თამარ შუკვანი
21.04.2020

ეკლესიებში აღდგომის წირვის ჩატარება როგორ აისახება ეპიდემიურ სტუაციაზე, ამას აღდგომიდან დაახლოებით 10 დღეში - 27-28 აპრილს ვნახავთ, მიიჩნევს ეპიდემიოლოგების ერთი ნაწილი. თუმცა, არანაკლები ხალხმრავლობა და დარღვევები იყო ბზობის დღესასწაულზეც. დღეს ზუსტად მე-10 დღეა ბზობიდან. ინფექციონისტთა შეფასებით, ნეგატიური პროგნოზი, რომ ბზობაზე დაფიქსირებული დარღვევბის გამო 7-10 დღეში ინფიცირებულთა რაოდენობის ნახტომისებრი ზრდა გვექნებოდა, არ გამართლდა და სტატისტიკა იმაზე დაბალია, ვიდრე ელოდნენ.

ბოლო რამდენიმე დღის სტატისტიკას თუ გადავხედოთ, მიუხედავად უამრავი დარღვევეისა, საქართველოს ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი აქვს. 21 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 408 შემთხვევაა დადასტურებული, 20 აპრილის მონაცემებით ინფიცირებულთა რაოდენობა 402 იყო, 19 აპრილის მონაცემებით კი - 394.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყანაში ინფიცირების უმნიშვნელო მატებაა.

„რაღაც განსაკუთრებული მატება ახლა რომ არ არის, ფაქტია. მნიშვნელოვანი მატება არ შეინიშნება," - თქვა ენდელაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აღნიშნავს, რომ ამ ათი დღის განმავლობაში არ ყოფილა ისეთი მატება, როგორსაც მედიკოსთა ნაწილი პროგნოზირებდა. თუმცა, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საბაბს და გასათვალისწინებელია ყველა რეკომენდაცია:

„თუკი ადამიანი დაინფიცირდა, ეს კლინიკურად 7-10 დღეში ვლინდება-ხოლმე. რადგან ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით 10 დღის თავზე არ გვაქვს ბევრი ახალი შემთხვევა, შეიძლება ითქვას, რომ იმ დარღვევების ფონზე, რაც ამ პერიოდში იყო, არ გამოუღია ცუდი შედეგი. თუმცა, ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და არ ნიშნავს, რომ სხვა შემთხვევაშიც ასე იქნება.

„რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულს, მეტ-ნაკლებად ცდილობდნენ ადამიანები, რომ დაეცვათ რეკომენდაციები, მაგრამ სრულფასოვნად დაცვა წარმოუდგენელია, როდესაც ხდება ხალხის შეკრება. ამის შედეგს 7-10 დღეში ვნახავთ. იმედს ვიტოვებ, რომ არც ამ შემთხვევაში მოხდება მნიშვნელოვანი მატება.

„ეს ყველაფერი მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულებს არ ეხება. ზოგადად, ოჯახებში შეკრება, სუფრა და სხვადასხვა ხალხმრავალი ღონისძიების ჩატარება არ არის რეკომენდირებული. ვიცი, რომ რთულია, მაგრამ საზოგადოებამ იგივე რეჟიმით უნდა გააგრძელონ სოციალური დისტანცირება, რათა შემდეგ ახალი შემთხვევების სწრაფი ზრდა არ მოხდეს," - აღნიშნა გოგინავამ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×