რეზონანსი
20.04.2020

შვედეთის სახელმწიფოს ეპიდემიოლოგი, ანდერს ტეგნელი, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ ქვეყნის ბრძოლას კურირებს, ამბობს, რომ სტოკჰოლმში, შესაძლებელია, მაისში ჯოგური იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს.

როგორც ტეგნელმა ნორვეგიულ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს მოდელების თანახმად, სტოკჰოლმში უკვე იმდენ ადამიანს აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი, რომ დაავადების გავრცელება ნელდება.

შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, ქვეყანამ პიკი უკვე გადაიარა და ახლა ვირუსის გავრცელების მხრივ დაღმასვლაა დაწყებული.

,,ისევ იმ დონეზე ვართ, სადაც რამდენიმე კვირის წინ ვიყავით. აღდგომის კვირამდე იყო ერთგვარი პიკი, ახლა კი ერთგვარი დაღმასვლა გვაქვს. მაისიდან ვირუსი შენელდება”.

შვედეთის მიდგომა კორონავირუსთან ბრძოლაში ევროპის ყველა ქვეყნისგან განსხვავდება. ნაცვლად კარანტინისა და სხვა მკაცრი ზომებისა, ქვეყანაში რესტორნები და ბარებიც კი არ დაკეტილა. გარდა ამისა, კვლავ ღიაა ზოგი სკოლა და საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებისთვის. შესაძლებელია 50-მდე ადამიანის შეკრებაც.

ანდერს ტეგნელს მიაჩნია, რომ მკაცრი ზომები, როგორიცაა საზღვრების დაკეტვა და რასაც სხვა სკანდინავიურმა ქვეყნებმა მიმართეს, პოლიტიკური ნაბიჯებია და სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია.

განსხვავებული მიდგომის გამო შვედეთს კრიტიკა არ ასცდენია. კრიტიკოსები მიუთითებენ სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელზე და მთავრობას მოუწოდებენ, ზომები სხვა ქვეყნებივით გაამკაცრონ.

შვედეთში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 13 800-ზე მეტი შემთხვევაა დარეგისტრირებული, საიდანაც 1500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 550 გამოჯანმრთელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×