
ხელისუფლების მიერ ბოლოს გატარებული შეზღუდვები, რომელიც მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს, იმისთვის იყო მიღებული, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე დასასწრებად მრევლი ეკლესიებში არ მისულიყო - ამის შესახებ „რეზონანსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ განუცხადა.
„მიმაჩნია, რომ სწორედ ამისთვის იყო გაკეთებული და სწორადაც არის მიღებული. იმიტომაა ოთხი დღით და არა 10 მაისამდე," - თქვა მან.
ამასთან, ეკლესიამ გააპროტესტა მანქანების გადაადგილების აკრძალვა, რადგან ეს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული. არველაძის თქმით, ეს არც უნდა ყოფილიყო შეთანხმებული, რადგან არცერთი კანონპროექტი ან დადგენილება, საპატრიარქოსთან არ თანხმდება.
„რატომ უნდა იყოს შეთანხმებული ეკლესიასთან? რომელი კანონპროექტი ან რომელი დადგენილება თანხმდება ეკლესიასთან? ჩემი აზრით, ეკლესია არასწორ ნაბიჯებს დგამს, როდესაც მრევლს მოუწოდებს - „მოდით, ნუ გეშინიათ". ყველა არ აკეთებს ამას, მაგრამ უმეტესობა.
„ასეთი ვირუსები ყოფილა ადრეც; მაშინ გარდაცვლილთა შორის, როგორ ფიქრობთ, სასულიერო პირები არ იყვნენ? ამიტომ, როდესაც ასეთი საშიშროებაა, არ შეიძლება ვინმე მოუწოდებდეს იმის საწინააღმდეგოს, რაც ხალხის გადასარჩენად არის მიღებული," - აღნიშნა არველაძემ.
მან ასევე ისაუბრა ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებაზე, რომელმაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მის მოადგილე პაატა იმნაძე გააკრიტიკა. მეუფე იაკობის თქმით, გამყრელიძემ და იმნაძემ ბოდიში უნდა მოიხადონ, რასაც რევაზ არველაძე არასწორს უწოდებს და ამბობს, რომ ბოდიში თავად მეუფე იაკობმა უნდა მოუხადოს ამ ორ ადამიანს.
„არ იყო სწორი. გამყრელიძეს და იმნაძეს კიდევ იქით უნდა მოუხადოს ბევრმა ბოდიში, მათ შორის მანაც, ვინც თქვა, რომ ბოდიში მოიხადონო," - დასძინა არველაძემ.