. შესაბამისად თითოეული ადამიანი აი, ამ ერთობის გამო შეიძლება, სხვისთვის გახდეს სახიფათო და სწორედ აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთ დროს ადამიანმა შეიძლება, უფალს უღალატოს...

გვექნება მსახურებების ჩართვები პირდაპირ ეთერში და რა თქმა უნდა, ყურადღებას მივადევნებთ იმ მდგომარეობას, რაც ქვეყანაში იქნება, სახელმწიფო რეგულაციებს. ჩვენ ამით გამოვხატავთ სოლიდარობას იმ ადამიანებისადმი, რომლებიც მართლაც (ექიმებს ვგულისხმობ ამ შემთვევაში) მუხლჩაუხრელად შრომობენ იმისთვის, რომ ეს დაავადება არ გავრცელდეს. ჩვენს წვლილს იმითიც შევიტანთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდავთ ადამიანების ერთად ყოფნას.

არ ვიფიქროთ, რომ ეს არის ქრისტეს ღალატი. ეს ქრისტეს დარი საქციელია...", - მიმართავს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე საზოგადოებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×