ელზა პაპოშვილი
18.04.2020

ვინ იქნება პასუხისმგებელი, თუკი აღდგომის შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად მოიმატებს და ქვეყანაში მასობრივი გადადება დაიწყება? - ესაა კითხვა, რომელზეც პასუხი არავის აქვს, ხოლო ხელისუფლება და საპატრიარქო ურთიერთ ბრალდებების რეჟიმში არიან გადასული. 

სიტუაცია კი ასეთია - მეუფეების ნაწილმა მრევლს მოუწოდა, რომ სააღდგომოდ სახლში ილოცონ და ეკლესიებში არ მივიდნენ. მეუფე დიმიტრიმ და მეუფე გერასიმემ საერთოდ ღამის სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება მრევლის გარეშე გადაწყვიტეს, ხოლო მორწუმნეებს წირვაზე დასწრება მხოლოდ დილის 7 საათიდან შეეძლებათ. 

მათ მსგავსად მრევლს სახლში დარჩენა მეუფე მელქისედეკმაც ურჩია და განაცხადა, რომ მორწუნეების ეკლესიაში ჩაკეტვა მისთვის მიუღებელია. 

თუმცა არიან მეუფეები, რომლებიც ღიად უპირისპრდებიან ხელისუფლებას და მის რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს. მაგალითად, მეუფე იაკობმა  პაატა იმნაძესა და ამირან გამყრელიძეს ბოდიშის მოხდაც კი მოსთხოვა და აღნიშნა, რომ მათ ხალხის შეშინების უფლება არ აქვთ. თუმცა მეუფე იაკობი აქვე ამბობს, რომ ეკლესიაში მისული მრევლი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და ეკლესია არაფერ შუაშია. 

იქიდან გამომდინარე, თუ როგორ ჩაივლის აღდგომის დღესასწაული, ხელისუფლებამ საგანგებო ზომები შესაძლოა კიდევ უფრო გაამკაცროს - ფეხით გადაადგილებაც კი აკრძალოს და საყოველთაო კარანტინი გამოაცხადოს. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი. როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, ახლა საჭიროა რაც შეიძლება ნაკლები პაციენტი მოხვდეს კლინიკებში.

„ამ ეტაპზე გვჭირდება, რომ შემოვიდეს ნაკლები პაციენტი, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია საზოგადოებაზე და უახლოესი სამი დღის განმავლობაში უპირველესად მრევლზე. მრევლი გადაწყვეტს ამ დაავადების ბედს საქართველოში. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი. ასეთი ფორმულირებით არასოდეს მითქვამს და მგონი, არც სხვებს უთქვამთ, რომ დიახ, ახლა მრევლის ხელშია ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიის განვითარების სცენარი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში. 

ცერცვაძის თქმით, ის თავად არის ჩართული პროცესებში და გამოკვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი მათ ლაბორატორიაში კეთდება. შესაბამისად, გამორიცხულია, რომ ციფრები სწორი არ იყოს. ამიტომაც ყველაფერი აღდგომის შემდეგ გამოჩნდება.

თეოლოგ ლადო ნარსიას თქმით, რომ საპატრიარქოს გაჯიუტება პირადად პატრიარქის პოზიციით უნდა ავხსნათ. ნარსია ფიქრობს, რომ თუკი სინოდის სხდომა გაიმართებოდა, ძალიან ბევრი ეპისკოპოსი გამოვიდოდა სრულიად სხვა აზრით და ისინი პატრიარქს მოუწოდებდნენ, რომ სხვა ეკლესიების მსგავსად, მათაც სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება მრევლის გარეშე გადაეწყვიტათ. თეოლოგია ამბობს, რომ რთულია დაზუსტებით იმის თქმა,  უწმინდესი საპატრიაქროს ვიწრო ჯგუფის გავლენის ქვეშ არის თუ არა მოქცეული, თუმცა ფაქტი ერთია - რომ მრევლი მხოლოდ საკუთარი პასუხისმგებლობის ამარად არის დარჩენილი და ეს დაუშვებელი საქციელია როგორც ეკლესიის, ასევე ხელისუფლების მხრიდან. 

„მას სჯერა, რომ ახლა მოსახლეობას ლოცვა უფრო გადაარჩენს და ეკლესიების დახურვა სწორი გადაწყვეტილება არ იქნება. პატრიარქს აქვს ასეთი ხედვა და მისი გავლენებიდან გამომდინარე, შეუძლია, რომ ეს როგორც მთელს ეკლესიას, ასევე მოსახლეობას თავზე მოახვიოს. 

„რა თქმა უნდა, სასულიერო პირებს შორის აზრთა სხვადასხაობა არსებობს. თუ დააკვირდებით, დროთა განმავლობაში მათი აზრი და დამოკიდებულება რიგ საკითხებთან დაკავშირებით იცვლება და რბილდება. 

