თამთა ჩაჩანიძე
18.04.2020

„საზოგადოების იმ ნაწილში, ვინც საღად აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ორივეს რეიტინგი დაეცა - როგორც საპატრიარქოსი, ისე ხელისუფლების. ქვეყანა, რომელმაც თუნდაც ამ უბედურების ჟამს რაღაცნაირად ერთიანობას მიაღწია, ისევ დაშალეს და დააქუცმაცეს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, კორონავირუსის ეპიდემიის გამო საგანგებო მდგომარეობისას ზომების გამკაცრების ფონზე, ხელისუფლებისა და საპტრიარქოს დაპირისპირებას.

ძაბირძე მიიჩნევს, რომ დღესდღეობით არც საქართველოს ხელისუფლება და არც საქართველოს საპატრიარქო თავიანთ ფუნქციებს არ ასრულებენ.

„არც ხელისუფლება და არც საპატრიარქო იმ ფუნქციას არ ასრულებს, რაც უნდა შეასრულონ ერის და ქვეყნის ცხოვრებაში, როგორც სასულიერო, ისე საერო ცხოვრებაში. ხელოსუფლებამ კონსტიტუციის ფარგლებში უნდა იმოქმედოს. რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი განსაკუთრებულ ვითარებაში ხელისუფლებამ არ გადადგას მკვეთრი ნაბიჯები.

„ამასთანავე, საპატრიარქოს არავინ არ უშლის, რომ ღვთისმსახურება აღასრულოს. მას არანაირი უფლება არ აქვს, რომ ხელისუფლებას რაიმე მოსთხოვოს. ასე რომ, ერთი მხარეც და მეორე მხარეც სცოდავს ქვეყნისა და რწმენის წინაშე.

„ამ დაპირისპირებამ უკვე ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა. გარკვეულმა მღვდელმთავრებმა თქვეს, რომ ეკლესიაში არ მოხვიდეთო, რაც, ჩემი აზრით, სწორია, ხოლო მეორე ნაწილმა კი ეს რწმენისადმი ჯვაროსნულ ბრძოლად ჩათვალა .

„მეორეს მხრივ, იგივე მოხდა ხელისუფლებასთან მიმართებაშიც, მათი ის გააწყვეტილებები, რომელმაც მთლიანად ერი გააერთიანა, მართლაც წარმატებული იყო. თუმცა, გარკვეული მცირე დეტალების გამო, იმის გამო, რომ ხელისუფლება ორმაგ თამაშს თამაშობს, საზოგადიების ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება უკვე შეიცვალა.

„გაიყო როგორც სასულიერო, ისე საერო საზოგადოება. ეს ქვეყანას რას მოუტანს - ამაზე ვინმე ფიქრობს? ყველაზე სასწაული ისაა, რომ ხელიფლებას არ ესმის, ან არ უნდა რომ გაიგოს მოსახლეობაში რა განწყობებია. მანქანების მოძრაობის აკრძალვის გამო იმას, ვისაც უკვე გადაწყვეტილი აქვს ეკლესიაში წასვლა, განცდა აქვს ისეთი, რომ სარწმუნოებისთვის ომში მონაწილეობს და ის 30 კილომეტრს გაივლის და ფეხით მაინც მივა; ხოლო ის ადამიანები, რომლებიც მათგან განსხვავებულად აზროვნებენ, გინდაც მანქანით მიაკითხოთ სახლში მაინც არ წავლენ. ამიტომ ასეთ ნაუცბათევ გადაწყვეტილებებს მთელი პრობლემები მოჰყვება,რომელიც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობდა და იმუშავებს" - განაცხადა ძაბირაძემ.

მან „რეზონანსთან" მეუფე იაკობის განცხადებაზეც ისაუბრა, რომელმაც დაავადებათა ეროვნული ცემტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე გააკრიტიკა და მათგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

„მე არ მინდა (მეუფე) იაკობის გამოთქმები შევაფასო, ეს მის სინდისზე იყოს, მაგრამ გამყრელიძეს, იმნაძეს და ცერცვაძეს უდიდესი ღვაწლი მიუძღვით იმაში, რომ დღეს იმ დღეში არ ვართ, რა დღეშიც თუნდაც ჩვენი სამეზობლოა ჩავარდნილი. ამიტომ ამ ხალხს საბოდიშო არავისთან არაფერი აქვს, პირიქით, ყველამ - ერმაც და ბერმაც სამადლობელი სიტყვები უნდა ვუთხრათ.

„ორივეს რეიტინგი დაეცა - როგორც საპატრიარქოსი, ისე ხელისუფლების. საზოგადოების იმ ნაწილში, ვინც საღად აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ორივეს რეიტინგი დაეცა. ქვეყანა, რომელმაც თუნდაც ამ უბედურების ჟამს რაღაცნაირად ერთიანობას მიაღწია, ისევ დაშალეს და დააქუცმაცეს, იმიტომ, რომ, ერთი ფიქრობს ძალაუფლება შეინარჩუნოს და მეორენი - სამღვდელოებაში ფიქრობენ როგორ მოიპოვონ პატრიარქის ტახტი. ესაა მთელი ავან-ჩავანი ამ დაპირისპირებისა.

„თუ ჩვენ გვინდა სახელმწიფო ვიყოთ, თუ უნდა რომ ეკლესიამაც განსაკუთრებული როლი შეინარჩუნოს, კონსტიტუციას და სახელმწიფოს უნდა სცეს პატივი. სხვაგვარად არ გამოდის. არავინ არ იჭრება მათ რელიგიურ ფუნქციებში, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ არც მათ აქვთ საერო ცხოვრებაში შეჭრის უფლება და ასეთ საგანგებო ვითარებაში ხელისუფლებისადმი მოთხოვნა, თუ როგორ უნდა მოიქცეს" - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×