
კორონავირუსთან საბრძოლველად რუსებმა აფხაზეთში ჯარის ნაწილების გადასროლა დაიწყეს. ამის შესახებ ცნობები რუსულ მედიაში ვრცელდებოდა, რაც აფხაზეთის „თავდაცვის სამინისტროს" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, როლანდ ჯოჯუამ დაადასტურა.
რუსული მედიის ცნობით, შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფები გადაყვანილ იქნა აფხაზეთში, რათა აფხაზურ მხარეს დაეხმარონ კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ეხო კავკაზა" იუწყება, რომ ეს ცნობა აფხაზური საზოგადოებისთვის დიდი მოულოდნელობა იყო და გაოცებაც გამოიწვია, რადგანაც, კორონავირუსის გავრცელების მხრივ აფხაზეთში სულაც არ არის საგანგაშო ვითარება და დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, აფხაზეთში ინფიცირების სულ 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.
როლანდ ჯოჯუას თქმით, შავი ზღვის ფლოტის ქვედანაყოფები იგზავნება აფხაზეთში სასწავლო ღონისძიებების გეგმის შესაბამისად, რომელიც შეთანხმდა აფხაზეთის „თავდაცვის სამინისტროსთან".
„დანაყოფები მოქმედებენ შავი ზღვის ფლოტის სასწავლო ნაწილებისა და ქვედანაყოფების გეგმის შესაბამისად. ისინი გარკვეული დროით განლაგდებიან მე-7 სამხედრო ბაზაზე. ჩვენი მთავრობა დახმარებას ითხოვს გარკვეული ობიექტების დეზინფექციაში, რათა შეძლონ კორონავირუსის ან სხვა მასშტაბური შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლა. შესაბამისად, ისინი მზად არიან და დაგვეხმარებიან ", - თქვა როლანდ ჯოჯუამ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახლმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე „რეზონანსთან" საუბრობს.
„გემები შევიდნენ გუდაუთის ბაზაზე. თავად რუსი სამხედროების თქმით, შესული არიან აფახაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თხოვნით, რათა მოახდინონ გარკვეული მონაკვეთების დეზინფექცია. რეალურად ალბათ ხდება ბაზის გამყარება კორონავირუსის კონტექსტიდან გამომდინარე, გარკვეული სამხედრო შენაერთების გაძლიერება," - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.