„რელიგიაზე როცა ვსაუბრობთ, დააკვირდით, რომ უწმინდესმა 12 იანვარს განაცხადა -  მეორედ მოსვლა ახლოს არისო. ეკლესიას ასეთი რწმენა აქვს, რომ რაღაც ქვეყნიერების დასასრული ხდება და ეკლესია უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოიქცეს. ამ დისკუსიაში ნუ შევალთ, თუ რამდენად სწორი ხედვაა. ერთ-ერთ გადაცემაში ამას სიბნელეც კი ვუწოდე.  თუმცა, მათ ასეთი ხედვა აქვთ და მორჩა“, -ამბობს ნარსია „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, თუკი აღდგომის შემდეგ ვირუსმა მასობრივი გავრცელება დაიწყო, ჯერ ერთი, რომ ხელისუფლება ეკლესიისკენ ხელის გაშვერას ვერ შეძლებს და რომც შეძლოს, სასულიერო პირთა ნაწილი ასეთი ბრალდებისათვის მისგან განმარტებებს მოითხოვს. ამიტომ თეოლოგი მრევლს მოუწოდებს, რომ აღდგომისთვის სახლში დარჩნენ. 

კონსტიტუციონალისტი და ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ხელისუფლება ვალდებული არ არის საპატრიაქროს და ეკლესიას გადაწყვეტილებები უთანხმოს. მისი თქმით, ეს ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება.  წითელ ხაზებს არც ეკლესიამ და არც სახელმწიფომ არ უნდა გადააბიჯოს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე  საპატრიარქოს არ უნდა შეატოვონ და ეს პრობლემა ერთმანეთში უნდა გაარკვიონ. ძაბირაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ეკლესიას  საარჩევნოდ სჭირდება და მასთან ღია კონფლიქტი არ სურს. 

„სახელმწიფოს არანაირი ვალდებულება არა აქვს ეკლესიასთან  გადაწყვეტილებების მიღება ათანხმოს. ეს საერთოდ სამართლებრივი სფეროდან გასვლაა. ამ შემთხვევაში ამას ის ხალხი აკეთებს სამწუხაროდ, ვინც საპატრიარქოს  წარმოადგენს, იმიტომ, რომ ხელისუფლება ამის საშუალებას აძლევს. ისინიც იმ ტონში ლაპარაკობენ, რა ტონითაც აბედინებენ. 

„საერთოდ რომ გამოაცხადონ კვირას სახლიდან არავინ გამოვიდეს და 24-საათიანი კარანტინიაო, მაშინ საპატრიარქო რას იზამს? ხელისუფლების და კანონის წინააღმდეგ წავა? არ დაემორჩილება?“ - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი „რეზოანნსთან“ აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, ხელისუფლება მოქმედებს პრინციპით - მულო შენ გითხარი და რძალო შენ გაიგეო. პირდაპირ საპატრიქროს ვერ ეუბნება და ვერ აიძულებს, რომ კონსტიტუციური მოვალეობა შეასრრულოს და გვერდის ავლით, გაუგებარი მანევრებით გამოძრომას ცდილობს.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ კონსტიტუციის მე-16 მუხლით რწმენის და აღმსარებლობის უფლება გარანტირებულია, მაგრამ ეს უფლება იმ შემთხვევაში იზღუდება თუ საზოგადოებას ჯამრთელობის კუთხით საფრთხე ემუქრება. პირდაპირ ვერ ეუბნება, პოლიტიკური მოტივებით რაღაც გაუგებარ თამაშს თამაშობს. საპტარიარქოს და ხელისუფლებაც პასუხისმგებლობის გადატანას მრევლზე ცდილობს. ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეებს თავად უთხრან როგორ მოიქცნენ, ჯოხს მათზე ტეხენ.

„რაც შეეხება საკუთრივ შეზღუდვებს, ამის წინააღმდეგი არ ვარ. ახლა ვირუსის გავრცელების ყველაზე კრიტიკულ ფაზაში ვართ. შესაბამისად, სიფრთხილე და სიმკაცრეა  საჭიროა. თუმცა, როცა ასეთ გადაწყვეტილებებს ღებულობ, მისი აღსრულება გონივრულ ვადაში უნდა ხდებოდეს. როდესაც ადამიანებს არაფერი აქვთ მომარაგებული და საღამოს აცხადებ, რომ მეორე დღის 12 საათამდე ტრანსპორტით ვეღარ იმოძრავებს, ამით ფაქტობრივად კრიზის-მენეჯმენტს კი არ ეწევი, პირიქით - კრიზისს ქმნი“, - ამბობს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, ხელისუფლება იმის ხელისუფლებაა, რომ მას პასუხისმგებლობა აქვს, რომ თავისი  მოსახლეობის ჯამრთელობას გაუფრთხილდეს. ხოლო თუკი ის ამ რისკებს ხედავს, მან აბსოლუტურად ცალსახა და გამჭვირვალე გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. თუმცა, ამის ნაცვლად, როგორც ხუხაშვილი ამბობს, ხელისუფლება მოქალაქეების შეგნებაზე აპელირებს და საპატრიარქოს არგანაწყენიანებით საკუთარ მოსახლეობას რისკის წინაშე აყენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×