
საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას შესაძლოა, ქვეყანაში მოსახლეობის მხრიდან საპროტესტო ტალღა მოჰყვეს. თუკი აქამდე ხელისუფლების ყველა შეზღუდვას საზოგადოება გაგებით ეკიდებოდა, ახლა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდეს, მოსახლეობა განმარტებებს ითხოვს. სოციალურ ქსელებში უკვე იქმნება საპროტესტო პეტიციები, სადაც მოსახლეობა ხელისუფლების გადაწყვეტილების გაპროტესტებას იწყებს.
ასევე, მარნეულის 5 სოფლის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და გზა გადაკეტა. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ, რადგანაც მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ და ამბობენ, რომ შიმშილით სიკვდილი ელით. არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი პროტესტის ტალღა კახეთშიც დაიწყოს, რადგანაც რეგიონში მალე ხეხილისა და ბოსტნეულის აღების პერიოდი იწყება. გლეხები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მარწყვის პლანტაციები აქვთ და მაისში მისი დაკრეფის დრო მოდის, ამიტომაც საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება მათთვის უკიდურესი ზარალის ტოლფასია.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას არც ოპოზიცია ემხრობა და ამბობს, რომ ერთი თვის განმავლობაში მთავრობამ არანაირი ღონისძიება არ გაატარა, რათა კორონავირუსით დაინფიცირებულების ზუსტი სტატისტიკა გვქონოდა და არ აქვთ პასუხი, 22 მაისის შემდეგ რას აპირებენ. თუკი ციფრები არ შეიცვალა და არ მოხდა კორონავირუსით დაინფიცირების ზრდა, მაშინ რაშია საქმე და რატომ არ დადგა პიკური პერიოდის 2-3 კვირა. მათი თქმით, ერთი თვით კიდევ ასეთი შეზღუდვები მოსახლეობის შიმშილით სიკვდილს ნიშნავს და ისინი ამაზე პასუხისმგებლობას არ აიღებენ.
ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ეტაპობრივად დაწესებულ აკრძალვებს მოხსნის. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარიმის თანხა შემცირდა. 3 ათასი ლარის ნაცვლად კანონის დამრღვევი ფიზიკური პირი 2 ათასით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული 15 ათასის ნაცვლად 10 ათასით.
კახეთში კი ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეღავათები დაწესდა. თელავისა და გურჯაანის მერიების ინფორმაციით, 27 აპრილამდე, საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, რაც, მათი შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხო წესები (არაუმეტეს 3 პირი პირბადით). სხვა შემთხვევის დროს დაუკავშირდით თელავის მუნიციპალიტეტის მერიის „ცხელ ხაზს“.
პრეზიდენტმა კი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ყველა მონაცემიდან გამომდინარე, ამ სიტუაციის მართვისთვის აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება“. მისი თქმით, მთავარია, შიდა გავრცელების ზრდის ტემპი დარჩეს კონტროლქვეშ და ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს.
ოპოზიცია კი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ უჭერს. „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, აკრძალვები ადამიანებს ტანჯავს.
„ახლა ვილაპარაკოთ, რა არის სწორი და რა - არასწორი. ჩვენ სწორად არ მიგვაჩნია კომენდანტის საათი და მის საჭიროებას ვერ ვხსნით. არ მიგვაჩნია ასევე სწორად ავტომანქანების გადაადგილების აკრძალვა. ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, არის, რომ ეპიდემიას დავუპირისპირდეთ, მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის, დავტანჯოთ ადამიანები. გადაწყვეტილება, რომელიც ახლა იქნა მიღებული ავტომანქანების აკრძალვაზე, პირდაპირ კავშირშია ადამიანების ტანჯვასთან. ჩემი თხოვნაა, ნუ დავემსგავსებით მოდელირებული ქრონიკის ავტორებს. არ არის სწორი ეკონომიკის გაჩერება ამდენი ხნის განმავლობაში. ზიანი იქნება წარმოუდგენლად დიდი. ისედაც გაჭირვებული ხალხი აღმოჩნდება სიღატაკეში და მე ვერ ვხედავ, რომ არსებობს გეგმა, როგორ ამოვიყვანოთ სიღატაკიდან ჩვენი თანამოქალაქეები", - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კი ამბობს, რომ რეგულაციები აუცილებელია და ეს სპეკულაციის საგანი არ უნდა გახდეს.
„საქართველოში 400-ს გადააჭარბა დაინფიცირებულთა რაოდენობამ და აქედან, სამწუხაროდ, 5 მოქალაქე გარდაიცვალა. გაზრდილი ტესტირების რაოდენობის მიუხედავად, დაინფიცირებულთა რაოდენობა არ არის მატებადი, ანუ ნახტომისებური ზრდა არ შეინიშნება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური დინამიკის თვალსაზრისით, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ მივეცეთ კმაყოფილებას და რეგულაციები უცბად მოვხსნათ. მესმის, რომ ოპოზიციას ეჩქარება კრიტიკა, ვიდრე - საერთო სასურველი შედეგის დადგომა, მაგრამ მიუხედავად დადებითი დინამიკისა, რომელიც, საბედნიეროდ, განსხვავდება მთელი მსოფლიოს ეპიდსურათისაგან, სასიკეთოდ გამოიყურება ეპიდვითარება საქართველოში, მაგრამ სიმშვიდის საფუძველს ეს არ გვაძლევს“, - ამბობს ხუნდაძე.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოება ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი. შესაბამისად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა, მაგრამ ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ხელისუფლება სულ უფრო მეტად ოპერირებს არა მყარი აზრითა და ცივი გონებით, არამედ შიშით.
