თამარ შუკვანი
20.04.2020

მაისიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში გატარებული აკრძალვების თანდათან მოხსნა იგეგმება. პირველ რიგში, მსუბუქი ავტომანქანებისა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის გაუქმებაა მოსალოდნელი. შემდეგ კი, სხვადასხვა შეზღუდვები თანმიმდევრულად მოიხსნება. ამის შესახებ „რეზონანსთან" ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში არსებული მდგომარეობა იძლევა საფუძველს, რომ გატარებული შეზღუდვები 10 მაისამდე გაგრძელდეს. ვირუსთან ბროლაში მთავარია თანმიმდევრობა და ყველა დაწესებული განკარგულების ზედმიწევნით შესრულებაა.

ამასთან, მთავრობის მეთაურის განცხადებით, უახლოესი 2-3 კვირა გადამწყვეტი პერიოდია და იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან შექმნილ სიტუაციას და შეასრულებენ მთავრობის მიერ დადგენილ სავალდებულო წესებს, არსებული შეზღუდვები შესაძლოა, მაისის შუა რიცხვებიდან თანმიმდევრულად მოიხსნას.

„ჩვენ გვიწევს ბრძოლა ორ ფრონტზე. ვირუსთან ბრძოლა ნიშნავს ჯანმრთელობისთვის და ეკონომიკის გამართვისთვის ბრძოლას, ამიტომ რაც უფრო თანმიმდევრულები ვიქნებით და სწორად შევასრულებთ ყველა წესებს, შესაძლოა მაისი შუა რიცხვებიდან შევძლოთ შეზღუდვების თანმიმდევრული მოხსნა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი რეგულაციების თანახმად, იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას. სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია ქვეყნის მასშტაბით.

ამასთან, მოქალაქეს პირბადის ტარების ვალდებულება აქვს ყველა დახურულ საჯარო სივრცეში (მაგ.: აფთიაქში, სასურსათო მაღაზიაში და სხვ.).

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 15 აპრილიდან თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში მოქალაქეებს შესვლა და გამოსვლა აეკრძალათ. ქვეყნის ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.

საპარალამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვა იქნება მოხსნილი: „როგორც დაიწყო, ნელ-ნელა მოიხსნება. თანმიმდევრობას ვერ გეტყვით. ამას ალბათ საკოორდინაციო საბჭო და პრემიერი გადაწყვეტს, ეს მისი კომპეტენციაა. ალბათ, მანქანებზე დაწესებული რეგულაცია მოიხსნება და შემდეგ სხვა," - თქვა ქანთარიამ.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი რევაზ არველაძე ამბობს, რომ პირველად, მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება აღდგება, შემდეგ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აკრძალვა მოიხსნება, რაც მისი აზრით, მომდევნო კვირის ბოლოდან დაიწყება.

„ჩემთვის ძალიან ძნელია ამაზე საუბარი. ალბათ მაშინ მოიხსნება, როდესაც გამოჩნდება, რომ აღდგომის გასვლის შემდეგ, ვითარება პიკისკენ წავიდა თუ არა. ჩემი აზრით, ეს შეიძლება დაიწყოს მომავალი კვირის ბოლოდან. პირველ რიგში, ალბათ მსუბუქი ტრანპოსპორტის მოძრაობის აკრძალვა, რომელიც იქნება პირველი და მგონია, რომ სწორედ აღდგომასთან დაკავშირებით იყო შემოღებული.

„ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და იმ საწარმოების ამოქმედება, რომლებიც არ არის დაკავშირებული მასობრივ თავშეყრასთან. ამასთან, ზოგიერთი მაღაზიის გახსნა, როგორიც არის „სუფთა სახლი," რომელიც ჰიგიენური ნაწარმით ვაჭრობს ძირითადად.

„მთავრობის მიერ სპეციალურად არის შექმნილი საბჭო და ასევე მასთან არსებული სპეციალური ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან მაღალი დონის პროფესიონალებისგან და ისინი მიიღებენ რეკომენდაციებს, შემდეგ უკვე გადადის დადგენილებების ნაწილად, - ან მკაცრდება ან რბილდება ეს შეზღუდვები," - აღნიშნა „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×