
ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, სპეციალისტები ოთხკვირიან მძიმე ციკლზე საუბრობენ. მედიკოსთა ნაწილი თვლის, რომ აპრილის ბოლო ორი კვირა და მაისის პირველი ორი კვირა უფრო საყურადღებო და რთული იქნება, ვიდრე აქამდე ყოფილა.
საქართველოს წინ აქვს 24-დღიანი მძიმე პერიოდი, რადგან არის შიდა გადაცემები, რომელთა დაინფიცირების წყაროც უცნობია და მათი გამოვლენის ვადა იწურება. თანაც, ქვეყანა ინფიცირების პიკურ ფაზაში შევიდა, რაც დაახლოებით 2-3 კვირა გასტანს.
ოთხკვირიან პერიოდზე პროგნოზი დაავადებათა კონრტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისი თქმით, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევების ზრდა ქვეყანაში იქნება.
„ჩვენ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, შემთხვევების ზრდა ქვეყანაში იქნება, ჯერჯერობით ჩვენი ე.წ. მრუდი აღმავალია. შიდა გავრცელება როგორც კი იწყება ქვეყანაში, იქიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირები არის ყველაზე რთული ჩვენი პროგნოზით. ჩვენ შიდა გავრცელება დაგვეწყო მარტის 22-23 რიცხვში, დაახლოებით 4 კვირა შევასრულეთ, მე-5 კვირაში შევდივართ, ამიტომ ვამბობდით, რომ აპირილის ბოლო კვირები, მაისის პირველი ორი კვირა იქნება უფრო საფრთხილო და უფრო რთული.
„შემთხვევების ზრდა დიდი ალბათობით გვექნება, ამიტომ ყველამ უნდა დავიცვათ ის წესი, რასაც სახელმწიფო, ჯანდაცვის უწყება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს. ეს არის სოციალური დისტანცირება, სხვა ამას ვერაფერი აჩერებს," - განაცხადა გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან".
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა, ფაქტია, კანონდარღვევას და ხალხის თავშეყრას, თავისი შედეგი ექნება და ეს შეიძლება სწორედ ამ პერიოდში მივიღოთ.
„რა გველის წინ, ამაზე დეტალურად საუბარი ძალიან ძნელია. რომ შევაჯეროთ ის ფაქტები, რაც უკვე მოხდა, ამის გათვლაა. სპეციალისტი ჯერ უნდა ფიქრობდეს ცუდზე და შემდეგ კარგზე. ჩვენ სწორედ ამითი ვაჯობეთ უცხოეთს, რის შედეგადაც ბევრად უკეთესი შედეგი მივიღეთ.
"არ შეიძლება რამის იგნორირება და არც იმ ფაქტის, რომ მიუხედავად აკრძალვისა, მაინც მოხდა შეკრებები - არ აქვს მნიშვნელობა ეს სასულიერო პირია, იურიდიული პირი თუ უბრალოდ მოქალაქე, კორონავირუსმა გარჩევა არ იცის.
„გათვლა არის ისიც, რომ რადგან დაიწყო შიდა გადაცემები, ამის გამოვლინებას გარკვეული დრო სჭირდება. არსებობენ ადამიანები, რომელთაც არ აქვთ სიმპტომურად გამოხატული ვირუსული ინფექციის კლინიკური ნიშნები და ისინი კვლავაც დადიან ჩვენ შორის.
"არავის იცის, ვის გადაედება და როგორ მოახდენს მისი ორგანიზმის რეაგირება ამ ვირუსთან დაკავშირებით. შიდა გადაცემის დაწყებიდან, ეს პერიოდი გავიდა და დროა უკვე თავი იჩინოს ინფიცირებამ.
„სახელი კორონა განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს, - ეს არის ვირუსული ინფექცია, რომელსაც გარკვეული კანონზომიერება მაინც გააჩნია და მსგავსია იმუნური ინფექციებისა.
"ზამთარში ადამიანის იმუნიტეტი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ზაფხულში. არ არის გაციების პრობლემა, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის დაწევას და ინფექციის ადვილად გავრცელებას. ეს გარკვეულ დადებით შედეგს გამოიღებს" - თქვა ირაკლი ხმალაძემ.