„მანქანების გადაადგილების შეზღუდვის გაგრძელება, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი უფრო დაბალია, ვიდრე ფეხით მოსიარულე ხალხის, რას ემსახურება, გაუგებარია. აღდგომის დღეებში ეს კიდევ გასაგები იყო, მაგრამ ახლა რატომ გაჩნდა მისი ძალაში დატოვების აუცილებლობა, არავინ აგვიხსნა. ეს უკვე ზედმეტ გადაზღვევას ჰგავს, რომელიც შიშით არის განპირობებული, ხოლო როდესაც ხელისუფლება შეშინებულია, ეს უკვე სიტუაციას სახიფათოს ქმნის. შიშს, ზოგადად, არამდგრადი მდგომარეობა განაპირობებს. რადგანაც გასდით, შეზღუდავენ. რაც შეეხება ეკონომიკურ გეგმას, ვნახოთ, დაველოდოთ პარასკევს, რას შემოგვთავაზებენ და ამაზე საუბარი შემდეგ კონკრეტულად შეგვიძლია. უკვე იმ კრიტიკულ წერტილში მივდივართ, როდესაც საზოგადოების ლოიალობა აგრესიაში გადავა“, - ამბობს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ როდესაც ერთი თვის წინ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ხალხი გრძნობდა იმ საფრთხეს, რომელიც ვირუსის გავრცელების შემთხვევაში ქვეყანას ემუქრებოდა. ამიტომაც ხელისუფლების გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდნენ. თუმცა ერთი თვის შემდეგ ზომების თანდათან გამკაცრებამ, ასევე დანაზოგისა და ყველანაირი სახსრის ამოწურვამ, მოსახლეობაში უკვე პროტესტის ტალღა წარმოქმნა. ადრე თუ ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებას უპირობოდ იღებდნენ, ახლა დამატებით კითხვები გაუჩნდათ, რომლებზეც ხელისუფლება პასუხს ვერ სცემს. რაც დრო გადის, მოსახლეობას ეკონომიურად სულ უფრო უჭირს, ამიტომაც რეგიონების მასშტაბით პატარა სოციალური აფეთქება და პროტესტის გამოხატვა შეიძლება, მოხდეს.
„მოსახლეობა თავდაპირველად ამ საგანგებო მდგომარეობას მისი ცხოვრების მიღმა ხედავდა, თუმცა როდესაც აკრძალვები გამკაცრდა და ეს უკვე ყველას შეეხო, პროტესტი გაიზარდა. ასევე ჩამოუყალიბებელმა პოზიციამ საპატრიარქოსთან და შერჩევითმა საგანგებო მდგომარეობამ საზოგადოება კიდევ უფრო გააღიზიანა. მოხდა ბაზრების დაკეტვა და პროდუქტების გაძვირება. გაუგაბარია, თუკი პროდუქტის მაღაზიის რიგში დგომა შეიძლება, მაგალითად, სხვა სამრეწველო ნივთების გაყიდვა რატომ არ შეიძლება?! ტრანსპორტით გადაადგილების სრულიად გაუგებარი აკრძალვა, რამაც მოსახლეობას დამატებით პრობლემები გაუჩინა. ასევე, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ულუკმაპუროდ დარჩენილი მოსახლეობის 80%, რომელსაც უკვე ყველანაირი საარსებო მარაგი და დანაზოგი ამოეწურა“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ხელისუფლებას აქამდე კრიზისული გეგმა არ აქვს, რომლითაც ხალხს დაეხმარება. ამიტომაც მისი გადაწყვეტილებები საზოგადოებაში უკვე უნდობლობას იწვევს. ძაბირაძე ამბობს, რომ გასაკვირია, როდესაც საფრანგეთი, იტალია, გერმანია და სხვა დიდი ქვეყნები, სადაც კორონავირუსიის გავრცელება უფრო მასშტაბურია, ვიდრე ჩვენთან, აკრძალვების მოხსნაზე ალაპარაკდნენ და ამბობენ, რომ ეკონომიკა ჩამოენგრევათ, ჩვენთან კი პირიქით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძლება გადაწყვიტეს.
„რისი იმედი გვაქვს? ისედაც განადგურებულ ქვეყანას უფრო დიდ ზიანს ვაყენებთ. ცოტა ხანში მოსავლის აღების პერიოდიც მოდის, ვნახეთ, მარნეულში უკვე საპროტესტო ტალღა დაიწყო. არ არის გამროიცხული, იგივე კახეთში მივიღოთ. ამიტომაც ამ ყვეაფერს უფრო მეტი ჩაღრმავება და გონივრული გადაწყვეტილებები სჭირდება“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან’.